შვილის მკვლელობა კეთილდღეობის სანაცვლოდ?!

შვილის მკვლელობა კეთილდღეობის სანაცვლოდ?!

საქართველოში იმ ქალთა ასაკი, რომლებიც ექიმს აბორტის გასაკეთებლად მიმართავენ, ძალიან გაახალგაზრდავდა - აბორტს 14-16 წლის მოზარდებიც კი იკეთებენ.

ყველაზე სავალალო ის არის, რომ ახალგაზრდა გოგონების 50-60% პირველი აბორტის შედეგად უშვილო რჩება. აბორტს ხშირად იკეთებენ დაოჯახებული ქალები, რომლებიც ამ ნაბიჯს მძიმე სოციალური პირობებით ხსნიან. არადა, საქართველოში დემოგრაფიული ვითარება მძიმეა, რადგან ბევრი ოჯახი ერთ შვილზე მეტს არ აჩენს. როგორ შეიძლება ამ უმძიმესი პრობლემის დაძლევა? აი, რა გვითხრეს ჩვენმა რესპონდენტებმა:

ნინო სხირტლაძე, ფსიქოლოგი: - აბორტის მიზეზების ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა შეუძლებელია: ზოგჯერ ქალის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება ფინანსური პრობლემებით არის გამოწვეული, ზოგჯერ - სხვა მიზეზით. მატერიალური სიდუხჭირე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი, გადამწყვეტი ფაქტორი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. რაც შეეხება მოზარდებში აბორტის გახშირებას, ეს იმით აიხსნება, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. სასურველია, რომ ამ საკითხზე სწორედ მშობელმა მიაწოდოს ინფორმაცია შვილს მისი ასაკისა და ხასიათის თავისებურების გათვალისწინებით.

სხვათა შორის, აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა, რას განიცდის ქალი აბორტის შემდეგ. როგორც ამ კვლევამ აჩვენა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ქალი იმ შემთხვევაში ვარდება, როდესაც მას სოციალური გარემო აიძულებს, ნაყოფი მოიშოროს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფს აღმოაჩნდება გენეტიკური ანომალია და ქალი იძულებული ხდება, ნაყოფი მოიშოროს. მოზარდებს, ალბათ, სწორედ სოციალური გარემო აიძულებს, ეს ნაბიჯი გადადგან. 

დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი: - პირველ რიგში, უნდა გაგახსენოთ მცნება: "არა კაც ჰკლა!" ეს ცნება არ გულისხმობს მხოლოდ ზრდასრულ ადამიანს, გულისხმობს ყველას და მათ შორის მუცლადმყოფი შვილიც იგულისხმება, რადგან მას ჩასახვისთანავე ეძლევა სული და როდესაც ქალი აბორტს იკეთებს, საკუთარ შვილს კლავს. ხშირად თავს იმართლებენ, სიდუხჭირის გამო ვერ ვაჩენთ შვილსო, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ყველაზე ცოტა ბავშვი სწორედ შეძლებულ ოჯახებში ჰყავთ, თუმცა, ზოგიერთ მდიდარ ოჯახშიც ხვდებიან, რომ მრავალი შვილი ოჯახის ბედნიერება და ღვთის დიდი წყალობაა. სასტიკად სცოდავს ექიმიც, რომელიც აბორტს აკეთებს, სცოდავს ყველა, ვინც ქალი წააქეზა, შვილი მოეკლა. შვილის მკვლელობის ხარჯზე ამქვეყნიური კეთილდღეობის მოპოვება არავის ეპატიება და უფალი ამის გამო აუცილებლად პასუხს მოსთხოვს ყველას. როგორ შეიძლება მსგავს განსაცდელს თავი ავარიდოთ? - ეკლესიას ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვს:

თუ ადამიანი ბავშვობიდანვე ეკლესიაში დადის და უფლის კანონების მიხედვით ცხოვრობს, ასეთ დიდ ცოდვას აუცილებლად აირიდებს თავიდან. ჩვენ კი რა გვინდა - წმინდა წერილი გვერდზე გადავდოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც მოგვესურვება?! 13-14 წლის ბავშვი ისედაც აღგზნებულ მდგომარეობაშია და ყოველდღე რომ აჩვენებ უხამს კადრებს ტელეეკრანიდან, უარეს დღეში არ ჩავარდება? თუ არასასურველი ინფორმაციით მოუწამლავ გულსა და გონებას, რა თქმა უნდა, მისი ცხოვრებაც არასასურველი გზით წავა. ამიტომაც არის, რომ მოზარდები აბორტებსაც იკეთებენ და ათასნაირ სისულელეს სჩადიან. და კიდევ - ქალი, რომელიც აბორტის შედეგად იღუპება, კაცისკვლის მომენტში იღუპება და ვერ ცხონდება. თუ სულს წარიწყმედს, რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას ამ წუთისოფელში? ძველ აღთქმაში სიტყვასიტყვით წერია: "უკეთუ მოიქცეთ და ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქუეყანისასა სჭამდეთ, უკეთუ არა მოიქცეთ და არ ისმინოთ ჩემი, მახვილმა შეგჭამოთ!"

ლადო კახაძე, ექიმი: - მე უნდა დავეყრდნო იმ სტატისტიკას, რომელსაც ოფიციოზი გვაწვდის - 30 ათასი აბორტი წელიწადში ჩვენისთანა მცირე ერისათვის კოლოსალური რაოდენობაა. გამოდის, რომ ორჯერ მეტი აბორტი კეთდება, ვიდრე ბავშვი იბადება. აბორტი თავისთავად ნიშნავს უარყოფას, კვდომას, განადგურებას, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელია დედის გადასარჩენად. როდესაც აბორტი დედის სიცოცხლის გადასარჩენად კეთდება, ეს რა თქმა უნდა, გასაგებია, რაც შეეხება ხელოვნურ აბორტს, ამის წინააღმდეგია ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი.... საქართველოს ოდითგანვე უამრავი მტერი ჰყავდა, მაგრამ ერი მაინც მრავლდებოდა, დღესაც უნდა გავმრავლდეთ, რადგან ეს ჩვენი ერის, ეთნოკულტურის გადარჩენას, ჩვენი გვარების, ჩვენი წინაპრების სულების გადარჩენას ნიშნავს. ყოველთვის ვამბობ: ჩვენ არ ვიცით, ვინ იბადება - იქნებ სწორედ ის, რომელმაც დედ-მამა და ოჯახი გაჭირვებისგან უნდა იხსნას? იქნებ ის ამ ოჯახს მხსნელად მოევლინოს, შეიძლება დიდი მეცნიერი, დიდი ხელოვანი და მოღვაწე გაიზარდოს, სიცოცხლეს რატომ ვართმევთ?! მოკლედ, ჩვენ არ ვიცით, რას ვეღობებით წინ.

ჩნდება კითხვა - როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ უბედურებისაგან? - ამას სჭირდება ოჯახსა და სკოლაში გაზრდა, ეკლესიაში ხშირად სიარული და სწორი აღზრდა. როდესაც წამოიზრდებიან, ჩვენს შვილებს აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ აბორტი ქალის ჯანმრთელობას ვნებს, იწვევს ნაადრევ დაბერებას, საკვერცხის კვდომას და ათასგვარ პათოლოგიას... ეს მათრახითა და გაკიცხვით ვერ მიიღწევა, ამიტომ მეცნიერება, განათლება, მედიცინა, ჟურნალისტიკა ერთხმად უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარების საქმეში. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენი წინაპრებიც საკმაოდ ადრე ქორწინდებოდნენ, ხშირად 14-15 წლისა - ერი რომ გამრავლებულიყო. თუ შვილის გაჩენა არ გვინდა და მხოლოდ ვნების დაკმაყოფილებაზე ვფიქრობთ, რაც შემდეგ აბორტით უნდა დასრულდეს, ეს, რასაკვირველია, ცოდვიანი ნაბიჯია და ამ ცოდვისაგან უნდა დავიცვათ ჩვენი შთამომავლობა. მარტო იმის თქმა, რომ აბორტი უბედურებაა, შედეგს ვერ მოიტანს. ამაზე უნდა იზრუნოს უფროსმა თაობამ ოჯახთან, ეკლესიასთან და მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული პროცესები მიმდინარეობს, რომლის გამოც შეიძლება ქართველები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაშიც კი აღმოვჩნდეთ.

ცნობისათვის

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წლის განმავლობაში 100 ათასამდე აბორტი კეთდება, ხოლო ოფიციალურ წყაროებს თუ დავუჯერებთ - 30 ათასამდე. ასეთ განსხვავებას რეალურ და ოფიციალურ მონაცემებს შორის არარეგისტრირებული აბორტების დიდი რაოდენობა იწვევს. სპეციალისტთა აზრით, 4,5-მილიონიან ქვეყანაში წელიწადში 30 ათასი აბორტი ძალიან ბევრია. შედარებისთვის: 16-მილიონიან ჰოლანდიაში მხოლოდ 1000 აბორტი კეთდება. ცნობილია, რომ აბორტის შედეგად მსოფლიოში დაახლოებით 70 ათასი ქალი იღუპება.

საქართველოში ყოველ 10 ათას ქალზე 2075 აბორტი მოდის. მათი 15 პროცენტი - 14-18 წლის მოზარდია. ეს მართლაც საგანგაშო რიცხვია, მით უმეტეს, რომ საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები სხვა ქვეყნებთან შედარებით სავალალოა: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებგვერდზე წარმოდგენილი 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობის კლების ტემპით საქართველოს მსოფლიოში მე-16 ადგილი უჭირავს. შობადობის მხრივ საქართველო მსოფლიოში 179-ე, ანუ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ხოლო ერთ ქალზე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული აბორტების რაოდენობით (საშუალოდ 3.7 აბორტი) პირველ ადგილზეა არა მარტო ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიოშიც კი.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"