ჩემი ქონებრივი დეკლარაცია არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც იყო ხუთი წლის წინ. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო , _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახალი საავადმყოფოს დათვალიერებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში განხილვისას პრეზიდენტს მოედავნენ, რომ "ფულს აკეთებს". სააკაშვილის თქმით, მას მოემატა მხოლოდ ხელფასი, მაგრამ "ის უფრო გამდიდრდა იმის ხარჯზე, რომ საქართველო გამდიდრდა".
"მე ის ვთქვი, რასაც ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. ეს საავადმყოფოა ჩემი დეკლარაცია, ახალი სკოლებია ჩემი დეკლარაცია, ახალი ქალაქებია ჩემი დეკლარაცია. ჩემი დეკლარაცია იქნება ახალი მთა-თუშეთი, რომელსაც გავაკეთებ და გავალამაზებ. ახალი თელავი იქნება ჩემი დეკლარაცია. ახალი ყვარელი, ლაზიკა, ბათუმი იქნება ჩემი დეკლარაცია და ამით წარვდგებით ჩვენ ჩვენი ხალხის, მსოფლიოს და ისტორიის წინაშე, ამას დავიდეკლარირებთ ყველანი ერთად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ახმეტის ახალი საავადმყოფო მოინახულა, რომელიც "იმედი L"-მა ააშენა. სადაზღვევო კომპანიამ სამედიცინი ცენტრის მშენებლობაში 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო. საავადმყოფო 20-საწოლიანია და იქ 110 ადამიანია დასაქმებული. ეს არის უკვე მეექვსე საავადმყოფო, რომელიც "იმედი L"- მა ააშენა.