მართლმადიდებელი ეკლესია დღეიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი , მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დღეს, საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღეს დიდმარხვისთვის მოსამზადებელი მეორე კვირიაკე, უძღები შვილის შვიდეული დაიწყება. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში წმ. სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.
წმ. სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა, ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა. დაკარგული შვილის შინდაბრუნებით გახარებულმა მამამ ლხინი გამართა. მან მსახურებს უბრძანა, მიერთმიათ მისი ვაჟისთვის "სამოსელი პირველი" და ზვარაკები დაეკლათ.
უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირესაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს, 18 თებერვალს, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.
დიდმარხვას წინ ყველიერის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყება და 15 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.