საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურ ანგარიშებში აფიქსირებენ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული სახდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსამართლეები დადგენილებებში "დამნაშავის" წარმომდგენ პირებს აღარ მიუთითებენ და "მოწმე" პოლიციელების გვარ-სახელების ნაცვლად ასეთ ფრაზებს წერენ: "სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი". ერთი სიტყვით, აქამდე თუ მოქალაქეთა ადმინისტრაციული წესით დაკავება მხოლოდ პოლიციელის სიტყვიერ განმარტებაზე დაყრდნობით შეიძლებოდა, ამიერიდან იმასაც ვეღარ გაიგებს დაზარალებული, უკანონობაზე ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი.
უკვე მზად არის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მოსამართლის მიერ კანონის, მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად აღარ ჩაითვლება(?!). ამასთან, მოსამართლეს დისციპლინურ გადაცდომად აღარც შრომის დისციპლინის დარღვევა ჩაეთვლება.
კახა ქარდავა, ყოფილი პატრული, ადვოკატი: - პოლიციელთა უმეტესობა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და სასამართლოში ცრუჩვენებებს აძლევს. ვინც უარი თქვა ამაზე, სამართალდამცავი სტრუქტურიდან გამოაძევეს. როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიციის ახალი კადრებით დაკომპლექტება დაიწყო, ვიფიქრე, რომ ჩემი ადგილი ამ ახალ ძალოვან სტრუქტურაში იყო. მაშინ საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი ვანო ბერაძე იყო, უაღრესად კომპეტენტური და წესიერი კაცი. მერე მინისტრი შეიცვალა, ვანო მერაბიშვილი დანიშნეს, შეიცვალა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელიც და ყველაფერი აირია. საპატრულო პოლიციაში 11 თვე ვიმუშავე. ჩემი გათავისუფლების ბრძანებაში ეწერა, რომ პოლიციაში სამსახურისთვის შეუფერებელი ვარ, რით გამოიხატებოდა შეუფერებლობა, ვერავინ დამისაბუთა. ჩემთან ერთად 67 პროფესიონალი გაათავისუფლეს. პატიოსანი პოლიციელები აღარ სჭირდებოდათ.
მახსოვს, სიტყვიერად დამავალეს, აღმოგვეჩინა ისეთი ობიექტები, რომლებიც მანქანებს არალეგალურად ღებავდნენ და არემონტებდნენ. აღმოვაჩინე ჯართის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც ჯართს კი არა, საკანალიზაციო ჭების ხუფებს იბარებდნენ. პუნქტში ერთ პირს ვინაობის დასახელება მოვთხოვე, არ დამემორჩილა, სადღაც დარეკა და ვიდრე მის ვინაობას გავარკვევდი, ჩვენი ეკიპაჟი დანაყოფში გვიხმეს. ბუნებრივია, ყველაფერი მოვახსენე საპატრულოს უფროს, ცაგარეიშვილს. მან კი შემაქო და მითხრა, სხვა დროისთვის ნუ გამოიჩენ ინიციატივას, მე კი ყოველთვის ყველაფერს გაგიკეთებო. გასაგები იყო, რომ იმ ობიექტს ვიღაც მფარველობდა. ორი მადლობა მქონდა პირად საქმეში, მაგრამ ამ ამბიდან თვე-ნახევარში გამათავისუფლეს. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე სამი საყვედური მქონია პირად საქმეში ისე, რომ გათავისუფლებამდე არაფერი ვიცოდი. მერე პოლიციაში ისეთი ამბები დატრიალდა, მე კიდევ კარგად გადავრჩი.
- მაინც რა მოხდა?
- ჩვენს რაიონში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წყნეთში ორი ნარკომოვაჭრე დააკავა, დაახლოებით 20 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ერთ კვირაში ეს პოლიციელი, რომელმაც ამხელა საქმე გახსნა, მეწყვილესთან ერთად დაიჭირეს. თითქოს ქრთამად საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევისგან 100 ლარი აიღო. წარმოგიდგენიათ, კაცი, რომელმაც ერთი კვირით ადრე 20 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო, 100 ლარს დახარბდა? უკანონო გათავისუფლების გამო ვიჩივლე, მოვითხოვე სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ კანონიერ გადაწყვეტილებას ვინ გამოიტანდა? მივხვდი, რომ პრინციპული მუშაკებისგან გაწმენდილი პოლიცია პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი გახდებოდა კრიმინალური ხელისუფლების ხელში. ადვოკატებთან სტაჟირება და ადვოკატურის ტესტირება გავიარე, საადვოკატო საქმიანობა დავიწყე.
2007 წლის მოვლენების თაობაზე ტელეთერში რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები. იმ დროისთვის შალვა დადიანის #13-ში ვმუშაობდი. პოლიციელები ოფისში მომიცვივდნენ, ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს.