"ამერიკაში მიშასთვის ხელის დაფარების პოლიტიკა დასრულდა"

"ამერიკაში მიშასთვის ხელის დაფარების პოლიტიკა დასრულდა"

"ჩვენ ერთი გუნდი ვართ"- თავის დროზე ეს სლოგანი "ნაციონალების" ერთსულოვნების გამოსახატად გამოიყენებოდა, თუმცა ახლა იმავე სიტყვებით ქართულ პოლიტიკური სივრცეში თავის დამკვიდრებასა და ხელისუფლების მოსვლას ბიძინა ივანიშვილის ახლადდაფუძნებული პოლიტიკური კოალიცია შეეცდება. "დემოკრატიული საქართველო", "რესპუბლიკელები" და "ეროვნული ფორუმის" გვერდით, პოლიტიკურ გუნდს საკუთარ რესურსებს ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილიც მოახმარენ. რამდენიმე პოლიტიკოსმა ჟურნალისტების მისამართით გამაფრთხილებელი განცხადებაც გააკეთა,- განხეთქილების შემოტანას ნუ დააპირებთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მაინც არაფერი გამოვიგივათო. ჩვენი რესპონდენტი კობა დავითაშვილი კი მიიჩნევს, რომ გუნდს ეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან მათ შორის არ არიან "ახალი მემარჯვენეები" და "ქრისტიან-დემოკრატები".

- საბედნიეროდ, შეიკრიბა ის პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც დიდი ხანია ერთმანეთთან თანამშრომლობს. ჯერ იყო "რვიანის" ფორმატი, რომელიც მალე "ექვსიანად" გადაკეთდა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებდა. ახლა ჩამოყალიბდა პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეთანხმებულად მუშაობაც შეუძლია და საერთაშორისო მხარდაჭერითაც სარგებლობს. მართალია, წინა კოალიციებს ჰქონდა რაღაც ხარვეზები, მაგრამ ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ახალი ძალა შთაბერა პროცესებს... ვიცი, რომ ძალიან ბევრი ოცნებობს ამ კოალიციის დაშლაზე, მაგრამ ხელისუფლების "კუდები"- "ახალი მემარჯვენეები" და "ქრისტიან-დემოკრატები" ჩვენთან არ არიან და ეს საფრთხე აღარ გვემუქრება.

- თქვენ და ზვიად ძიძიგური ინდივიდუალურად მუშაობთ. კონკრეტულად რა არის არის თქვენი სფერო?

-  მე და ზვიადი სხვა პოლიტიკურ გუნდებთან ერთად ვმუშაობთ, უბრალოდ, ჩვენი პარტიები არ არის ბლოკში წარმოდგენილი, რადგან მახინჯი კანონმდებლობის გამო, ვკარგავთ შანსს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კომისიის წევრი გვყავდეს... ხშირად გვახსენებენ, აპრილის აქციებს და გვაყვედრიან, უშედეგოდ ჩაიარაო, არადა, მსოფლიომ მაშინ დაინახა, რომ ქართველ ხალხს სააკაშვილი არ უნდოდა და ამერიკაში მიშასთვის ხელის დაფარების პოლიტიკა დასრულდა. მიშა გამწარებული რომ გაჰკივის, ივანიშვილმა რამდენიც გაზეთიც უნდა მოისყიდოს, საქართველოში რომ აღმავლობაა, მაინც ვერ დამალავსო. იცით, ვის გულისხმობს მოსყიდულ გაზეთებში?- "ვაშინგტონ პოსტსა" და "ნიუ-იორკ თაიმსს"... ეს კაცი ვერ აცნობიერებს, რომ მისი დრო წავიდა.

- საზოგადოებაში მოისმენთ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და ეს მის გარშემო შემოკრებილი ადამიანების მრავალფეროვნებით გამოიხატება...

- რა არის იმაში ცუდი, რომ ბატონ ბიძინას პოლიტიკურ გამოცდილება არ აქვს? საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გამოცდილება. დროთა განმავლობაში ამ გამოცდილებას ბატონი ბიძინაც შეიძენს. სააკაშვილს რომ აქვს გამოცდილება, ისეთი ჯობს საერთოდ არ შეიძინო. მალე ნახავს ქართველი საზოგადოება, როგორ რადიკალურად შეიცვლება ჩვენი ყოველდღიურობა ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ. ვიღაც-ვიღაცები, ვისაც ნამუსი არ აქვთ, სააკაშვილის გაუსაძლის პირობებს "აპრავებენ", ქართველ კაცს გამუქთახორობა სჩვევიაო...

- არ არის ასე?

-  გამუქთახორობა ყველას სჩვევია, ქართველები არ ვართ გამონაკლისი. უამრავი მშრომელი ადამიანი ვიცი, ვინც დღე და ღამე მუშაობს და მაინც არაფერი ეტყობა... არ შეიძლება სიზარმაცე ქართველი ერის ნიშან-თვისებად აღიარო. ან სააკაშვილის გუნდმა საიდან იცის, რომ ქართველი კაცი ზარმაცია, სამუშაო ადგილი შექმნა და ვინმემ არ იმუშავა? რამდენი საწარმო გახსნეს, რომელიც დღესაც მუშაობს?!.

კიტრსა და პომიდორს მიაქვს ჩვენი ქვეყანა და ვიეტნამიდან შემოაქვთ ამ ბოსტნეულის მწნილი. იმიტომ, რომ იქიდან შემოტანილი უფრო იაფი ღირს, ვიდრე თითო-ოროლა ქართული პროდუქცია. სააკაშვილს რომ ჰკითხო, სინგაპური ენატრება. ვისაც სინგაპური ენატრება, აქ რატომ არის, არ ვიცი. ტურიზმი უნდა განვითარდესო, ამაზე ჩვენც ვფიქრობთ, მაგრამ ეს პანაცეა არ იქნება. მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობაზე გაკეთდება. ჩვენ გვინდა XXI საუკუნე და არა, 90-იან წლებში დაბრუნება, როგორც ამას მიშა ამბობს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა