წელს 37 000 ადგილისთვის 35 000 აბიტურიენტი იბრძოლებს

წელს 37 000 ადგილისთვის 35 000 აბიტურიენტი იბრძოლებს

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 000 აბიტურიენტი გავა. უმაღლესი სასწავლებლების მიერ კი ახალი კონტინგენტის მისაღებად სულ გამოყოფილია 35 000 ადგილი. საერთო ჯამში ეს ციფრები იმაზე მიუთითებს, რომ კონკურსი თითქმის საერთოდ არ არის. თუმცა, გარკვეულ ფაკულტეტზე გაცილებით მეტი შემსვლელია, ვიდრე სხვა დანარჩენზე.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ექნებათ: მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებმა თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტი აირჩიეს; სიახლეა ისიც, რომ სამ მთავარ გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა) ერთად მეოთხე საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი საგნები შეარჩიეს; სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა.

ვიდრე აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავლენ, ჯერ სკოლაში გამოსაშვები, ანუ საატესტატო გამოცდები უნდა ჩააბარონ. გასული წლის მსგავსად, წელსაც საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. "კატის" ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იტყობინება, კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში 5,5 იქნება. გამოცდები საგნების მიხედვით საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.

როგორც "რეზონანსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან შეატყობინებს, წელს საერთო ჯამში უმაღლესი სასწავლებლების მიერ 35 000 ადგილი გამოიყო. ცენტრში იმაზეც იყო საუბარი, რომ წელს ისეთი გაუგებრობა, როგორსაც შარშან ჰქონდა ადგილი, აღარ მოხდება. კერძოდ, უმაღლესი სასწავლებლებიდან მხოლოდ ისეთები მიიღებენ ახალ კონტინგენტს, რომელბმაც აკრედიტაცია გაიარეს.

შეგახსენებთ, რომ შარშან აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილი იმ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ, რომლებსაც ავტორიზაცია გავლილი არ ჰქონდათ. ასეთ სასწავლებლებს კი სახელმწიფო დონის დიპლომის გაცემა არ შეუძლიათ. შესაბამისად, ჩარიცხულ აბიტურიენტებს გადასვლა სტუდენტთა მობილობის პროგრამით სხვა უმაღლეს სასწავლებელში მოუწიათ.

მართალია, 35 000 ადგილისთვის 37 000 აბიტურიენტი იბრძოლებს, მაგრამ გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კონკურსი გარკვეულ ფაკულტეტებზე მაინც არის. თუმცა რომელ ფაკულტეტებზეა - ამაზე ჯერ ვერ საუბრობენ, რადგან დარესგიტრირებული მონაცემების შეჯამება და დეტალიზაცია ახლა მიმდინარეობს". რეზონანსის" ინფორმაციით, ეს ძირითადად ისევ იურიდიული მიმართულებაა, ასევე ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინა და საერთაშორისო ურთიერთობები.

როგორც ცნობილია, სწორედ ამ ფაკულტეტებზე გასული წლიდან განსხვავებული დაფინანსების სისტემა ამოქმედდა. მაშინ, როცა გრანტი, ანუ სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ ან 30%-იანი, ან 50%-იანი, ან 70%-იანი და ან 100%-იანია (იმის მიხედვით, თუ აბიტურიენტი როგორ ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს), ამ ფაკულტეტებზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც აღნიშნულ რომელიმე ფაკულტეტზე ისურვებს უმაღლესი სწავლის გაგრძელებას, ყველა გამოცდაში მაღალი ქულა უნდა მიიღოს, რათა გრანტს გამოჰკრას ხელი.

ამგვარი დაფინანსების შემოღება მიზნად ისახავდა იმ სპეციალობებისა და მიმართულებების წინ წამოწევას, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატასტროფულ მდგომარეობაშია. ესენია ძირითადად საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) დარგის მეცნიერებები და საინჟინრო ფაკულტეტი. აღნიშნული დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სულ მალე შესაძლებელია, ამ დარგებში სპეციალისტები ჩვენს ქვეყნას აღარ ჰყავდეს.

დაფინანსების ზემოთ აღნიშნული სისტემის შემოღებამ გარკვეულწილად გაამართლა, რადგან შარშან საბუნებისტყველო მეცნიერებებსაც გამოუჩნდათ მსურველი და საინჟინრო ფაკულტეტსაც. თუმცა, როგორც წელს აღმოჩნდა, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინა კვლავ პრესტიჟულად რჩება". ახლაც კონკურსი იმ მიმართულებებზე იქნება, რომლებზეც გასულ წელს იყო; იურიდიულზე, ეკონომიკაზე, მედიცინაზე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პედაგოგიკის დარგის მეცნიერი ზურაბ ვახანია. - ნეტა, რად უნდათ, რომ ამ მიმართულებებს ირჩევენ?! ამ სპეციალობების არჩევას არანაირი აზრი რომ არ აქვს, ვეღარ შეიგნეს. 10 000 ეკონომისტი რომ იქნება, სამუშაო სად უნდა იშოვონ?!"

მისი მოსაზრებით, წელს საერთო ჯამში კონკურსი საერთოდ არ იქნება.

ზურაბ ვახანია: "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა - კონკურსი უმაღლეს სასწავლებლებში აღარ არის. ამის მიზეზი აბიტურიენტების მხრიდან ფულია (უმეტესობას სწავლისთვის ფული და შესაძლებლობა არ აქვს), სახელმწიფოს მხრიდან კი - ფულის მიღება. საერთო ჯამში კონკურსი, ალბათ, არ იქნება, რადგან ზოგიერთი აბიტურიენტი ისედაც ჩაიჭრება".

ილიაუნის რექტორი გიგი თევზაძე თვლის, რომ წელს დაბალი კონკურსი სულაც არ არის. აღნიშნული ციფრები კი, როგორც თავად "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, აბსოლუტურად შეესატყვისება ერთმანეთს.

გიგი თევზაძე: "რატომ არის დაბალი კონკურსი?! მე როგორც ვიცი, სკოლას ამთავრებს დაახლოებით 40 000 ბავშვი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კონკურსში იმაზე მეტი ვერ იქნება, ვიდრე ამთავრებს. რამდენიც ამთავრებს, დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც უნდა უმაღლესში ჩაბარება. შესაბამისად, დაბალი კონკურსი არ არის; ეს არის იმ ადგილების რეალური შეფარდება ერთი მხრივ დამთავრებულებისა და მეორე მხრივ გამოცხადებული ადგილების რაოდენობასთან. დაბალი კონკურსი იქნებოდა მაშინ, მაგალითად 40-მა რომ დაამთავროს და 15-მა რომ მიიღოს მონაწილეობა გამოცდებში. სულაც არ არის ცუდი ის, როცა უმაღლესი სასწავლებლები აბიტურინტებს სთავაზობენ დაახლოებით იმდენივე ადგილს, რამდენიც სკოლას ამთავრებს. თანამდეროვე განათლება მოითხოვს უმაღლეს განათლებას ყველა სფეროში".

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"