"ვიცოდი, რომ მთავრობის მაღალჩინოსნების სასახლეების ფოტოების დანახვაზე სააკაშვილი ჭკუიდან გადადგებოდა და გადადგა კიდეც. ათიანში გავარტყი", - გვითხრა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" მდივანმა, გიორგი ცაგარეიშვილმა, რომელმაც პრეზიდენტს პარლამენტში სტუმრობისას მისი მთავრობის წევრების სახლების ფოტოები გადასცა.
- სააკაშვილი მისივე ხერხით ამხილეთ?
- არ გაამართლა თუ... სხდომიდან კინაღამ ფსიქიატრიულში წაიყვანეს. წარმოგიდგენიათ, ნორმალური პრეზიდენტი პარლამენტის სხდომიდან წამოხტეს და თავქუდმოგლეჯილი გაიქცეს? მერე უკან შემოვარდა და ფოტოების აქეთ-იქით სროლა დაიწყო. ასეთი ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესია, რომელიც ოპოზიციას მკვდარს და ცოცხალს აგინებს და თან ემუქრება, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, სამოქალაქო ომს დავიწყებო... სააკაშვილს უნდა ფიდელ კასტროსავით მთელი სიცოცხლე ხელისუფლებაში იყოს, ჩვენ კი - ცხვრებივით თავდახრილები.
- მხოლოდ კეზერაშვილის, კუბლაშვილისა და მერაბიშვილის სახლების ფოტოები გქონდათ?
- კიდევ უამრავი ფოტო იყო, რომელიც მოძრაობა "არამ" გადმომცა. მშენებლობაზე მომუშავეთა და მეზობლების მტკიცებით ეს სახლები ამ მაღალჩინოსნებს ეკუთვნის.
- სააკაშვილმა გიპასუხათ, ვანო მერაბიშვილი ისეთივე გაღლეტილია, როგორიც ხელისუფლებაში მოსვლამდე იყოო.
- ჟურნალისტებმა მერაბიშვილის ქონებრივი დეკლარაცია წარმოადგინეს (მერაბიშვილის ანგარიშზე "ქართუში" - 140 ათას 38 ლარი, "საქართველოს ბანკში" კი 33 ათას 153 აშშ დოლარი ირიცხება). შედით და ნახეთ, როგორი გაღლეტილიცაა.