ჩაინიკა: "ცოლს ისე მოვეწონე, ლამის ცოლად მომიყვანა"

 ჩაინიკა: "ცოლს ისე მოვეწონე, ლამის ცოლად მომიყვანა"

"კომედი ჯგუფის" მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ლევან გოგორელიანმა, იმავე - ფაქომ და კობა ბარათელმა მაია კაჭკაჭიშვილსა და რეპერი ძვალის გარემიქსებული "თბილისო"კიდევ უფრო გაარემიქსეს და საინტერესო ტექსტით შემოგვთავაზეს. "უნიკალურია და საოცარია ჩვენი თბილისითი,/ აქ ყოველ მეორეს აქვს სასჯელად პირობითი;/ გვიხდება განათებული თბილისის ქუჩები,/ სვეცკობა, გოგოების მოპრუწული ტუჩები", - ასეთი სახალისო ფრაზა უხვად იყო გაშარჟებულ სიმღერაში. აქვე უნდა ითქვას, რომ გრძელი ბრჭყვიალა კაბითა და ქერა თმით, ჩაინიკამ არაერთი მამაკაცის გული მოიგო.

- ორიგინალური დუეტი შესთავაზეთ მაყურებელს... როგორ დაიბადა ამ ნომრის შექმნის იდეა?

ჩაინიკა:

- თავიდან ჩვენი იდეა "ჟორდანიაში" "წავიყვანეთ", მაგრამ იქ ადგილი არ იყო და ბოლოს, "ჩაჩავაში" დაიბადა.

ფაქო:

- იდეა ვახო ბიჭიკაშვილს ეკუთვნის. უბრალოდ, უნდოდა სხვანაირად გაგვეკეთებინა - სპეცეფექტებით, უფრო მიმსგავსებული კლიპთან, მაგრამ ვერ მოხერხდა.

- პერსონაჟები ვინ შეარჩია?

ფაქო:

- რად უნდოდა მაგას შერჩევა?!

- რატომ, ჩაინიკას დანახვისთანავე მაია კაჭკაჭიშვილი გახსენდება?

ჩაინიკა:

- (იცინიან) არა, მაიას არ ვგავარ, მაგრამ ჩემში არის რაღაც ქალური ანუ - ჩემს ორგანიზმში ქალური ჰორმონების სიჭარბე შეინიშნება.

- ეს ექიმმა გითხრა თუ...

- (მაწყვეტინებს) არა, ექიმს მე ვუთხარი.

- აქამდე თუ გითამაშია ქალის როლი?

- სულ მინდოდა, დეზდემონა მეთამაშა, მაგრამ საამისოდ დრო არასდროს მქონდა. თან, ეს ოტელოც არ მომწონდა და ხელი ჩავიქნიე.

ფაქო:

- ჩაინიკას "შავი" კაცები არ უყვარს.

- ფაქო, რეპის შესრულება გამოგდის...

- კი, რეპის "კეთება" მიყვარს. ახალი წლის დღეებში იმდენი გავრეპე, რომ ახლა ვფიქრობ, - ამ საქმეს სერიოზულად ხომ არ მოვკიდო ხელი-მეთქი?! აშკარაა, რომ გამომდის. თან, დღეს ქართული რეპი ცუდ ტონად აღარ მიიჩნევა. რისი და ვისი დამსახურებაა, არ ვიცი, მაგრამ ეს ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა.

- საინტერესოა, ქართველი რეპერებიდან ვის უსმენ?

- თვალს ვადევნებ ყველას... რომ ამბობენ, - ქართულ ენას რეპი არ უხდებაო, - არ ვეთანხმები. დიდი მნიშვნელობა აქვს რიტმს. თუ ყველაფერს სწორად გათვლი, აუცილებლად მოუხდება.

- კობა, მშვენივრად მოირგე გრძელი კაბა, ქერა თმა, მაგრამ ხმას რა მოუხერხე? დამეთანხმე, რთულია კაცმა მაია კაჭკაჭიშვილივით იმღეროს...

- ხმა ბოტოქსით დავიწვრილე...

- ეს ტექნოლოგიაც შემოვიდა საქართველოში?

- კი, ბოტოქსი ყოვლისშემძლეა. სხვათა შორის, შემდეგ ისევ ამ მეთოდით დავიბრუნე მშობლიური ხმა.

- ძალიან მოგიხდა ღია ფერის თმა. მეუღლემ რა გითხრა, ასეთ ფორმაში რომ გნახა?

- წინა ცხოვრებაში "ბლანდინკა"ვიყავი... ჩემს ცოლს ისე მოვეწონე, ლამის ცოლად მომიყვანა (იცინის).

- სიმღერის ტექსტი ვის ეკუთვნის?

ფაქო:

- ჩემი დაწერილია. "შენ გიმღერი, ჩემო თბილის-ქალაქო,/ რაფერ მომნატრებიხარ,/ ჩამოსულებზე როგორ გელაპარაკო,/ თვითონ ჩამოსული ვარ".

ჩაინიკა:

- ტექსტს აშკარად ეტყობოდა, ფაქოს დაწერილი რომ იყო. ეგ ტექსტი მე რომ დამეწერა, იქნებოდა: "რამფერ მომნატრებიხარ".

- რატომ?

- იმიტომ, რომ "რამფერს" ამბობს ნაღდი ჩამოსული, "რაფერს" კი ის, ვინც ჩამოსულობას იბრალებს. თბილისელებს ხომ ევასებათ ჩამოსულები და თავადაც მათნაირად ლაპარაკობენ.

- ე.ი. ფაქო ჩამოსული არ არის?

- არა, ეს ჩამოთრეულია (იცინიან)... სახალისო კიდევ ის იყო, რომ ფაქოს ტექსტს ვერ ვიმახსოვრებდი და შესაბამისად, არ ვიცოდი, მე როდის უნდა გავსულიყავი სცენაზე. ამიტომ კულისებში ამიკო ჩემ უკან იდგა და ჩემი გასვლის დრო დადგებოდა თუ არა, ხელს მკრავდა ხოლმე.

- ქალად გარდაქმნილ ჩაინიკას ხალხი როგორ შეგხვდა?

- პირველივე კონცერტის მერე, სამმა კაცმა მომწერა, - ამ საღამოს რას აკეთებო?..

ფაქო:

- ტექსტში იყო ასეთი ფრაზა: "ზამთარში ჩაწეული ფანჯრები,/ მუსიკა ხმამაღალზე, ქალიშვილი ნაშები". ეს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც თბილისში ქალიშვილ "ნაშებს" ბევრგან შეხვდებით.

- ასეთ "ნაშებთან" ურთიერთობა გქონია?

- აბა, რა და სწორედ აქედან გამომდინარე დავწერე ეს ტექსტიც.

- კობა, ერთ-ერთ სკეტჩში მოსამართლის მანტიაც მშვენივრად მოირგე...

- ჰო. კარგი ყოფილა ეს კაბები, რა. შარვალი არ გჭირდება, არც - "პატიაშკები", გადაიცვი და დამთავრდა! ახლა იმასაც კი ვფიქრობ, შოტლანდიელი მაინც ვყოფილიყავი-მეთქი.

- ძალიან ბრაზიანი მოსამართლე იყავი. რატომ გააგდე შენი ხელქვეითი ფაქო სასამართლო დარბაზიდან?

- ისე, სიმართლე გითხრა, ეს გათვალისწინებული არ იყო. უბრალოდ, იმ დღეს ფაქოზე გაბრაზებული ვიყავი - ხაჭაპური არ მომიტეხა და...

ფაქო:

- ჰა, ჰა, ახლა "ნამიოკებს" არა ვართ, რა. იცის, ხაჭაპური რომ მაქვს ოთახში და...

- კობა, შენ ხაჭაპურს ჭამ? ხომ თქვი, - დიეტაზე ვარო?

ფაქო:

- დიეტურ ხაჭაპურს გეახლებათ.

ჩაინიკა:

- ენდოკრინოლოგმა დამინიშნა დიეტა, სადაც წერია, რომ ხანდახან, პურის ნაცვლად შემიძლია ხაჭაპური ვჭამო. სიტყვაში - "ხანდახან"იგულისხმება ის დღე, როცა ფაქო ოთახში ხაჭაპურს ინახავს.

ფაქო:

- მე 62 კილოგრამი ვარ და მაქსიმუმ, 64-მდე ავიდე, მეტს აღარ მოვიმატებ. აი, ასე, კობა, გასკდი გულზეეე (ღიღინებს).

ჩაინიკა:

- ასაკითაც და წონითაც ორი ამხელა ვარ.

- კობა, ეს რა საშინელი განაჩენი გამოუტანე ვასოს: თათია "სვაბოდაზე"რომ დატოვე. ხომ არის შანსი, რომ ის კაცი კიდევ მოიტაცოს?

- ნეტავ ქალმა მომიტაცოს და იმას როგორ დავაჭერინებ? ახლა მე ანჯელინა ჯოლიმ რომ მომიტაცოს, ვუჩივლო?..

ფაქო:

- ანჯელინას კი უნდა უჩივლო, ფულს გააკეთებ. კობა, კომერციულად უნდა იფიქრო.

- რაღა ანჯელინა ჯოლი გაგახსენდა, ქართველი მსახიობები არ მოგწონს?

- ქართველი მსახიობის ქმარი მინდა მერე მე?!

- თუ გქონიათ შემთხვევა, რომ რომელიმე როლი არ მოგწონებოდათ და გაგეპროტესტებინათ?

ფაქო:

- კი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ როლს სხვა უკეთ მოირგებს. ასეთ შემთხვევაში ან უარს ამბობ როლზე, ან მასში რაღაც შენებური შეგაქვს იმისთვის, რომ უკეთ მოირგო.

- ზალიკო ზინგერის როლი როგორ მოირგე?

- ზალიკო ზინგერი ანუ ვეფხია თავიდან ბოლომდე ჩემი მოფიქრებულია. ის ჩემია, ჩემში ზის (იცინის).

- თქვენთან ყოველთვის დიდი მხიარულებაა. ალბათ ერთმანეთს ხშირად აშაყირებთ. საინტერესოა, რის გამო დასცინით, მაგალითად, ჩაინიკას?

კობა:

- დიეტას რომ ვარღვევ, იმის გამო მაშაყირებენ.

ფაქო:

- ჩაინიკას დიეტა სამსაათიანია. შესვენებამდე ანუ იმ დრომდე "ქაჩავს", ვიდრე სასადილოში გავალთ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ნებისყოფა აქვს. ერთხელ მიშა ანდღულაძეს დაენაძლევა, - 8 საათი სიგარეტს არ მოვწევო და მოიგო.

ჩაინიკა:

- საქმე ის არის, რომ დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწევი - ეს სანამ გავიღვიძებ, და რომ გავიღვიძებ, მერე კიდევ ოთხი მჭირდება. კიდევ იმის გამო მაშაყირებენ, რომ ადვილად ვენდობი ყველას. ერთხელ ოთო ლომთაძემ მაგარი რაღაც გამიჩალიჩა: ერთ-ერთ სოციალურ საიტზე გოგოს სახელით გამეცნო. შევყევი "ამ გოგოსთან"ლაპარაკს და ბოლოს, "კომედი შოუს"ჩაწერაზე დავპატიჟე. მოვიდა ჩაწერის დღე და მწერს, - ოთხი მოსაწვევი მჭირდება, გოგონებთან ერთად მოვდივარო. არადა, თითო მონაწილეს ორ-ორ მოსაწვევს გვაძლევდნენ. დავიწყე ბიჭებში სირბილი, - არიქა, მიშველეთ, გოგო მომყავს და ზედმეტი მოსაწვევი ხომ არავის გაქვთ-მეთქი? როგორც იქნა, ვიშოვე. ცოტა ხანში ისევ მწერს: ექვსნი ვიქნებითო. კიდევ ჩამოვიარე და ვიშოვე ორი მოსაწვევი. ასე, ნელ-ნელა თორმეტ მოსაწვევამდე ავედი. კი ამასხა სისხლმა, მაგრამ იმდენად მაინტერესებდა, ვინ იყო, რომ... თან - რაღაცას ვეჭვობდი კიდეც და ვამბობდი: ნამდვილად ვიღაც მეკაიფება-მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, დადგა ნანატრი შეხვედრის დრო. მაშინ ოფისი "პირველი არხის"უკან გვქონდა. მომწერა, - აგერ ვარ, ტელევიზიის წინო. გავედი დასახვედრად და რას ვხედავ, ჩვენი 12 იუმორისტი მამაკაცი დგას და მიღიმის, მათ კი ოთო ლომთაძე მოუძღვება. - მე ვარ, სალიო, - მითხრა და ატეხეს სიცილი.

- როგორ გადაგირჩნენ?

ფაქო:

- თორმეტნი იყვნენ.

ჩაინიკა:

- კი იყვნენ თორმეტნი, მაგრამ გინება ვიცი ისეთი, თორმეტ კაცს კი არა, თემურ-ლენგის არმიას დავამარცხებ!

ფაქო:

- მე ძალიან ფრთხილი ვარ და ამიტომაც, თავად ვიბარებ გოგონებს და მერე არ მივდივარ. ერთხელ, 16 წლის ასაკში, მე და ჩემმა ძმაკაცმა გოგონები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დავიბარეთ. სხვათა შორის, მეც ხუთი გოგო დავიბარე და იმანაც. რომ მივედით, ვყვიროდით: აბა, დიმასი რომლები ხართ და ლევანისი - რომლები-თქო? მოკლედ, მაგრად გავერთეთ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"