მხოლოდ ბიზნესი და არაფერი პირადული? - ”იმედი” გლობალ TV”-ზე აღარ მაუწყებლობს

მხოლოდ ბიზნესი და არაფერი პირადული? - ”იმედი” გლობალ TV”-ზე აღარ მაუწყებლობს

არჩევნები ახლოვდება, სატელევიზიო ეთერს, რომლის ფასიც ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ კარგად იცის, ოქროს ფასი დაედო. ოპოზიციას ვამბობ, თორემ, ერთადერთ კაცს ვგულისხმობ. ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, ხალხს ხმა საკუთარი ტელევიზიით მიაწვდინოს.

ივანიშვილის ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორი, კახა ბექაური საკმაოდ ბუნდოვან დაპირებებს იძლევა: "მე-9 არხი ეთერში სრულყოფილი ფორმატით რომ გავიდეს, რამდენიმე თვე დაგვჭირდება. მაინც მოვახერხებთ კუსტარულად ტელევიზიის აწყობას, სიგნალის ჩართვას იმ საშუალებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. გვინდა საცდელი მაუწყებლობა აპრილში დავიწყოთ, რაც ტექნიკურად და შემოქმედებითადაც დაბალი ხარისხის იქნება. სალიცენზიო ვადა გვეწურება და აპრილისთვის თუ ვერ გავალთ ეთერში, პრობლემები შეგვექმნება".

ბექაურის სიტყვებში აშკარად შეიმჩნევა ერთგვარი განწირულობის განცდა. რაც მე-9 არხის, იმავე "იგრიკას" ეთერში გასვლის შესაფერხებლად მავანთა გატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგია.

კახა ბექაურმა ეს განცხადება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" რამდენიმე დღის წინ გააკეთა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იმედმა" საკაბელო მაუწყებლობა "გლობალ ტვ-ს" აბონენტთათვის შეთავაზებული პაკეტიდან "იმედის" ამოღება მოსთხოვა.

კერძო ტელეკომპანიამ ნებაყოფლობით თქვა უარი საკუთარი მაუწყებლობის გავრცელებაზე და, შესაბამისად, მოგებაზეც. უცნაური და გაუგებარი გადაწყვეტილებაა? არც ისე, თუ გავითვალისაწინებთ, რომ "გლობალ ტვ" ბიძინა ივანიშვილის ძმის მფლობელობაში არსებული საკაბელო არხია და სავარაუდოდ "იგრიკაც", თუ გახსნა ეღირსა, ამ საკაბელო არხით ისარგებლებს - ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება გააკეთოს საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა პირმა. სწორედ ასეთებისთვის ”იმედმა” "გლობალ ტვ-სთვის" გაგზავნილ მოთხოვნას "ახსნა-განმარტებაც" დაურთო, რომელშიც ვკითხულობთ:

"შპს "ტელეიმედი" არის შპს "ჯორჯია მედია გროდაქშენ გრუპ-ის" შვილობილი კომპანია, რომელიც ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას. მისი პარტნიორი ორგანიზაცია გეგმავს საკაბელო ტელევიზიის შექმნას აღნიშნული სიხშირის გამოყენებით. კომერციული მიზნებიდან გამიმდინარე, შპს "ტელეიმედს" მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მისი არხის რეტრანსლაცია მოხდეს პარტნიორი და არა კონკურენტი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით". ანუ, როგორც საქმიანი ადამიანები იტყვიან - "მხოლოდ ბიზნესი და არაფერი პირადული".

და თუ მაინც ჩავეძიებით და "იმედის" გადაწყვეტილებაში სხვა მოტივების ძიებას დავიწყებთ, რა ვარაუდების გამოთქმა შეიძლება? ცოტა შორიდან დავიწყოთ:

საქართველოს პირობებში ტელემაუწყებლობის განხორციელების ყველაზე ეფექტური ფორმა საერთო, მეტრული სიხშირით მაუწყებლობაა, რომელიც თბილისის ანძიდან წარმოებს და რეტრანსლიატორების საშუალებით მთელ საქართველოს ფარავს. მისი მიღება ე.წ. სახლის ანტენებითაც არის შესაძლებელი. ამგვარი მაუწყებლობის ლიცენზია "იგრიკას" არ აქვს (თავის დროზე კომუნიკაციათა მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის გაცემაზე უარის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ მოსახლეობაში არ შეიმჩნეოდა ახალი არხის შექმნის მოთხოვნილება, რომელიც პოლიტიკური ხასიათის გადაცემებს გააკეთებდა).

სამაგიეროდ მე-9 არხი ფლობს თანამგზავრული და საკაბელო სიხშირეებით მაუწყებლობის ლიცენზიებს. მაგრამ, თანამგზავრიდან წამოსული სიგნალის დასაჭერად აუცილებელია "თეფში", რომლის შეძენისა და მონტაჟის საშუალება მოსახლეობის მცირე ნაწილს თუ შეუძლია. იმავეს თქმა შეიძლება საკაბელო სიხშირეზეც. საქართველოს სოფლებში ამ ტიპის მაუწყებლობა პრაქტიკულად არ არის. თბილისში და სხვა ქალაქებში რამდენიმე საკაბელო ტელევიზია მოქმედებს, რომელთაც უფლება აქვთ, თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით ჩასვან ესა თუ ის არხი აბონენტთათვის შეთავაზებულ პაკეტებში, ანდა, ამოაგდონ იქიდან. ასე, მაგალითად, "სილქნეტმა" სიხშირით სარგებლობაზე უარი უთხრა "მაესტროს", მიუხედავად იმისა, რომ ამ არხზე მთელ საქართველოში დიდი მოთხოვნაა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თავის მხრივ, "იგრიკასთან" თანამშრომლობაზე უარი განაცხადა "აიეტმა".

ახლა, რაც შეეხება "გლობალ ტვ-ს". ამ საკაბელო ტელევიზიის მფლობელი, ბუნებრივია, არასოდეს ეტყვის უარს თავისი ძმის მიერ დაარსებულ ტელევიზიას სიხშირის გამოყოფაზე. მეორეს მხრივ, მომხმარებელი მხოლოდ ოპოზიციური მიმართულების არხების, დავუშვათ, "იგრიკას", "მაესტროსა" და "კავკასიის" საყურებლად არ გადაიხდის ფულს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას კონკრეტულ საკაბელო ტელევიზიასთან. ყოველ შემთხვევაში, ასეთი "პრინციპულები", ცოტანი იქნებიან. ეს მაშინ მოხდება, თუ "იმედის" კვალდაკვალ "გლობალ ტვ-ს" სხვა ქართული მაუწყებლებიც მოთხოვენ აბონენტთათვის განკუთვნილი პაკეტებიდან საკუთარი არხების ამოღებას.

და კიდევ: ვთქვათ და "გლობალ ტვ-მ" უკიდურესად გააიაფა, ანდა, სულაც უფასო გახადა მომხმარებლისთვის თავისი მომსახურება, რა მოხდება მაშინ? მიღებულია თუ არა ისეთი კანონი, რომელიც ძმას ძმისთვის ფულის ჩუქებას უკრძალავს?

დავით შალიკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა