ქართველი "კაპიტანი ნემოს" 41 ათასი კილომეტრი წყალქვეშ

ქართველი "კაპიტანი ნემოს" 41 ათასი კილომეტრი წყალქვეშ

დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველმა სარდალმა, კონტრადმირალმა

ალექსანდრე ჯავახიშვილმა 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით - ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას შემოუარა. გრიფით - "ზესაიდუმლო" ოპერაციიდან, რომელიც 1972 წლის 17 იანვრიდან 31 მარტამდე გრძელდებოდა და გასაგებ მიზეზთა გამო, მასზე საუბარი შეუძლებელი იყო, 40 წელი გავიდა. მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის თავმჯდომარე, გვანჯი მანია აღნიშნავს: "მარშრუტი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობად რომ ჩაითვალოს, სულ მცირე, 20 000 კილომეტრი უნდა იყოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის მეთაურობით კი ხომალდმა 41 000 კილომეტრი განვლო წყალქვეშ, მის ბორტზე 16 ბალისტიკური რაკეტა იყო... გვესაუბრება ალექსანდრე ჯავახიშვილი:

- მოულოდნელად გამომიძახეს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდალ სერგეი გორშკოვთან, გამიკვირდა, რომ ამ შეხვედრის შესახებ საზღვაო ფლოტის შტაბის უფროსმაც კი არაფერი იცოდა... როცა მთავარსარდლის კაბინეტში შევედი, მან უსიტყვოდ, იქვე, კუთხეში მდგარ გლობუსზე მიმანიშნა, წრე მოხაზა და მითხრა, შენ ეს უნდა გააკეთოო! რამდენიმე წუთში კი გამაფრთხილა: ამის შესახებ არავინ არაფერი უნდა იცოდესო. ჩვენი ნაოსნობა ბარენცის ზღვიდან დაიწყო, გადავლახეთ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები, ატლანტის ოკეანე, დრეიკის სრუტე, მთელი წყნარი ოკეანე და ბერინგის ზღვასთან ამოვყვინთეთ... ეს უპრეცედენტო ხანგრძლივობის წყალქვეშა ნაოსნობა გახლდათ. იმხანად ასე იყო: ეკიპაჟი სწავლობდა, გადიოდა წვრთნებს, გემი კი შენდებოდა. ურთულეს პირობებში გვიწევდა მომზადება, სახლიდან, ოჯახის წევრებისგან მოშორებით: სსრკ-ის ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზებს მეთევზეთა სოფლებში აშენებდნენ, გარეშე თვალისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

- ექცეოდა თუ არა სათანადო ყურადღება ფსიქოლოგიურ მომზადებას ეკიპაჟის წევრებისა, რომლებიც თვეების განმავლობაში წყალქვეშ უნდა ყოფილიყვნენ?

- თავდაპირველად, ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე მეზღვაური ამგვარი ნაოსნობისას ჭკუაზე შეიშალა, ვითარება შეიცვალა. ჩემს გემზე 18 ეროვნების 150 კაცი იყო, ყველა მათგანის ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება მიწევდა, ყველას ერთნაირად როდი შეუძლია გაძლება დახურულ სივრცეში, სადაც ერთადერთი გართობა არის კინოფილმის ყურება.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ფიზიკურ მომზადებასაც. მახსოვს, როცა ჩვენი ხომალდიდან ჩამოსული მეზღვაურები სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ გაეშურნენ, ყველას გაუკვირდა: სხვები ბაზამდე ძლივს მილასლასებდნენ ხოლმე.

- რით იკვებებოდით ამ ხნის განმავლობაში?

- ჩვეულებრივ, ბურღულეულით, ხორცით, ჩაით, ყავით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მეზღვაურებს 50 გრამ მშრალ ღვინოს ვასმევდით - საქმე ის არის, რომ წყალქვეშა გემზე, ჰერმეტულობის გამო, წნევა საკმაოდ მაღალია, რაც ძალზე ცუდად მოქმედებს ადამიანის კუჭზე, მშრალი ღვინო კი ამის წამალია... ხშირად მეკითხებიან: ხომ შეიძლება წყალქვეშა გემის მეთაურმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რომელიც ხომალდზეაო? სინამდვილეში, ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებით არის დასაშვები, კოდი, რომლითაც ატომური იარაღი უნდა ამოქმედდეს, გემის მეთაურმა არ იცის, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოდის ცენტრიდან დაშიფრული კოდი. სხვათა შორის, 1962 წელს, კარიბის კრიზისისას, ჩემი სამხედრო ხომალდი K415 უკვე ემზადებოდა საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად და სწორედ ამ მომენტში მოვიდა შეჩერების ბრძანება - კიდევ კარგი, ნიკიტა ხრუშჩოვს გადააფიქრებინეს ატომური რაკეტების გამოყენება.

- რა იყო ამ წყალქვეშა მოგზაურობის ძირითადი მიზანი?

- ცივი ომის მთავარი პრინციპი: იქ, სადაც დაძაბულობაა, მეტი სამხედრო ძალა უნდა გვქონოდა თავმოყრილი და, საჭიროების შემთხვევაში, საომარი მოქმედება მოწინააღმდეგის ტერიტორიასთან ახლოს დაგვეწყო.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დღევანდელ მდგომარეობას?

- რუსეთში ხანგრძლივი სამსახურის შემდეგ, 1989 წლის აპრილში დავბრუნდი საქართველოში, მინდოდა, ჩემი გამოცდილება და ცოდნა სამშობლოსთვის მომეხმარებინა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლად დამნიშნა. სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთის ომი... რამ არ გადაიარა ჩემს თავზე. სამხედრო-საზღვაო დარგი ურთულესია და გადაწყვეტილებების მიღებისას დიდი სიფრთხილე და პროფესიონალიზმია საჭირო. დღეს ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები შემცირებულია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ჩვენ მოვამზადეთ პროფესიონალი კადრები, სისტემა, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ეს არავის სჭირდება. სამაგიეროდ, შექმნეს სანაპირო დაცვის პოლიცია, რომლის ფუნქცია, ძირითადად, ნასვამი მეთევზეების დაჭერაა.

ცნობისათვის

ალექსანდრე ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში 1932 წელს. წარჩინებით დაამთავრა 35-ე საფეხბურთო სკოლა, ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. წლების განმავლობაში მსახურობდა ჩრდილოეთის ფლოტში, სადაც გაიარა ყველა საფეხური ლეიტენანტობიდან წყალქვეშა ბალისტიკურ-სარაკეტო ატომური კრეისერის მეთაურობამდე. არის პირველი ქართველი, ვინც ბალისტიკურ-სარაკეტო კრეისერს მეთაურობდა. დააარსა ეროვნული სამხედრო აკადემიის სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების, ნორმატიული აქტების, საზღვაო ტერმინოლოგიის, სამხედრო-საზღვაო დოკუმენტაციის შექმნაში.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"