ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ნაწილში გადმოსული მოქალაქეები ნებისმიერი სახის მკურნალობას უფასოდ გადიან.
"ეთნიკურ უმცირესობებს კიდევ უფრო მეტი შეღავათები უნდა ჰქონდეთ, რომ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებაზე იფიქრონ და არა ჩვენგან გამოყოფაზე," - აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სტრატეგია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ამაყობს, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოდის.
"ეს ხელისუფლება ცოტა უსინდისოდ მოიქცა და ყველა წარმატებული ორმხრივი პროექტი ცალმხრივად აქცია," - აცხადებს ზაქარეიშვილი.
აფხაზეთის მთავრობის მტკიცებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს უფასოდ მკურნალობის საშუალება 2010 წლიდან ეძლევათ. მათი მტკიცებით, პირს, რომელიც ნეიტრალურ პასპორტს აიღებს, საშუალებას აძლევენ სამედიცინო მკურნალობა ყოველგვარი ხარჯების გარეშე გაიარონ.
"როდესაც გადმოდიან, მიმართავენ პოლიკლინიკებს და ითხოვენ სამედიცინო დახმარებას. ჩვენც, რა თქმა უნდა, მაშინვე ვახდენთ რეაგირებას. ეს არის ჩვენი, ჯანდაცვისა და რეინტეგრაციის სამინისტროების ერთობლივი პროექტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო მომსახურების მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეების რიცხვი საკმაოდ მაღალია, ეს ადამიანები იღებენ ნეიტრალურ პასპორტებს ან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი ნატო შეროზია.
მათ კი, რომლებიც უარს იტყვიან აღნიშნულ მოწმობებზე, გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში სპეციალურ ცნობას აძლევენ.
"მკურნალობის საკითხს რაც შეეხება, როდესაც არის გადაუდებელი შემთხვევა, ამ დროს რასაკვირველია ხდება მათი გადამისამართება, მაგრამ შესაბამისად შემდგომ პიროვნებას სჭირდება საიდენტიფიკაციო კოდი. ამ დროს გაიცემა ცნობა და, რა თქმა უნდა, ხდება მათი მკურნალობის უზრუნველყოფაც," - გვითხრა შეროზიამ.
მაგრამ რამდენმა ადამიანმა გაიარა უფასო სამედიცინო მკურნალობა სპეციალური ცნობით, ნეიტრალური პასპორტით, თუ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობით, უცნობია. აფხაზეთის მთავრობას აღნიშნული სტატისტიკა არ აღმოაჩნდა, თუმცა გვითხრეს, რომ უფასო სამედიცინო მკურნალობა კონტროლირებად ნაწილში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიარა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის შეთავაზებული ნეიტრალური პასპორტები 50 აფხაზმა აიღო, ცხინვალის რეგიონში კი ინტერესი საერთოდ არ ფიქსირდება.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ "ეს მცირე რაოდენობა არ არის", რადგანაც ნეიტრალური დოკუმენტების შესახებ ცნობის მოწოდება და საჯარო განხილვა არ მომხდარა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ინფორმაციაც ძალიან მცირე აქვთ.
ნეიტრალური პასპორტები, სადაც გამოსახული არ იქნება საქართველოს სიმბოლიკა, სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული დოკუმენტია, რომელსაც აფხაზებსა და ოსებს უცხოეთში მიმოსვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის სანაცვლოდ სთავაზობენ.
"ზოგადად ორი სახის დოკუმენტი არსებობს - ეს არის ნეიტრალური პირადობის მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. ნეიტრალური პირადობის მოწმობა შიდა გამოყენებისაა და ის პირს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ჯანდაცვისა და განათლების სახელმწიფო პროგრამებში, თუ სხვა სოციალურ პროგრამებში, რაც ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი კი დამატებით საშუალებას იძლევა, რომ მისი მფლობელი პირი საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაადგილდეს," - უთხრა რამდენიმე დღის წინ "რეზონანსს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა თამარ ქოჩორაძემ.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, ჯანდაცვის სტრატეგია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ამაყობს, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოდის.
"პირველ რიგში, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკური და სტატუსური საკითხები და სოციალურ საკითხებზე უნდა გადავიდეთ. ჯანდაცვის სტრატეგია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ამაყობს, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოდის. მაშინ აფხაზეთის მმართველები აძლევდნენ მოსახლეობას საშუალებას, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ემკურნალათ. ახლა კი თუ აფხაზებს უნდათ უფასოდ მიიღონ მაღალკვალიფიციური მკურნალობა, იღებენ საქართველოს მოქალაქეობას, უმწეობის ცნობას, რომ მათ არ აქვთ შემოსავალი და მკურნალობენ უფასოდ.
"ეს ხელისუფლება ცოტა უსინდისოდ მოიქცა და ყველა წარმატებული ორმხრივი პროექტი ცალმხრივად აქცია. როდესაც ქართული მხარე აღიარებდა აფხაზეთს კონფლიქტის მხარედ, შეიქმნა ორმხრივი პროექტი. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტმა ეს აქცია ცალმხრივ პროექტად და მთელ მსოფლიოში ტრაბახობს, მე მაქვს ასეთი წარმატებული ჯანდაცვის პროექტიო. მაგრამ, ეს არ არის მისი წარმატება, ეს შევარდნაძის პერიოდის წარმატებაა. ვფიქრობ, რომ უნდა დავაბრუნოთ ორმხრივ პროექტად, გავუჩინოთ აფხაზებს განცდა, რომ ისინიც მონაწილეობენ ამ პროექტში.
ადამიანი საქართველოს პასპორტს იღებს და ღებულობს უფასოდ მკურნალობას, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანს ხელში ჰქონდეს აფხაზური პასპორტი და ვთქვათ, რომ ის არის საქართველოს, ჩემი მოქალაქე და აფხაზების პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი კიდევ ერთი მოწმობა? ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ აფხაზების პასპორტები არის საქართველოს შიდა მოხმარების პირადობის მოწმობები და ამ პირადობის მოწმობებით ვახორციელებთ შეზღუდულ მომსახურეობას, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ასეთი ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ სიარული. 3-4 წელიწადში ეს გამოიღებს შედეგს, რომ შემდეგი სწორი ნაბიჯები განვახორციელოთ," - განუცხადა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
თიკო ოსმანოვა