თამაშის დროს იმხელა ადრენალინი გამოიყოფა, რომ ნამუსზეც ხელს იღებ

თამაშის დროს იმხელა ადრენალინი გამოიყოფა, რომ ნამუსზეც ხელს იღებ

ტელეფონზე ასეთი მესიჯი მივიღე: "დიდი ხანია, მინდოდა მომეწერა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ჩემი ამბავს მინდა მოგიყვეთ - როგორ დავიწყე თამაში, რა გადავიტანე ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორ "განვიკურნე". იქნებ ჩემმა აღსარებამ 1 ადამიანი მაინც გადაარჩინოს. ჩემს თავგადასავალზე სქელტანიანი რომანი დაიწერება". ბუნებრივია, დავინტერესდი უცნობი ადამიანის ცხოვრებით და შეხვედრა დავთქვით. 32 წლის, სიმპათიური მამაკაცი აღმოჩნდა. მის ყოველ წინადადებაში მხოლოდ გულწრფელობა იგრძნობოდა, სიყალბე არ შემინიშნავს. რესპონდენტმა სურათის გამოქვეყნებაზე უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ ცხოვრებას თავიდან იწყებს, სამსახურიც ახლა უნდა იშოვოს და არ უნდა, ამ აღსარებამ ხელი შეუშალოს - იქნებ დამსაქმებელმა მისი წარსულის გამო შეიკავოს თავი და სამსახურზე უარი უთხრას.

- ყველაფერი ერთი შეხედვით, უწყინარი თამაშებით დაიწყო. მაშინ 15-16 წლის ვიყავი. ჩემი ბავშვობა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქვეყანაში ყველაფრის დეფიციტი იყო. არც შუქი გვქონდა, არც გაზი და წყალი. ეზოში ბავშვებთან ერთად კარტს ვთამაშობდი. მერე უკვე "პრისტავკაზე" ანუ "პოსლეზე" თამაში დავიწყე. ჯერ მცირე თანხას "გავდიოდი", მერე კი "სტავკებს" ვუმატებდით და საკმაოდ დიდ თანხებზეც ავედით. კარტის თამაში აპარატებზე თამაშმა ჩაანაცვლა...

- წაგებულ თანხას ვინ გისტუმრებდა?

- ხშირად - ოჯახი. მამაჩემი რუსეთში ცხოვრობდა და ის უზრუნველგვყოფდა. საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა...

- მშობლები არ გეჩხუბებოდნენ?

- კი, მაგრამ მამაჩემი დამყოლი ადამიანი იყო, რბილი ხასიათი ჰქონდა და იოლად შეიძლებოდა მისი დაშოშმინება. დედაც ხშირად იყო ჩემს მხარეზე. ეშინოდათ, რომ ქურდობა არ დამეწყო და ვალებს მისტუმრებდნენ.

- ალბათ ხშირად იფიცებდი კიდეც, რომ ეს ბოლო იყო და აღარ ითამაშებდი.

- რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშე ასეა... 5 წლის წინ მივხვდი, რომ აპარატზე თამაშზე ვიყავი დამოკიდებული. არ მაინტერესებდა, მოვიგებდი თუ წავაგებდი. მთავარი იყო, მეთამაშა. 1-2 ლარით დავიწყე და რამდენიმე ათასზე ავედი...

- ყველაზე დიდი თანხა რაც წაგიგია, რამდენი იყო?

- კაზინოში 5 ათასი დოლარი წავაგე. რომ წამოვიზარდე, აპარატებიდან კაზინოში გადავინაცვლე და "ბლექჯეკის" თამაში დავიწყე.

- ოჯახში თუ მოგიპარავს რამე იმისათვის, რომ ვალი გაგესტუმრებინა?

- მომიპარავს, დამილომბარდებია კიდეც და გამიყიდია. თუ ვინმეს აინტერესებს, ვეტყვი - თამაში ყველაფერს გააკეთებინებს ადამიანს. ეს დაავადება ნარკომანიაზე უფრო საშინელი რამაა. მე კიდევ რა მიჭირდა, ცოლ-შვილი მაინც არ მყავდა მშიერი. ბევრი 50 წელს გადაცილებული ადამიანი ვიცი, რომლებსაც შინ მშიერი შვილები ელოდებიან და აპარატებსა თუ კაზინოში ათასობით ლარს აგებენ. სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, ხელხი მებარა და მატერიალური პასუხისმგებლობაც მქონდა. მადლობა ღმერთს, რომ ცუდი არაფერი ჩავიდინე და როგორც კი მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ფულის "მოტეხა" დამეწყო, იქიდან ჩემი ნებით წამოვედი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ალბათ ციხეში მოვხვდებოდი.

- არ გიცდია, თავი დაგეღწია ამ "დაავადებისთვის"?

- ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩემს "ავადმყოფობას" საგულდაგულოდ ვმალავდი. ფული სად მიდის, ხელფასი რატომ არ მოგაქვსო? - მეკითხებოდნენ. ძალიან რომ გამიხურეს, 6 თვე გავჩერდი. მერე ისევ დავიწყე თამაში. სირაქლემასავით თავი მიწაში ჩავრგე და მეგონა, ვერავინ მხედავდა და არავინ არაფერი იცოდა. არადა, იმ დროს ყველა გხედავს და ყველამ ყველაფერი იცის...

- 6 თვის მერე რატომ დაიწყე თამაში?

- საკუთარი თავი გამოვცადე - ერთხელ შევალ და მორჩა... მაგრამ ერთხელ რომ შეხვალ, იქიდან ვეღარ გამოხვალ... ყველა მოთამაშე კარგი მსახიობია: თამაშს სწავლობ - ბოდიშს იხდი, ყველას თავს აცოდებ, პირობას დებ, რომ მეტს აღარ იზამ, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. ეს მხოლოდ ხრიკია, რომ ფული იშოვო ან რისხვა აიცილო თავიდან.

- რამ მიგიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თამაშისთვის თავი დაგენებებინა?

- 2011 წელი ჩემთვის კრიზისული აღმოჩნდა. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც თვალი ამიხილა. ყველაზე მტკივნეული კი ერთი ამბავია: ფული მჭირდებოდა და ვინაიდან ვერსად ვიშოვე, ძმაკაცს ვთხოვე, განვადებით რაიმე ძვირად ღირებული ნივთი გამოეტანა. მერე ამ ნივთს შედარებით იაფად გავყიდდი (ვინ არ იყიდის) და "თავანს" ჩავაბარებდი. უარი არ უთქვამს და დამეხმარა. რამდენიმე თვის განმავლობაში ბანკში განვადების თანხის გადახდა ვეღარ მოვახერხე და ბანკიდან მასთან სახლში დარეკეს. ტელეფონს დედამისმა უპასუხა, რომელმაც, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. ბანკის თანამშრომელმა უთხრა, რომ მის შვილს ბანკის ვალი ჰქონდა და თუ სასწრაფოდ არ გადაიხდიდა, სახლს გაუყიდდნენ. ქალს ნერვიულობისგან ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა დამემართებოდა. მეგობრისთვის თვალებში შეხედვა ახლაც კი მიჭირს. ის ჩემი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა. ეს ბოლო წვეთი იყო - ჩემ გამო მეგობრის დედა გარდაიცვალა და ამაზე მეტი საშინელება რაღა უნდა ყოფილიყო?! მეგობრობას ვაგრძელებთ, მაგრამ მიჭირს მისთვის თვალის გასწორება.

2 თვის შემდეგ სიდედრი მომიკვდა, მამაც გარდაიცვალა, ცოლმა მიმატოვა... გიჟს ვგავდი. ამ ყველაფერს თავს ვერ ვაღწევდი. მივდიოდი და ისევ ვთამაშობდი, რადგან თამაში ყველაფერს მავიწყებდა... მხოლოდ ორმა ადამიანმა დამიჯერა - მოძღვარმა და დედამ. მათაც რომ ხელი ეკრათ, დაღუპული ვიყავი... მოძღვარმა მონასტერში გამიშვა, სადაც თვე-ნახევრის განმავლობაში ვიყავი. იქ დღისით კარგად ვგრძნობდი თავს, ღამე კი კოშმარად მქონდა გადაქცეული, რადგან "ლომკა" მქონდა - თამაში მინდოდა... ახლა სამსახური აღარ მაქვს, მონასტერში წასვლის წინ, ბინაც გავყიდე და ყველა ვალი გავისტუმრე. ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყე, თუმცა მონასტრიდან ჩამოსულმა თავი კიდევ გამოვცადე. ნასვამმა ფული ჯიბეში ჩავიდე და წავედი. ავიარ-ჩავიარე სათამაშო აპარატებთან, მაგრამ სურვილი არ გამჩენია, რომ შევსულიყავი. მიმაჩნია, რომ ბოლომდე განკურნებული ჯერ კიდევ არ ვარ, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებ!

- მაქსიმალური მოგებული თანხა რამდენია?

- 2.400 დოლარი - კაზინოში, "ბლექჯეკში" მოვიგე, მაგრამ ის ფული ისევ უკან მივიტანე, რადგანაც ყველა მოგებული თანხა იქვე მაქვს წაგებული. წლების განმავლობაში მოგებული და წაგებული თანხები რომ შეადაროთ, წაგებული გაცილებით მეტია, ვიდრე მოგებული - ალბათ, 1000-ჯერ მეტი.

- შენს მეგობრებს შორის არიან მოთამაშეები?

- არა, არც ერთი ჩემი მეგობარი არ თამაშობს. ბავშვობის ძმაკაცი, ჩემი შემხედვარე, კაზინოსა და აპარატებს ახლოს არ ეკარებოდა. ერთხელ კი მითხრეს, სათამაშოდ იყოო. ლამის ვცემე, - არ დაგინახო იქ შესული-მეთქი. ის კი გავაჩერე, მაგრამ მე ვიღუპებოდი.

- აღიარებ, რომ ოჯახის დანგრევა შენი ბრალი იყო? მეუღლეზე არ ბრაზობ?

- პროტესტის გრძნობა ყველა ადამიანს აქვს და შესაძლოა, ხანდახან გულში გამკრას - ხომ შეიძლებოდა, ასე არ მოქცეულიყო-მეთქი, მაგრამ ეს ხანდახან ხდება. არ ვამტყუნებ, რადგან ისედაც ბევრი გადაიტანა. ან ამდენს როგორ გაუძლო?! მაგრამ ისიც უნდა ითქვას, მას რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, შესაძლოა, არ გავჩერებულიყავი.

- გიყვარს?

- კი, ძალიან. მისმა წასვლამ გონზე მომიყვანა, თითქოს სილა გამაწნეს. ოჯახურ მყუდროებას არაფერი სჯობია. ჩემმა მეუღლემ, 10 წლის განმავლობაში, ბევრ რამეს გაუძლო, ბევრს ითმენდა, ბევრი რამ აკლდა და არაფერს ითხოვდა. კი ვიცოდი და გული მწყდებოდა, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. 8 წლის გოგონა მყავს და სიგიჟემდე მიყვარს. მასაც ძალიან ვუყვარვარ, მადლობა ღმერთს. ერთხელ თურმე თანაკლასელთან ერთად, სათამაშო აპარატებთან გაუვლია და უთქვამს, მამაჩემი ამან დაღუპაო. თუ ნამუსი გაქვს, უნდა მოკვდე, ამას რომ გაიგონებ, მაგრამ რომელ ნამუსზეა ლაპარაკი?! თამაშის დროს იმხელა ადრენალინი გამოიყოფა, რომ ნამუსზეც ხელს იღებ... ის კი არა, შესაძლოა, ათასები წააგო და სიგარეტი არ იყიდო იმის გამო, რომ სიგარეტში გადახდილი ფული თამაშის დროს არ მოგაკლდეს. სხვას სთხოვ სიგარეტს და 2 ლარის ეკონომიას აკეთებ. მათხოვრობ... ამ დროს ჯიბეში 1.000 ლარი გიდევს.

პურს არ ყიდულობენ ოჯახისთვის და ათასობით ლარს აგებენ. მოთამაშის ფსიქოლოგია ასეთია: რომ წააგებს, ამბობს: აუ, ეს რა გავაკეთე?! ხვალ ფულს "დავითრევ" და მორჩა, აღარ ვითამაშებო. მაგრამ დადგება "ხვალე", იშოვის ფულს და ყველაფერი ავიწყდება. ასე გრძელდება წლების განმავლობაში... ვალები გიგროვდება და გამოსავალს ისევ თამაშში პოულობ - იქნებ გაგიმართლოს, მოიგო და ყველა ვალი გაისტუმრო... შესანიშნავი ოჯახი, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები დავკარგე. როცა მოთამაშე ხარ, ყველა კეთროვანივით გაგირბის, რომ ფული არ სთხოვო. სხვა ვერავინ მავნებდა ისე, როგორც საკუთარ თავს ვავნე. ბევრი პატარა ბიჭია დაავადებული. მონასტერში 21 წლის ბიჭი იყო ანალოგიური პრობლემით - ბინაც გაყიდა, მანქანაც; ამ ასაკში უკვე ცოლსაც გაშორებული იყო... ყოველთვის მხიარული ადამიანი ვიყავი, ბოლო დროს კი შევიცვალე, სულ ჩაფიქრებული, თავჩაღუნული დავდიოდი. ყველა მოთამაშე ასეა, გამუდმებით პრობლემებზე ფიქრობს.

- ახლა შვებით ამოისუნთქე?

- კი, მაგრამ მაინც მიჭირს...

- ყველაზე მეტად რას ნანობ?

- ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი ადამიანების დაკარგვაა. ფული, სახლი, ქონება წყალსაც წაუღია, ამ ყველაფრის შეძენა კიდევ შეიძლება. ჩემი საქციელით ადამიანები დავკარგე და ყველაზე მეტად ამას ვნანობ. ძნელი კი დაკარგული რეპუტაციისა და ნდობის აღდგენა ყოფილა. მოძღვარმა მითხრა, - ნუ ილაპარაკებ ბევრს; რომ განიკურნე, ეს საქმით დაამტკიცეო და ვეცდები, ასეც მოვიქცე... უამრავი გაუბედურებული ადამიანი მინახავს, ბევრს თავიც მოუკლავს.

- შენ თუ გაგჩენია თავის მოკვლის სურვილი?

- კი, გამჩენია და არაერთხელ. ეს ალბათ ყველა მოთამაშეს გამოუცდია. ზოგი იკლავს კიდეც თავს, რადგან პრობლემებს ვეღარ ერევა, ზოგი კი ამის იმიტაციას ახდენს, რომ ახლობლები შეაშინოს... ყველა შევიძულე, მეგონა, რომ ყველა ჩემ წინააღმდეგ იყო ამხედრებული. მონასტრიდან დაბრუნებულმა, პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ყველას ბოდიში მოვუხადე, ვისაც გული ვატკინე - დას, დედას, ცოლ-შვილს, მეგობრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ამის მერე მიხვდნენ, რომ დავბრუნდი! როგორი კარგი ბიჭიც უნდა გახდე, არავის დაავიწყდება შენი წარსული...

- როგორია შენი მომავალი გეგმები?

- მყარად უნდა დავდგე ფეხზე, მოვიპოვო ხალხის ნდობა, სამსახური ვიშოვო; შევურიგდე ცოლს, დავიბრუნო ოჯახი. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გადასატანი. ურთულეს გზას ვადგავარ, არ არის იოლი ამ "ავადმყოფობის" დაძლევა. სირთულე სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ცხოვრების შეცვლა გადავწყვიტე... აქამდე თითქოს ნისლში ვიყავი და ახლა გაიფანტა ბურუსი, გამოვფხიზლდი.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"