ყვითელი ავტობუსების მძღოლების შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო გრაფიკის შემცირებაზე ყვითელი "მარშუტკების" მძღოლებიც ალაპარაკდნენ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, რომ ავტობუსების მოძრაობის ახალი გრაფიკი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დედაქალაქში ყველა ხაზზე ახალი "მარშუტკა" ივლის. მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკის შეცვლას კატეგორიულად უარყოფენ მერიაში. უგულავას უწყებაში ირწმუნებიან, რომ ამაზე საუბარი არც არასდროს ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით თავდაპირველად თავად ავტობუსების მძღოლები ალაპარაკდნენ. მათი თქმით, თუ დღეს ავტობუსები დედაქალაქის მასშტაბით, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მოძრაობენ, მერე ისინი დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. თუმცა, როდიდან მოუწევთ ახალ გრაფიკზე გადასვლა, თავადაც არ იციან.
ნატა გიორგაძე