თბილისში ახალი წყევლაა: "შენ იმგზავრე ყვითელი ავტობუსით''. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობასა და წყევლას შორის კავშირი ცოტა უცნაურია, მაგრამ ვინც იქ ასულა და ცალი ფეხი კარში "დარჩენია'', ამ წყევლის არსს ნამდვილად ჩაწვდება. ორჯერ უფრო უარესია თუ ყვითელი ავტობუსიდან წვალებით ჩამოსულს კონტროლიორი ბილეთს მოგთხოვს. მისი არქონის შემთხვევაში, ჯარიმას გამოგიწერთ. თუ არ დაემორჩილებით ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ გექნებათ, პატრულის ეკიპაჟს გამოიძახებს და ავტობუსში მგზავრობისგან მიღებულ სტრესს კიდევ გაგიხანგრძლივებთ. ზოგს ნერვები არ ჰყოფნის და კონტროლიორის ლანძღვა-გინებას იწყებს. ზოგიც ფიზიკურად უსწორდება სიცივეში დგომისაგან გათანგულ კონტროლიორს. "ვერსიის'' ინფორმაციით, რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. დეტალების გასარკვევად ყვითელი ავტობუსით მგზავრობა გადავწყვიტეთ.
N59 ავტობუსში ავედი. ვაკემდე დიდი გზაა. ბილეთი ავიღე. რუსთაველის მეტროსთან კონტროლიორები ამოვიდნენ. ბილეთები მოითხოვეს, ვაჩვენე.
- ვისაც არ აქვს აიღოს! მბრძანებლური და მკაცრი ტონით გააფრთხილა მან მგზავრები. ზოგმა დაუჯერა. უმეტესობამ - არა. კონტროლიორი რამდენიმე წამი გაჩერდა. მერე უბილეთო მგზავრებს მიუბრუნდა და ჰკითხა, ბილეთს რატომ არ იღებთო.
- ასეთ ჭყლეტვაში მადლობა თქვი რომ ამოვდივართ. ეს ავტობუსი კი არა, ცხოველების გადასაყვანი მანქანაა. ერთი საათი უნდა ელოდო, მერე მოვა და დაღლილ-დაქანცული იმას ფიქრობ, სად ჩამოჯდე. ამ დროს როგორ ვიფიქრო, ბილეთი როგორ ავიღო? - სიბრაზისგან წამოწითლდა ქალბატონი.
- ამასობაში სხვა დაიკავებს იმ ცარიელ ადგილს და იმგზავრე მერე ჰაერში ჩამოკიდებულმა, - აჰყვა მეორე, საშუალო ასაკის ქალი.
- ქალბატონო, ბილეთი აიღეთ! - თავს წაადგა კონტროლიორი ქალს.
- არა, ძლივს დავჯექი დ ახლა შენი ბილეთისთვის ადგილს ვერ დავკარგავ. ჩასვლისას ავიღებ,- მკვახედ მიუგო ქალმა. ფილარმონიასთან კონტროლიორთა კიდევ მეორე ჯგუფი ამოდის. ისინიც ბილეთებს ითხოვენ.
- ახლა არ ჩავიდნენ?! კარგით რა, სინდისი აღარ გაქვთ?! - რეპლიკა ისროლა ხანდაზმულმა მამაკაცმა, თან ბილეთი გაუწოდა.
- თქვენსავით რომ იქცეოდეს ყველა, ასე კი აღარ ვივლიდით. არც ჩვენ გვეხალისება მგზავრს ყოველწუთს შევუმოწმოთ, აქვს თუ არა ბილეთი. - თავი იმართლა კონტროლიორმა, - მაგრამ არავინ რომ არ გადიხადოს ფული, არც ეს ავტობუსები იარსებებს, მეტროც გადაიჭედება და მოგვიწევს მერე ყველას ფეხით სიარული.
- თუ არ იქნება, ნუ იქნება. ასეთი ტანჯვით მგზავრობას, მგონი ფეხით სიარული სჯობს. ახალგაზრდა, რომ ვიყო, ამ ავტობუსში სულ არ ამოვიდოდი, - თავი ვეღარ შეიკავა მოხუცმა მამაკაცმა.
- აბა, შენ ეგა თქვი, ან ვიღაცა ავადმყოფი მოგიდგება უკან და გეხახუნება, ან კონტროლიორი მოგიშლის ნერვებს და ან ვინმე ბინძური ააქოთებსა ავტობუსს. ახლა კიდევ რა გვიჭირს. ზაფხულში უფრო საშინელებაა მგზავრობა. - გამოეპასუხა საშუალო ასაკის ქალბატონი.
- რამდენჯერმე ბილეთი პროტესტის ნიშნად არ ვიყიდე. მერია გამდიდრებაზე რომ ფიქრობს, არ შეიძლება ავტობუსები დაამატოს?! - აქოთქოთდა ჩასუქებული ქალბატონი.
- ზოგი ისეთი უხეში და ხისთავიანია, კაცობისა და ადამიანობის ნატამალი არ გააჩნია. რომ ეუბნება მისი ტოლი ან უფრო პატარა, ახალგაზრდა ფული არ მაქვსო, ეგრევე დაჯარიმებაზე გადადიან. შე კაი დედმამიშვილო, შედი მის მდგომარეობაშიც, იქნებ მართლა არ აქვს ფული. მე შენ გეტყვი და სამსახურები ყრია ოხრად! - საუბარში თხელი აღნაგობის მამაკაცი ჩაერია. კონტროლიორები "ვერსიასთან'' საუბრისას მგზავრების მხრიდან უხეშობასა და აგდებულ დამოკიდებულებას ადასტურებენ. ლევანი: "ზოგი ისეთი უზრდელია, ბილეთს რომ მოსთხოვ, დედის გინებასა და მუშტიკრივზე გადადის. ყველაზე ცუდად ახალგაზრდები იქცევიან. მოხუცები ბილეთს ყოველთვის ყიდულობენ. პრობლემები ძირითადად 18- დან 45 წლამდე ხალხთან გვაქვს. ზოგი უბილეთოდ მგზავრობს, ზოგიც სხვისი, მოსწავლის ან შეღავათების მქონე პირთა ბილეთით. 10 თეთრიან ბილეთს რომ მაჩვენებს და თან ხელში უახლესი მოდელის მობილური უჭირავს, იმას პირადობას მოვთხოვ და გადავამოწმებ, მართლა ეკუთნის თუ არა შეღავათით მგზავრობა, აბა რას ვიზამ? თუ აღმოჩნდება, რომ მატყუებს, მერე ვაჯარიმებ.'' დათო: "ყოველდღიურად ათობით ადამიანის დაჯარიმება გვიწევს. ზოგი არ გვემორჩილება, პირადობა არ მაქვსო, გვეუბნება, ზოგიც გარბის და გაკიდება გვიწევს. ზოგჯერ პატრულის დახმარებაც გვჭირდება. რომ არ გავეკიდო და არ დავაჯარიმო, ჩვენც გვაკონტოლებენ. ამის გამო შესაძლოა სამსახურიდან გამიშვან.'' დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დედაქალაქის მერიის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ: "2011 წლის განმავლობაში მუნიციპალური ავტობუსით უბილეთო მგზავრობისათვის დაჯარიმდა 76 513 მგზავრი. აქედან ჯარიმა გადაიხადა 63 455 სამართალდამრღვევმა. 2011 წელს დაჯარიმებული მოქალაქების მიერ გადახდილმა ჯარიმების თანხამ 317 275 ლარს მიაღწია. იმ შემთხვევაში თუ მგზავრი დაჯარიმდა, თბილისის მერის 2010 წლის 11 ივნისის N13 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისM3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა), საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-8 მუხლის მიხედვით ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში. დადგენილ ვადაში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი 50 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული სახდელისა და საურავის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს. რაც შეეხება კონტროლიორებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებს, 2011 წლის განმავლობაში 150-მდე ასეთი ფაქტია დაფიქსირებული. აქედან სამართალდამცავების ჩართვა 50-მდე შემთხვევაში განხორციელდა. მიუხედავად ამისა, მგზავრის მიერ კონტროლიორის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, კომპანიის მონაწილეობით არცერთ სასამართლო დავას ადგილი არ ჰქონია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი კონტროლიორს უწევს ფიზიკურ წინააღმდეგობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, კონტროლიორს უფლება აქვს, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.''
ნინო ხარშილაძე
გაზეთი "ვერსია"