რა ინციდენტი შეემთხვა რადიოში ქალებთან დავით როსტომაშვილს

რა ინციდენტი შეემთხვა რადიოში ქალებთან დავით როსტომაშვილს

იუმორისტი დათო როსტომაშვილი პოლიტიკოსობას აპირებს, სლოგანი დიდი ხანია მოფიქრებული აქვს - "მომღერლებში მიყვარს სტინგი, ჟურნალებში - "რეიტინგი", თუმცა სანამ როსტომაშვილი ნაცმოძრაობის სახე გახდება, იუმორისტს პირად და შემოქმედებით სიახლეებზე ვესაუბრეთ.

- დათო, როგორც გავიგე, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთ-ერთ რადიოს სტუმრობდი, ინციდენტი მოხდა. ამბობენ, საქმე სასამართლომდე მივიდაო.

- რა ინციდენტი? არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

- ამბობენ, დათო როსტომაშვილი ნასვამი იყო და იქ მყოფი სუსტი სქესის წარმომადგენლების მომხიბვლელობით ზედმეტად აღფრთოვანდა, გაიწია და ერთი-ორ ქალზე "იერიში" მიიტანაო...

- კიდევ ვამბობ, რადიოში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ანეკდოტები მოვყევი მეგრელებზე, სვანებზე, კახელებზე, სომხებზე. ეროვნულ უმცირესობას ნუ ახსენებო, აღშფოთდნენ. რა შუაშია ეროვნული უმცირესობა, ხუმრობა ხუმრობაა. თანაც ჩემზე მეტად სომხებს პატივს ვინ სცემს, ისანში ვცხოვრობ, სადაც მარტო მე ვარ კახელი, დანარჩენი სომხები არიან.

- ანუ ქალებზე ძალადობის მცდელობის ფაქტს არ აღიარებ?

- არა. "იერიშის მიტანა" რადიოში და ტელევიზიაში არ ხდება (იღიმება). მაგრამ თუ იქ მომუშავე რომელიმე ქალბატონს მოეჩვენა, რომ შეურაცხყოფა მივაყენე, ბოდიშს ვუხდი.

- საერთოდ, ქალებისა და სიყვარულის თემა შენს ცხოვრებაში აქტუალურია?

- სულ შეყვარებული ვარ. პირველად ბაღში მიყვარდა ჩემი მასწავლებელი. ის გათხოვდა და გავებუტე. მერე მოვიდა ქმართან ერთად. მეუღლესთან წარმადგინა, ეს ჩემი თაყვანისმცემელი დათო როსტომაშვილიაო. ისიც "ჩამედრასტა" ყოჩაღად და მითხრა, კაცურად შევთანხმდეთ - ამას მე წავიყან ცოლად და გოგო რომ გვეყოლება, შენ ის შეირთეო. შემდეგ მეორე კლასში მომწონდა ერთი გოგონა, მაგრამ როცა პირველად სერიოზულად გამოვცადე ეს გრძნობა, უკვე 16-17 წლის ასაკში ვიყავი და მალევე ვიქორწინეთ.

- ნაადრევად მიგიღია გადაწყვეტილება.

- როცა სიყვარული მოგადგება და გულის კარზე მოგიკაკუნებს, უნდა გაუღო. ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები ერევიან ასეთ საქმეებში, უშლიან ნაადრევად დაქორწინებას. მერე მამაკაცი 30 წელს რომ გადასცდება, ეხვეწებიან, დაქორწინდიო, მაგრამ აღარაფერი გამოსდით.

- დათო, თავიდან სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრე, შემდეგ იურიდიული. რატომ? დაეჭვდი, რომ ცნობილი მსახიობი გამოხვიდოდი?

- სანამ სკოლას დავამთავრებდი, არტოს ბაღში, გოგი თოდაძის თეატრალურ დასში ვიყავი. იმ წლებში უკვე სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, მაგრამ პოპულარობა მოგვიანებით მოვიდა. სიმართლე გითხრათ, მანამდე არ მეცალა მსახიობობისთვის. სულ ომი და უბედურება იყო, მე მაშინ პოლიციაში ვმუშაობდი.

- ადამიანების დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ ათწლეულებია არ იცვლება. ძალოვანი სამსახურიდან ისეთ ჰუმანურ პროფესიაზე, როგორიც იუმორისტობაა, გადართვა არ გიჭირს?

- პოლიციის მიმართ დამოკიდებულება როგორ არ შეცვლილა, ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ ეს ცვლილება ვერ დაინახო. მე შიგნიდან ვუყურებ ამ პროცესებს და ვხედავ იმ თავდაუზოგავ შრომას, რასაც ჩვენი სამართალდამცველები ეწევიან.

- მგონი, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ.

- როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ, ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. მე მილიციაშიც ვმუშაობდი, ამ სფეროში ყოფნის 20-წლიანი სტაჟი მაქვს და მაშინდელი და ახლანდელი სიტუაცია დღე და ღამესავით განსხვავდება.

- ხანგრძლივი სტაჟი გქონია, ცოდვებსაც საკმარისად დააგროვებდი.

- ადამიანი როცა იბადება, იქიდანვე ცოდვილია, მაგრამ შეგნებულად ბოროტება არავისთვის გამიკეთებია. პოლიციაში კი არა, შეიძლება ხუმრობის დროსაც რაღაც ისეთი ვთქვა, ცოდვაში ჩამეთვალოს. თუ გაუცნობიერებლად რამე ცოდვა ჩამიდენია, უფალმა მომიტევოს.

- როგორც ამბობენ, ბევრად ადვილია ადამიანი აატირო, ვიდრე გააცინო. შენ ბევრს შრომობ, სანამ საკონცერტო ნომერს დაწერ?

- საქართველოში იუმორის ბაზარი მწირია, თანაც ქართველი მაყურებელი კრიტიკულია. რუსეთში იუმორისტი ერთი პროგრამით გასტროლს რომ დაიწყებს, სანამ მთელ ქვეყანას შემოივლის, მისი ტექსტი აღარავის ახსოვს. საქართველოში კი ერთი ტექსტი ორჯერ თუ გაიმეორე, ჩათვალე, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ამიტომ სულ ახლის ძიებაში ხარ. სანამ "იუმორინა" დაიწყება, ორი თვე რეპეტიციები მიდის. თუ ამ დროის განმავლობაში, ჩემი იდეის მსგავსი იდეა ვინმეს გაუჩნდა და ტელევიზიით გაჟღერდა, მაშინ ჩემი გამოსვლა თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს. ეს პროცესი ძალიან რთულია.

- პოლიტიკოსების პაროდიას რატომ არ აკეთებ, მათი განაწყენების გეშინია?

- რატომ უნდა მეშინოდეს, უბრალოდ, ვცდილობ პოლიტიკისგან შორს ვიყო. თუმცა როგორც ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდესო. შეიძლება ამ სფეროთი დავინტერესდე. რატომაც არა, ყველას, ვისაც ნიღაბი არ უკეთია და ქვეყანა უყვარს, შეუძლია პოლიტიკაში ჩაერთოს და ქვეყნის მომავალზე იზრუნოს.

- ანუ ნაცმოძრაობის სახე გახდები?

- ვნახოთ. გამორიცხული არაფერია. თუმცა ჯერჯერობით აპოლიტიკური ვარ.

- ახლა ანეკდოტი მომიყევი თორემ დამავიწყდა, რომ სტუმრად იუმორისტთან ვარ.

- მამა ეუბნება შვილს: - პლანი რატომ მოწიე? - ვინ გითხრა? - ჩიტებმა ამბავი მომიტანეს. - აუ, ჩიტებს შენ ელაპარაკები და პლანის მოწევას მე მაბრალებო?.. ამას წინათ, პაატა გულიაშვილმა დამირეკა, გურჯაანში იგეთი სიცივეა, მზე დუბლიონკით ამოიდაო...

ხათუნა მაღრაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"