ერთკაციანი პარტიების პოლიტიკური სისტემა - საქართველოში 219 პარტიაა დარეგისტრირებული

ერთკაციანი პარტიების პოლიტიკური სისტემა - საქართველოში 219 პარტიაა დარეგისტრირებული

1997 წლიდან დღემდე, ანუ 14 წლის მანძილზე იუსტიციის სამინისტრომ 219 პარტია დაარეგისტრირა. თუმცა ქართული ”პოლიტიკური პალიტრა” არც ისეთი მდიდარი და ჭრელია, როგორც ქაღალდზე. 

ეს პარტიები თუნდაც ერთკაციანი რომ იყოს, მინიმუმ 219 პოლიტიკური ლიდერის ხმა მჭექარედ თუ არა, "მისუსტებული კნავილით" მაინც უნდა ისმოდეს. ამისთვის კი საჯარო რეესტრის ფარატინა ფურცელზე რეგისტრაციის მოწმობა არ კმარა.

"რეალისტთა კავშირი", "საქართველოს ბედი", "საქართველოს სამეფო ლიგა", "ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პარტია", "საქართველოს ფარი" "საქართველო უპირველეს ყოვლისა - ენა, მამული, სარწმუნოება", "წინ საქართველოვ, დავითის გზით"... და კიდევ ორი ასეული პოლიტიკური ორგანიზაცია. მათ შესახებ, ალბათ, მხოლოდ რეესტრის იმ თანამშრომლებს თუ სმენიათ, რომლებმაც ისინი პარტიებად დაარეგისტრირეს.

რატომ გაუჩნდათ პარტიის შექმნის სურვილი და რატომ ვერ თქვეს ქართულ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვა? - "ამბები.გე"  რამდენიმე პარტიის ლიდერს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ანზორ აბრალავაა. პარტია "სოლიდარობა" პოლიტიკური წარმატების იმედით, 2006 წელს დააფუძნა, თუმცა, ამომრჩეველთა მხარდაჭერას ამ დრომდე ელოდება. ხალხზე ნაწყენია, რადგან ფიქრობს, რომ პარტიის დაბალი ცნობადობა სწორედ ხალხის მენტალიტეტის ბრალია.

"საზოგადოების მენტალური პრობლემაა ის, რომ მას არ აინტერესებს ფუნდამენტური საკითხები, რაც ერისთვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს აბრალავა, რომელმაც "ფუნდამენტური და ერისთვის მნიშვნელოვანი საკითხები" ქვეყნის განვითარების საკუთარ კონცეფციაში წლების წინ მოაქცია, თუმცა ახლა თაროზე შემოდებულ დოკუმენტს მტვერი ედება.

არშემდგარი პოლიტიკოსი პოლიტიკურ ლიდერებსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ვერ ჩამოყალიბდნენ.

"სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები ვერ ჩამოყალიბდნენ, და მცირე გამონაკლისის გარდა, პოლიტინტრიგანები მივიღეთ. პოლიტიკაში ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებსაც ხედვა და კარგი აზროვნების უნარი გააჩნიათ. მოქმედ პოლიტიკოსებს კი არც ერთი აქვთ და არც - მეორე. არანაირი კონცეფცია არ არსებობს", - აცხადებს "სოლიდარობის" ლიდერი.

საკუთარი პარტიის ერთადერთი წევრია ქართლოს ღარიბაშვილი. ერთ დროს პოპულარული ადვოკატი, ახლა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუშაობს და სამუშაო ოფისში ცხოვრობს. პარტია "საქართველოს ადვოკატები" ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს დაარეგისტრირა. თავიდან წევრებიც ჰყავდა, მხარდამჭერებიც და პარტიული ატრიბუტიკაც ჰქონდა, თუმცა, ახლა თავმჯდომარეც და წევრიც თავადაა, მის "საცხოვრებელ ოფისში" კი სიმბოლურად ერთი "პლაკატიც" არ მოიძებნება.

"100 ათასი პლაკატი მქონდა. მას ორი სლოგანი გასდევდა - "საჭიროა ლეგალური ცხოვრება" და "საქართველო კორუფციის გარეშე". სხვათაშორის, მაშინ ქვეყანაში მარტო ორი პროგრამა არსებობდა - შევარდნაძის და ჩემი. მიხეილ სააკაშვილის გუნდი ახლა ჩემ პროგრამას ახორციელებს - ქვეყანა ლეგალურადაც ცხოვრობს და კორუფციის გარეშეც. ამიტომაც არ ვამბობ ხოლმე სააკაშვილზე ცუდს", - აცხადებს ქართლოს ღარიბაშვილი.

სააკაშვილზე "ცუდს არ ამბობს", მაგრამ მის კონკურენტობას აპირებს. პრეზიდენტობის სამგზის ყოფილი კანდიდატი ძალების მოსინჯვას 2013 წლის არჩევნებშიც გეგმავს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის გადარჩენის გზა სწორედ მის გაპრეზიდენტებაშია. "საქართველო ჩემ პრეზიდენტობას ვერ ასცდება. მაინც მოუწევს ჩემი არჩევა", - ამბობს ღარიბაშვილი და იმისთვის, რომ მის ნათქვამში ეჭვი არავის შეეპაროს, დასძენს, რომ "ნასვამი არაა".

200-ზე მეტი პარტია და ექსპერტები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ საქართველოში მხოლოდ ერთპარტიული სისტემაა. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განმარტება მარტივია - რაოდენობის მიუხედავად, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ძალა მაინც ერთია.

"ერთპარტიულ სისიტემად მოიაზრება ცნება, რომელიც ამა თუ იმ პარტიის მმართველობით ფუნქციას გულისხმობს, ანუ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი პარტიაა. ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, იმის გამო, რომ 219 პარტიაა, არ იზრდება. რეალობა ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალაუფლების უზურპატორია და არც სხვა პარტიების და არც მთლიანად საზოგადოების ხედვა არ აინტერესებს", - განუცხადა "ამბები.გე"-ს სოსო ცისკარიშვილმა.

"საქართველოში მრავალპარტიული სისტემა მოქმედებს", - პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაცია "ვიკიპედიაში" ამ ფორმულირებითაა განსაზღვრული. ვერ მიედავები, თუმცა დამატებითი ინფორმაციის სახით, ერთი ჩანაწერის გაკეთება შეიძლებოდა - პოლიტიკური მოძრაობების უმეტესობა უოფისო, ურესურსო და უწევროა. მათთან დაკავშირებისას, "ამბები.გე"-მ ისიც აღმოაჩინა, რომ პარტიების ოფისის ტელეფონის ნომრები დავალიანების გამო გამორთულია.

ლელა ბაღდავაძე

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა