საზოგადოებას ჯერ კიდევ დენის გადასახადზე ნაგვის მიბმა ვერ მოენელებინა, რომ ხელისუფლებამ ახალი გადასახადით გაგვახარა. ერთ მშვენიერ დღეს, მობილურ ტელეფონზე ყველას შეტყობინება დაეგზავნა: "01.01.2012-დან, მთავრობის N489 დადგენილებით, 112-ის საფასური - 20 (იურიდიული პირი 50) თეთრი დაგექვითებათ ანგარიშიდან, თუ თვის განმავლობაში ნომრიდან გახარჯული თანხა აღემატება 5 ლარს". აბონენტების უმრავლესობამ მესიჯის შინაარსი ვერ გაიგო, ზოგმა კი წაუკითხავად წაშალა, რადგან მორიგი სარეკლამო გზავნილი ეგონა, ასეთები ხომ ხშირად მოგვდის ტელეფონზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 112, სადაც საგანგებო სამსახურები უნდა გაერთიანდეს, ჯერ არ არსებობს, მაგრამ თვის ბოლოს აბონენტებს თანხა უკვე ჩამოგვეჭრა. პირადად მე, 30 იანვარს, დილას 11 საათზე შეტყობინება მომივიდა, რომ ანგარიშიდან 112-ის მომსახურების საფასური, 50 თეთრი დამექვითა. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, თავიდან მეგონა, რომ ყოველ ჩარიცხულ ხუთ ლარზე 20 თეთრი ჩამომეჭრა და ერთი თვის განმავლობაში 12.50 თეთრის ვისაუბრე, მაგრამ როდესაც გავარკვიე, თანამშრომლებს 20 თეთრი ჩამოეჭრათ, იმ მობილურ ქსელში დავრეკე, რომლის აბონენტიც ვარ. გოგონამ სასიამოვნო ხმით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არაფერ შუაში არ არის მთავრობის N489-ე დადგენილებასთან, ზრდილობიანად ამიხსნა, რომ 50 თეთრი მხოლოდ კორპორატიული მომსახურების მქონე იურიდიულ პირებს ჩამოეჭრებოდათ და მესიჯი ჩემს ნომერზე შეცდომით გამოიგზავნა, სინამდვილეში მხოლოდ 20 თეთრი დამექვითა. სამწუხაროდ, არ მახსოვს, მანამდე რამდენი მქონდა ანგარიშზე და ვერ გადავამოწმე, მართალი იყო თუ არა გოგონა, რომელსაც მრავალი გამწარებული აბონენტის დაწყნარება უწევდა.
ახალ გადასახადს ჯერჯერობით ისევ აპროტესტებენ სოციალურ ქსელებში, აპროტესტებენ ისე, როგორც თავის დროზე დენის გადასახადზე ნაგვის მიბმას, "მარშრუტკების" 30 თეთრით გაძვირებას, პრესის ჯიხურების აღებას, მაგრამ ერთი-ორი თვის შემდეგ ისევ ისე შევეჩვევით ამ ახალ გადასახადსაც, თან ზოგიერთის აზრით, თვეში 20 თეთრი ცოტა უხერხული გასაპროტესტებელია, როდესაც ნაგვის გადასახადს თვეში 65 ლარს იხდიან.
ახლა ვნახოთ, რა შემთხვევებში ისარგებლებთ 112-ის დახმარებით: ხანძრის დროს, სამაშველო დახმარების საჭიროებისას, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარებით სარგებლობისას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან დასაშვები ნორმებიდან გადახრის შემთხვევისას, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან წნევის ცვალებადობისას.
112-ის საფასურს არ გადაიხდიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
112-ის სამსახური მოქმედებას მაისის ბოლოდან დაიწყებს.
რადგან ოპოზიციის აზრი ისედაც ცნობილია, ისინი ყველა ახალ გადასახადს აპროტესტებენ და მთავრობის კრიტიკა მათი საქმეა, გადავწყვიტეთ, ამ თემაზე აზრი მოსახლეობისთვის გვეკითხა. ისინი ხომ პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების პოტენციური ამომრჩევლები არიან.
ირინკა, 26 წლის (უმუშევარი):
- თავი დაგვანებონ, ყველაფერს ხალხს გვახდევინებენ, ნაგვის გადასახადის არ იყოს და მერე იბრალებენ, ქვეყანა ჩვენ ავაშენეთო. ან ის მესიჯი რომ მომივიდა, საქართველოს კანონმდებლობით, N 489 მუხლით 20 თეთრი ჩამოგეჭრებათო, არ უნდა გვითხრან ნორმალურად, რა წერია იმ კანონში? ისედაც ათასი პრობლემა მაქვს. მინდა გითხრათ, რომ არც მიშისტი ვარ და არც ბიძინისტი და მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებიდან ბევრი მართლა მომწონს, მაგრამ ეს გადასახადების ზრდა დიდი უსამართლობაა. რცხვენოდეს ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა.
მაგდა, 32 წლის (ხელოვნებათმცოდნე):
- სამწუხაროდ, არაფერი მიკვირს და არც არაფერი მაშფოთებს. ჩვენი ქვეყანა მთავრობის ყველაზე აბსურდულ გადაწყვეტილებებს თავდახრილი ემორჩილება. 20 თეთრის მაგივრად 20 ლარიც რომ დაეწესებინათ, ხმას მაინც არავინ ამოიღებდა. ასე რომ, ხვალ-ზეგ თითოეულ ჩვენგანს 1 ლარიც რომ ჩამოგვეჭრას ანგარიშიდან იმისთვის, რომ ვარსებობთ, ჰაერს ვსუნთქავთ, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს. ჩემს ოჯახში ოთხი მობილური ტელეფონია და ერთიც ქალაქის ხაზი, ასე რომ, ჩემგან ყოველთვე ერთი ლარი მიაქვთ.
ლევანი, 33 წლის (ეკონომისტი):
- 20 თეთრი არ არის ის თანხა, რაზეც ამხელა განგაში უნდა ატეხილიყო. თუ რაიმეს თავი ჰქონდათ, დენის გადასახადზე ნაგვის მიბმა გაეპროტესტებინათ. რაც შეეხება 112-ის გადასახადს, მერე გაიგებენ ფასს, როცა საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოს ან სახანძრო მანქანას უფასოდ გამოიძახებენ და პრეზიდენტსაც მადლობას გადაუხდიან.
მერი, 37 წლის (მხატვარი):
- რა თქმა უნდა, არ მომწონს. ჩემი აზრით, ეს ნაგვის დენზე მიბმაზე აბსურდული გადასახადია. თუ ქველმოქმედებაა, პირდაპირ გვითხრან, ქართველების გულის აჩუყებას რა უნდა, იქნებ, მეტი გადავიხადოთ.
ლექსო, 29 წლის (კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი):
- რისთვის გვაჭრიან? ამას რა კითხვა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა დაფინანსება შეუწყვიტა და ყაჩაღობაზე გადავიდნენ, რომ როგორმე პოლიციასა და სპეცრაზმს მაინც გადაუხადონ ხელფასები. რა კითხვას მისვამთ, ძნელი მისახვედრია პასუხი?
ლალი, 52 წლის (დიასახლისი):
- ერთ დღეს მესიჯი მომივიდა, რომ ყოველთვიურად 20 თეთრს ჩამომაჭრიდნენ და ეს იქნებოდა 112-ის გადასახადი. 112-ზე დარეკვა გადავწყვიტე, რათა საქმის არსში გავრკვეულიყავი, მაგრამ არ დაირეკა. ოჯახში იმდენი ვიკამათეთ, რომ ბოლომდე ვერ გავიგეთ - ჩვენ ვართ დებილები თუ ისინი? მერე თანამშრომლებისგან გავიგე რა გადასახადზეც იყო საუბარი და დღემდე აღშფოთებული ვარ სახელმწიფო რეკეტით. მაინტერესებს, ვინ გააკონტროლებს ჩემს 20 თეთრს. ჩემი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება, სამი მობილური და ერთი ჩვეულებრივი ხაზის ტელეფონი გვაქვს. თვეში 1 ლარი მარტო ჩემი ოჯახიდან შევა. არც ეს 112 ვიცი რა არის, როგორც ვხვდები, როცა გამიჭირდება, მაშინ უნდა დავრეკო. თან 112-ის სამსახური არ არსებობს და მე უკვე ფულს მახდევინებენ და არც იმის მჯერა, რომ კარგი მომსახურება იქნება. სასწრაფო დახმარების ექიმები ამბობენ, რომ ერთი გამოძახება ადამიანზე 40 ლარი ჯდება, რას უკეთებენ ავადმყოფებს ამ თანხისას და რეალურად რა უჯდებათ პაციენტის მომსახურება?!..
ქეთი, 42 წლის (ექიმი):
- სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე და ასევე ფორუმის აქტიური წევრი ვარ. ხალხი აღშფოთებული იყო და მეც სამართლიანად აღვშფოთდი. როგორც წავიკითხე, გადაუდებელი გამოძახებები რომ დაფინანსდეს, ამიტომ გვაჭრიან 20 თეთრს და მაინტერესებს, მანამდე რა ჯდებოდა ეს გამოძახება? რამდენი აბონენტია და რა თანხა შევა ამ გადასახადით. გვეუბნებიან, რომ 112-ის გამოძახება უფასოა, მაგრამ ფასიანია, ლოგიკა ამიხსნას ვინმემ. თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაშინ გვითხრან, თორემ 20 თეთრზე კი არ არის საუბარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება, ტელეფონზე შემთხვევით ზარი გაგეშვას და 20 თეთრზე მეტი შენდა უნებურად დახარჯო. არ გამახსენოთ დენისა და ნაგვის მიბმა, რომელსაც მიშისტები დღემდე "აპრავებენ" და ახლა მაინტერესებს, ამჯერად რაზე რის მიბმას აპირებენ და მართლა ცხვირზე მრიცხველებს დაგვიყენებენ, რომ გვაიძულონ, სუნთქვა შევიკავოთ და ერთ დღეს ამოვწყდეთ?..
ლელა, 36 წლის (ფსიქოლოგი):
- იმდენ გადასახადს ვუხდი ამ გამომძალველებს, ეს 20 თეთრი იმასთან რა მოსატანია, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ერთად კოლოსალურ თანხებამდე მიდის, მართლა პირიდან ლუკმას გვაცლიან. რომ გავიგე ეს ამბავი, ვეცადე დამერეკა და აეხსნათ დაწვრილებით, რა ხდებოდა, მაგრამ ქართული ცხელი ხაზების ამბავი ხომ იცით, ვერასდროს დარეკავ, ან ერთსაათიანი ლოდინის მერე აღარც ძალა გაქვს რაიმეს შეკითხვის და გავიწყდება კიდეც, რა გინდოდა. მინდოდა მეთქვა, თუ ჭრიან, ის მაინც დაარეგულირონ, რომ თანხის ჩარიცხვის დროს მოხდეს ეგ. თორემ წინა დღეს ბოლო 20 თეთრი მქონდა დარჩენილი, თან კრედიტით აღებული თანხიდან და ის ჩამომაჭრეს, ეგ არა მგონია, ნორმალური იყოს. დავრჩი ისე, რომ ზარის გასაშვებიც აღარ დამრჩა და ხომ მოგეხსენებათ, რა თბილ სიტყვებს შევუთვლიდი ამეების მომგონ-შემსრულებლებს?!
ნანა, 44 წლის (ეკონომისტი):
- ორი დღის წინ 20 თეთრი ქურდულად და ბანდიტურად ჩამომაჭრა ამ ხელისუფლებამ, ამაზე ვიყავი ჯერ გაგულისებული და არ მქონდა მონელებული, რომ გავიხედე და კიდევ 20 თეთრის ჩამოჭრის შესახებ მომივიდა მესიჯი. ვიფიქრე, ესენი უკვე მართლა ალაოდ არიან-მეთქი და "ჩამოვჩოთქე", ეტყობა, სულ გააფრინა ამ სააკაშვილის მთავრობამ და გადაწყვიტეს, ყოველ ჩარიცხულ ხუთ ლარზე მაფიოზებივით ფული შეგვაწერონ-მეთქი, მაგრამ ზუსტად რამდენიმე საათში მომივიდა სხვა მესიჯი, დიდი ბოდიშიო, ესაო, ისაო, 20 თეთრი დაგიბრუნეთ ანგარიშზეო. არ იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ შეცდომით დაგექვითათო. ამათ მართლა ხომ არ უნდათ, რომ იქ მივუვარდე, პარლამენტთან?
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)