"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი კონტროლის პალატის მიერ ბანკის დაჯარიმების გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა, "ქართუ ბანკთან" დაკავშირებული პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის არც ერთი გადაწყვეტილება სამართლიანობასა და კანონიერებასთან მიახლოებულიც არ ყოფილა.
"დღევანდელი გადაწყვეტილებაც იყო აბსურდული და ძველ სტილში განხორციელებული. აქ არც ლოგიკაა, არც კანონი და არც სამართალი. კანონში წერია, რომ პარტიას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის უფლება არ აქვს – არც ჩარიცხვია; ჩვენ გვეკრძალება გადარიცხვა – არც გადაგვირიცხავს. თუ გაცემული პრემიები გადაირიცხებოდა, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რამეზე საუბარი. გვაჯარიმებენ იმ თანხების გამო, რომლებზეც ქალბატონ მოგელაძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლება მომავალში გადარიცხულიყო, თუმცა, ერთი თვეა ამ ხალხს თანხა მიღებული აქვს და ჯერ არავის არაფერი გადაურიცხავს",- აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, კონტროლის პალატამ თვითონვე "გამოიჭირა ორი ადამიანი და ათქმევინა რაც სურდა", მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. "19-მა კაცმა მიიღო პრემია და რატომ შეიძლებოდა მაინც და მაინც ორისთვის დამევალებინა, ეს თანხა გადაერიცხათ. ყველა დანარჩენი ამბობს, რომ მათ მიმართ არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე განმარტებით, "ქართუ ბანკი" ჯარიმას გადაიხდის, თუმცა, სასამართლოში იჩივლებს და საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგშიც წავა.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე, სს "ქართუ ბანკი" უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობით, - 822 040 ლარით დააჯარიმა.
როგორც კონტროლის პალატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორუფციული სქემის მიხედვით, სს "ქართუ ბანკმა" თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის აიპ საზოგადოებრივი მოძრაობა – "ქართული ოცნებისთვის" შემდგომი გადარიცხვის მიზნით.
"ამ ფაქტს ადასტურებენ სს "ქართუ ბანკის" თანამშრომლები - რ. ქურდაძე და ზ. ხუხუნეიშვილი. რ. ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო - 44 400 ლარი, ხოლო ზ. ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი, თუმცა, შემდგომ უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე მათ უარი განაცხადეს", - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.