სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაიზარდა, მაგრამ ამჯერად ეს მხოლოდ იმ ხაზებს შეეხო, რომლითაც მგზავრობა აქამდე 60 თეთრი ღირდა. თუმცა, როგორც მძღოლები ამბობენ, გამორიცხული არ არის, სამომავლოდ ტარიფი ყველა მოკლე ხაზზე გაიზარდოს, გრძელი ხაზებით გადაადგილება კი ერთი ლარი გახდეს. მგზავრობის ერთ ლარამდე გაზრდას არ გამორიცხავს საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატების წევრი, ჯაბა სამუშია და ამის მიზეზად, აღნიშნული ბიზნესის სრულად მონოპოლიზებას ასახელებს.
გუშინ დილით #120, #170 და #176 სამარშრუტო ხაზებზე მგზავრობის საფასური 20 თეთრით გაძვირდა და 80 თეთრი გახდა. როგორც #120 სამარშრუტო ხაზის მძღოლებმა განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ფასის გათანაბრების მიზნით მიიღეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მარშრუტებზე სხვა მარშუტებთან შედარებით ფასი ყოფელთვის ნაკლები იყო.
აღნიშნულ ხაზებზე მგზავრობის ტარიფის გაზრდას კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსში” სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.
”დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით არსებულ ხაზებს, ვინაიდან აღნიშნული მარშრუტები მაგისტრალურია, მიკროავტობუსებს, რომლებიც ამ ხაზებზე მუშაობენ, დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ. რიგ შემთხვევაში, ამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ვერ ფარავენ ხარჯს, სწორედ ამ მიზნით მოხდა მხოლოდ რამდენიმე ხაზზე ტარიფის გადახედვა”, - განუცხადეს ”რეზონანსს” კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსში”.
თუმცა, გაძვირება ამით არ დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, როგორც მძღოლები ამბობენ, მალე ყველა მოკლე ხაზზე ტარიფი მოიმატებს, გრძელ ხაზებზე მოძრავ ”მარშრუტკებზე” კი ტარიფი 1 ლარამდე გაიზრდება.
ელზა წიკლაური