"სოხუმის პორტში მდგარი თურქული გემი, რომელზეც ოთხი ქართველი მეზღვაური იმყოფება, დღეს შესაძლოა, აფხაზურ მხარეს გადაეცეს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გემის ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მეზღვაურის, გიორგი საპანაძის მეუღლემ, მარინე საპანაძემ განუცხადა.
"გუშინ ღამით ვესაუბრე მეუღლეს. მისი გადმოცემით, აფხაზური მხარე დღეს ელოდება თურქული მხრიდან გადამწყვეტ ქმედებას. გემის "ჰაკიჩილიოღლუს" დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გემს აფხაზური მხარე ჩაიბარებს. ჩვენი მეზღვაურების ბედი გაურკვეველია. 3 დღის წინ სტამბულში გენერალულ კონსულს, ზურაბ პატარაძეს ვესაუბრე და მითხრა, რომ კვირას, ანუ გუშინ, ყველაზე გვიან ორშაბათს მოხდება მეზღვაურების ჩანაცვლება და სოხუმიდან ქართველ მეზღვაურებს სხვა გემით გამოიყვანენ. დამსაქმებელს, ლაურა ჩადუნელს დაურეკავს გემზე და მეზღვაურებისთვის უთქვამს– 29-ში ან პირველ მარტს ჩაგენაცვლებიანო. დღეს ერთს ეუბნებიან, მეორე დღეს - სხვას. არაფერი იციან, რა როგორ იქნება",-განაცხადა მარინე საპანაძემ.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი "ჰაკიჩილიოღლუ" თურქულ კომპანია STARLET SHIPPINGIS-ის კუთვნილებაა. ქართველი მეზღვაურები - გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე გემზე 6-თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არანაირი თანხა არ მიუღიათ. გემი გასული წლის მაისიდან სოხუმის პორტში დგას.