ქრისტიანები და მაჰმადიანები ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ერთად აპროტესტებენ

ქრისტიანები და მაჰმადიანები ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ერთად აპროტესტებენ

კვირას მართლმადიდებელი და მაჰმადიანი მრევლი აზიზიეს მეჩეთის აგებას ერთად გააპროტესტებენ. 10 საათზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე დიმიტრის მიერ გენერალ მაზნიაშვილის მებძოლების საფლავზე საყოველთაო წირვა-ლოცვა აღევლინება და რამდენიმე დღის წინ აღმართული ჯვრის საზეიმოდ კურთხევაც მოხდება.

მართალია, წირვა-ლოცვა დიდი მარხვის პირველი კვირის აღმნიშვნელი მართლმადიდებლობის ზეიმია, მაგრამ ეს საღმრთო ლიტურღია ერთგვარად ბათუმში დაგეგმილ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო შეკრება იქნება, რომელსაც აჭარის მუსლიმანური მრევლის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

"კვირას ტარდება წირვა-ლოცვა და ის გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ არსებულ პროტეტსთან არის დაკავშირებული. ეს ის ადგილია, სადაც თავის დროზე აზიზიეს მეჩეთი იდგა და შეიძლება ახალი მეჩეთის ასაშენებელ ადგილადაც კი მოიაზრებოდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მეუფე დიმიტრი.

პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, საქართველოს საპატრიარქომ უკვე გამოხატა თავისი აზრი, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია და ამ განცხადებზე პასუხიმგებლობასაც იღებს. კვირას ბათუმში წირვა-ლოცვას კი მეუფე გერასიმე ატარებს და როგორც ყველა ადამიანს, მღვდელმთავარსაც აქვს უფლება საკუთარი პროტესტი ღიად გამოხატოს.

"დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე, მურმან დუმბაძის თქმით, "4 მარტის სამეუფეო წირვა გადამწყვეტი სიტყვა იქნება. სამეუფე წირვა ამავე დროს ერთგვარი შემკრები ძალაა ყველა მათი, რომლებიც მომავალზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე წარსულში ჩარჩენას. მუსლიმანიც, ქრისტიანიც, ნეიტრალური ადამიანიც და ათეისტიც ერთიანია და ყველა ამბობს, რომ დამპყრობი აზიზიეს მეჩეთი ბათუმში არ უნდა აშენდეს".

მისი განმარტებით, "სამთავრობო წრეები ამტკიცებენ, რომ მეჩეთის აშენებაში წინააღმდეგობას მარტო ადგილობრივი მართლმადიდებლები უწევენ და ეს ასე არ არის. თავად მუსლიმანებიც წინააღმდეგნი არიან და 4 მარტს, ღია სამეუფეო წირვაზე ასობით მუსლიმანიც დაესწრება იმის აღსანიშნავად, რომ საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებას ისინიც ეწინააღმდეგებიან".

ცნობისათვის, წირვის ჩატარების შესახებ სპეციალური განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელდა.

"4 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირას, მართმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მართმადიდებლობის ზეიმს. ამ დღესთან დაკავშირებით მისი მაღალყოვლადუსამღვდელესობა ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრი წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბათუმში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა საფლავთან, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე, ღია ციას ქვეშ აღავლენს საღმრთო ლიტურღიას სამშობლოს ერთიანობისა და დედა ეკლესიის სადიდებლად. ღვთისმსახურების დასაწყისი 10 საათი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეს მიმართვა სოციალური ქსელი "ფეისბუქის" მეშვეობითაც გავრცელდა და ამის შემდეგ სოციალურ ქსელში საერთო მოწოდებები გაჩნდა: "4 მარტს აჭარამ უნდა დაამტკიცოს მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა!.. ამ ღონისძიებას უერთდება ყველა, განურჩევლად რელიგიური განსხვავებებისა!.. მეუფის კურთხევაა, რომ ყოველი ქრისტიანი მოვიდეს და დაესწროს ამ წირვას... უამრავი ხალხი ჩამოდის სხვადასხვა ეპარქიებიდან, გთხოვთ გაავრცელოთ, რათა უფრო ბევრმა გაიგოს..."

აღსანიშნავია, რომ "აზიზიეს მეჩეთის" მშენებლობას თვით აჭარის მუსლიმანური მრევლის წარმომადგენლებიც აპროტესტებენ.

ბათუმში, გაზეთ "აჭარა ზყთყ"-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის მუსლიმანური მრევლის გარკვეულმა წარმომადგენლებმა ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს და მიხეილ სააკაშვილის სახელზე შედგენილი სპეციალური მიმართვის ტექსტი წაიკითხეს, რომელზეც 160 ადამიანი აწერს ხელს.

მიმართვის ბოლოს აღნიშნულია, რომ მუსულმანი თანამემამულეები უერთდებიან სამეუფეო წირვას, რომელსაც 4 მარტს ბათუმში, ღია ცის ქვეშ, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ დაღუპულ გმირთა საპატივცემულოდ აღავლენს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი.

წერილში, რომელიც პირველად "პრესაგე.ტვ"-მ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთ-მუზეუმის მშენებლობა და მასთან დაკავშირებით რელიგიური საკითხებით მანიპულირება პროვოკაციების მცდელობის საბაბი გახდა და დღითი დღე რთულდება და იძაბება დამოკიდებულება ქრისტიან და მუსულმან ძმებს შორის.

"ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელნი ქალაქ ბათუმში თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობას ამართლებენ, თითქოსდა ჩვენი აჭარის მუსლიმანი მოსახლეობის ინტერესების დაცვის დემონსტრირებით, რაც რელიგიით აშკარად სპეკულირებად უნდა შეფასდეს.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ, აჭარის მკვიდრთ, მუსლიმანური აღმსარებლობის წარმომადგენლებს არ გვრჩება მორალური უფლება ვიყოთ გულგრილნი მიმდინარე მოვლენებისადმი.

"თურქ ხალხთან მეზობლობა და მეგობრობა დიდად ძვირფასი და მისასალმებელია, მაგრამ აქვე, სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, ქალაქ ბათუმში თურქეთის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ჩვენი კუთხის ყველაზე სასტიკი ამაოხრებლის, სულთან აზიზიეს სახელობის მოქმედი მეჩეთის ან მუზეუმის მშენებლობა სრულიად მიუღებელია, იგი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ღირსებას, დაუშვებლად მიგვაჩნია ეროვნული და სახელმწიფოებირვი თვალსაზირისით, რადგანაც მასში შორს გამიზნული მზაკვრული იდეოლოგიის სიმბოლო ჩანს, რომელიც შავბნელ ისტორიულ წარსულს გვახსენებს.

"მეჩეთის მშენებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს აჭარის მუსლიმანი მრევლის მოთხოვნით და არა სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებით, რაც უდაოდ პოლიტიკური ხასიათისაა...

"ჩვენთვის დიდად ძვირფასია ოშკი და იქ არსებული ისტორიული კულტურის ძეგლები, მაგრამ მათ სანცვლოდ ვერ დავაყენებთ ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ცნობიერებას, ქრისტიან და მუსლიმან ძმებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას. ამ გზაზე კი მთავარი პოზიცია უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება, რომლის წინაშეც ყოველგვარი პროვოკაცია უძლურია", - ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსი, ნათია მურაჩაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ აზიზიეს მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტული ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, მაგრამ პროტესტის მიუხედავად ის აუცილებლად აშენდება.

"კომენტარი არაერთხელ გაკეთდა. უბრალოდ ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლები რომ უნდა გადარჩეს და ასევე, ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობა რესტავრირებული უნდა იყოს, ამაში მე მგონი ორი აზრი არ არსებობს... რას ჰქვია პროტესტი? შეთანხმება მიღწეულია" (სტილი დაცულია), - ამბობს მურაჩაშვილი.

ბათუმი კი საპროტესტო წირვა-ლოცვისთვის ემზადება. მურმან დუმბაძის განცხადებით, იქ საფლავზე, სადაც 1921 წლის 23 მარტს 50 ქართველი მებრძოლი დაკრძალეს, რამდენიმე დღის წინ ჯვარი აღიმართა და ამ ჯვარის კურთხევაც პროტესტის ერთგავრი სიმბოლო იქნება.

მურმან დუმბაძე: "90-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების წარმოების გამო საფლავების ახლოს ადგილი შემოიღობა. სწორედ საფლავებთან ახლო პერიმეტრში იდგა აზიზიეს მეჩეთი, სადაც ახლა საცხოვრებელი სახლი დგას და კვირას აქ შეკრებილი მრევლი არა მარტო წირვას დაესწრება, ერთგვარად იმასაც გამოხატავს, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს. კვირას მოედანზე შეიკრიბება ის საპროტესტო ძალა, რომელიც თურქულ-ქართული პოლიტიკური ხელშეკრულების წინააღმდეგია".

მისი თქმით, იმ ადგილს, სადაც აზიზიეს მეჩეთი იდგა, ჯერ აზიზიეს მოედანი, შემდეგ ლენინის და ახლა თავისუფლების მოედანი ჰქვია. მეჩეთი გასული საუკუნის 30-იან წლებში დაინგრა.

დუმბაძის ცნობით, ქართველ ჯარისკაცთა სასაფლაოსთან არის 2 ათას კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და როგორც მოსახლეობისთვის ცნობილი იყო, არსებობდა ჩანაფიქრი, რომ მეჩეთი ამ ადგილზე უნდა აგებულიყო, თუმცა, ხალხის დიდი წინააღმდეგობის გამო, გადაწყდა მეჩეთის მშენებლობა ბათუმის სხვა ადგილზე  განხორციელდეს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეჩეთის ნებისმიერ ადგილზე აგების წინაღმდეგია.

მღვდელმთავარი მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ წირვა-ლოცვის ჩასატარებელი ადგილი ის ტერიტორიაა, სადაც თავის დროზე აზიზიეს მეჩეთი იდგა და გარკვეულწილად შეიძლება ახალი მეჩეთის ასაშენებლად მოიაზრებოდა კიდეც.

"ამ ადგილზე დასაფლვებული არიან მაზნიაშვილის ჯარისკაცები, თავდადებული ვაჟკაცები, რომლებმაც დედასამშობლოს თავისუფლების გამო თავი გაწირეს და მათ საფლავზე აღვმართეთ ჯვარი.იქ რამე გამოსვლა არ იქნება. მე კი არა, თავად აჭარის მუსლიმანურმა სამმართველომ გაავრცელა განცხადება და ამ დამოკიდებულებას და თანადგომას მივესალმებით", - ამბობს მეუფე დიმიტრი.

მეუფე დიმიტრი: "აბდულა აზიზიეს ქართველმა დედამ აუშენა ეს მეჩეთი. ის აჭარის სისხლიანი დამპყრობელი იყო. რაც შაჰ-აბასია, თუმურ ლენგი ან მურმან ყრუა, მსგავსი ამაოხრებელი, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ოკუპანტი იყო აზიზიე. როგორც მემატიანე გვეუბნება, მდინარე ჭოროხი სისხლად მოედინებოდაო.სხვათა შორის, აჭარის მუფტიმ, ჯემალ პაქსაძემ პირდაპირ თქვა, რომ იმ მოწამეებში, რომლებსაც აბდულა აზიზეიმა სიცოცხლე მოუსწრაფა, ჩემი წინაპრებიც იქნებოდნენო... როგორი მისაღებია, რომ შენი დამპყრობის მეჩეთი საგანგებოდ ააშენო?! ჩვენმა მწერალმა, შოთა ზოიძემ თქვა - წარმოიდგინეთ საქართველოს სახელმწიფოს მიერ საუკუნის შემდეგ პუტინის ძეგლი რომ დაიდგას აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიო, ასეთივე ანალოგიაა და მე ვეთანხმები.

კვირას იქნება წირვა, საღმრთო ლიტურგია და ხალხი მოდის იმისათვის, რომ ლოცვით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. ქართველებს არ სურთ ყოველდღე უყურებდნენ იმ ადამიანის სახელობის რაღაც მუზეუმს თუ ძეგლს, რომელმაც სისხლის წვიმები აწვიმა აჭარას.

ერთი რამ მინდა დავამატო - ხელისუფლება კი ამბობს იმას, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე საპატრიარქოსთან მოლაპარაკება გვქონდაო. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას და იქ პატრიარქმა ნიკა რურუას თურქეთის პრემიერ-მინისტრ, ერდოღანთან გაგზავნილი წერილის ასლი გადასცა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვთხოვდით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების დაბრუნებაზე ეშუამდგომლათ.

თურქეთის ხელისუფლებამ ჩვენს გარდა ყველა კონფესიებს გადასცა ქონება. სომხებს, მაგალითად, 5 ეკლესია გადასცეს და არა მარტო რესტავრაცია ჩაუტარდათ ტაძრებს, იქ ღვთისმსახურებაც აღდგენილია. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება იყო, რომ ყველა რელიგიური მიმდინარეობისთვის ქონება დაებრუნებინათ და ჩვენც ანალოგიურად მოვითხოვდით. როცა ოშკსა და იშხანზე მიდის საუბარი, ჩვენ სხვა ტაძრებიც გვადარდებს.

რურუა შეგვპირდა, რომ ამ საკითხს დააყენებდა და, სამწუხაროდ, სულ სხვანაირ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ასე რომ, თითქოს ეკლესია თურქეთში არსებულ ქართულ ტაძრებზე არ დარდობს, ეს სწორი არ არის. ოფიციალური პასუხი არ მოგვწერეს, მაგრამ არაოფიციალურად მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენ დავაკმაყოფილეთ გასული საუკუნის 30-იანი წლების მოთხოვნები და მაშინ თქვენ სახელმწიფო არ იყავითო. როგორ, სომხებს და ებრაელებს ჰქონდათ 30-იან წლებში სახელმწიფო და ჩვენ - არა?!"

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"