ექსპერტ ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ნერვული რეაქციების გარეშე უნდა ისწავლოს.
"დროა, ვისწავლოთ ჩვენი პარტნიორების მეგობრული რეკომენდაციების, რჩევებისა თუ დასკვნების კორექტულად წაკითხვა. პროცესების უფრო დემოკრატიულად განვითარების თაობაზე კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით ბასის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი სურვილით იყო განპირობებული და მას სრულიად არასაჭირო აჟიოტაჟი მოჰყვა. მის განმარტებაში ყველაფერი უნდა გავიგოთ ისე, როგორც თქვა. მასში დაფარული აზრის დანახვა სრულიად ზედმეტია", - განუცხადა "ინტრეპრესნიუსს" ირაკლი მენაღარიშვილმა.
მისივე განმარტებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, მათ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს.
"რჩევა უნდა იყოს გაგებული, როგორც რჩევა. თუ ვიღაცას ბასის სიტყვების გამო დისკომფორტი გაუჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ატეხილი აჟიოტაჟით სწორედ მის დაძლევას ცდილობს. მე ასე მეჩვენება. თუ რჩევებს ყურს მივუგდებთ და გავითვალისწინებთ, ამით ჩვენი საქვეყნო საქმე მოიგებს და ნერვული რეაქცია საჭირო სულაც არაა", - აღნიშნა ექსპერტმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს ვერ მისცემს.
"ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საქართველოში ზის აშშ-ის ვიღაც წარმომადგენელი და მისი სიტყვა არის გადამწყვეტი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არამედ ნებისმიერი ელჩის პოზიცია არის ანგარიშგასაწევი, მაგრამ ეს არ არის დირექტივა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივას ვერ მისცემს, მაგრამ თუ მაინც აძლევს ასეთ დირექტივას და ხელისუფლება იღებს, მე ასეთი არც ხელისუფლება მინდა და არც ელჩი. ვერ გავიგე, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტზე", - განაცხადა ბობოხიძემ.