სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტებში სასჯელაღსრულების დირექტორები, მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ფიგურირებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ტუღუშმა განუცხადა, პარლამენტში გამოსვლისას კონკრეტულ სახელებს და გვარებს დაასახელებს, რომლებსაც პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
სახალხო დამცველის თქმით, ესენი არიან მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების, ქსნის დაწესებულების, ქუთაისის #2 და გლდანის # 8 დაწესებულებების დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, რეჟიმის უფროსები, სოციალური მუშაკები და სხვა კონკრეტული თანამდებობის პირები.
"პატიმრები მათ არასათანადო, უხეშ მოპყრობაში, გინებაში, ცემაში, უკანონო დასჯაში, სხვადასახვა მითითებების გაცემაში ადანაშაულებენ. ერთადერთი დოკუმენტი ჩემთვის პატიმართა დაზიანებებია, რომელიც არაერთ ფაქტზეა აღწერილი. ვიდეოჩანაწერი ნამდვილად ვერ იარსებებს ამ შემთხვევების. ყველა ფაქტს ზუსტი აღწერილობა აქვს, როდის ჰქონდა ადგილი, სად ჰქონდა ადგილი, ვის მიერ განხორციელდა. საგამოძიებო ორგანო ამითი თუ დაინტერესდება დამერწმუნეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში შედეგს მიიღებს. მე ვერ გეტყვით, რომ ყველა ფაქტი 100 პროცენტით დადასტურებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც არ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ არც ერთი პირი პასუხისგებაში არ მიეცეს. ამ ფაქტებზე გამოძიებას ვითხოვთ",-აცხადებს სახალხო დამცველი.
მისვე ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში ბოლო მონიტორინგის დროს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დახვდათ. კერძოდ, გადალაპარაკებისთვის და ხმაურისთვის კარცერში ჩაყვანილი იყო 400 -მდე პატიმარი.
გიორგი ტუღუშის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ტუღუშმა განუცხადა, 2011 წლის პატიმართა სიკვდილიანობის მონაცემები, ფაქტობრივად, 2010 წლის იდენტურია. 2011 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში 140 პატიმარია გარდაცვლილი, 2010 წელს კი - 142 იყო.
"პატიმართა რაოდენობა იგივეა - 24 300, რაც 2010 წელს იყო. თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შენარჩუნებულია. 140 ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება პენიტენციურ სისტემაში ვერ პასუხობს სტანდარტებს. რამდენიმე პატიმრის გარდაცვალების დასკვნა, რომლებიც ჩვენს მიერ იყო შესწავლილი, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არ უნდა დარჩენილიყვნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, მათი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ იქ მკურნალობა და ზრუნვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ანუ, პირები, რომლებიც ექვემდებარემოდნენ სასჯელის გადავადებას, სიცოცხლის ბოლომდე იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს თამამად შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას ამ ადამიანების მიმართ", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში პარლამენტში დღეს შევა. 600-გვერდიანი დოკუმენტი 25 ქვეთავადაა დაყოფილი.