ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ და მისმა გუნდმა იმედიანად კი დაიწყო, მაგრამ არცთუ კარგად დაასრულა - პოლონეთ-უკრაინის საგზურს ვინ ჩივის, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და გულშემატკივარს კიდევ ერთხელ აუცრუა გული..
შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ ნაკრების ფეხბურთელთა და მისი მწვრთნელის ავ-კარგიანობაზე პოლემიკა გაჩაღდა. ერთნი, მათ შორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები (გოგიტა გოგუა, დავით სირაძე, დავით მუჯირი) თემურ ქეცბაიას დაშვებულ შეცდომებზე ღიად საუბრობდნენ, თავად მწვრთნელი კი მოთამაშეთა დაბალ საშემსრულებლო ოსტატობაზე მიანიშნებდა და მას ნაკრების წარუმატებლობის მიზეზად ასახელებდა.
ასეთ დაძაბულ ფონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თემურ ქეცბაიას ხელშეკრულება გაუგრძელა და შესაბამისად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ, საკმაოდ რთულ ციკლში (ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და ფინეთი) გუნდის გაძღოლა კვლავაც მას მიანდო.
წლის მიწურულს ნაკრები კაპიტანმა კახა კალაძემ სკანდალურად დატოვა, პარალელურად, დაწყო საუბარი ეროვნული გუნდის გადახალისება-გაახალგაზრდავების აუცილებლობაზე, რაზე მინიშნებებსაც თავად თემურ ქეცბაია აკეთებდა.
საქართველოს ნაკრები 2012 წლის პირველ მატჩს 29 თებერვალს, ალბანეთის ეროვნულ გუნდთან მართავს. ყველა მოუთმენლად ელოდა, ვის გამოუცხადებდა ამჯერად ნდობას თემურ ქეცბაია. და აი, მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებში გამოძახებულთა სია გააცხადა, რომელშიც ორი ახალწვეულია. ვინ არიან ის ფეხბურთელები, ვისაც ქეცბაია თავის გამოჩენის შანსს აძლევს?
საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩს კიდევ ერთი ინტრიგა ახლავს - ვინ იქნება ის ფეხბურთელი, ვინც კახა კალაძის კაპიტნის სამკლაურს გადაიბარებს და გაუძღვება გუნდს.