მარინა ლეკიშვილის სიმღერებს ძირითადად მისი მეგობრები მღერიან და ამ გზით ხდება ისინი საზოგადოებისთვის ცნობილი. სიმღერებს მომღერლებს სრულად ანდობს და არასოდეს ერევა მათ კომპეტენციაში. მათ შორისაა სიმღერა "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", რომელსაც გოგი დოლიძე ასრულებდა... დღეს, როცა ქალბატონი მარინა მეგობრებთან ერთადაა და სიმღერას სთხოვენ, სურვილს იშვიათად უსრულებს. მღერის სიმღერას "წლები გადის", მაგრამ არასოდეს - "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს", რადგან გოგის შემდეგ ეს წარმოუდგენლად მიაჩნია...
- თბილისში, მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მშობლები კარგად მღეროდნენ. დედის დედას, ანუ ბებიაჩემს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის კონსერვატორიაში უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ის ბაბუამ მოიტაცა, ცოლად მოიყვანა და ამის გამო მისი მუსიკალური კარიერა არ შედგა. მამაჩემს სამი ძმა და ორი და ჰყავდა. ყველანი მღეროდნენ და ეს ერთი დიდი ანსამბლი იყო. ნიკო ლეკიშვილი ჩემი ბიძაშვილია. მოგეხსენებათ, რომ ის კარგად მღერის. პატარები რომ ვიყავით, ნიკოს სულ უკან დავდევდი, მან გიტარაზე დაკვრა და სიმღერები მასწავლა. ის ჩემი პირველი მასწავლებელია (იღიმის). საერთოდ, მთელი ცხოვრება მუსიკის თანხლებით გავატარე. ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველდღე იშლებოდა სუფრა და ჩვენი სახლიდან სულ სიმღერა ისმოდა.
- ბატონი ნიკო პლეხანოვზე ცხოვრობს, ბავშვობა თქვენც იმავე უბანში გაატარეთ?
- ჩვენც და ჩემი დანარჩენი ბიძებიც იქვე ვცხოვრობდით. შემდეგ ჩვენმა ოჯახმა ბინა დიდუბეში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი უბანი ერთმანეთთან ახლოსაა, მამაჩემისთვის ეს მანძილი საკმაოდ გრძელი იყო. სულ იმას ამბობდა, ძმებისგან შორს ვარო (იღიმის). 23- ე ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სასკოლო კონცერტებში. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე. იქ გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, ბატონ ნოდარ ნაჭყებიას შევხვდი. მას ჩემი სიმღერა მოეწონა და მეორე კურსიდან თავისთან გადასვლა შემომთავაზა. ბატონმა ნოდარმა ახალი სპეციალობა დააარსა - საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია უცხო ენების სწავლებით და მეორე კურსიდან იქ გადავედი. ჯერ გეოგრაფიის ფაკულტეტის ანსამბლში ვმღეროდი, მოგვიანებით უნივერსიტეტის ანსამბლში. როცა უმაღლესში სწავლა დავამთავრე, იმ ანსამბლში კიდევ დავრჩი. ჩვენი ხელმძღვანელი ჯერ იყო ნუგზარ ედილაშვილი, რომელიც უდროოდ გარდაიცვალა, შემდეგ არაჩვეულებრივი პიანისტი და კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი, რომელიც დღესდღეობით მოსკოვში მოღვაწეობს. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კუთხეში ჩავდიოდით და კონცერტებს ვატარებდით. კონცერტი გვქონდა ასევე: იუგოსლავიაში, ვილნიუსში, ოდესაში და სხვა ქალაქებში. იმ პერიოდში უნივერსიტეტს უძლიერესი ხალხური სიმღერის ანსამბლი ჰყავდა, რომელსაც კოტე მშვიდობაძე ხელმძღვანელობდა. ამ ანსამბლში გურამ თამაზაშვილთან ერთად, მთელი ქართული ხმების თაიგული იყო წარმოდგენილი. მახსოვს, იუგოსლავიაში ამ ბიჭებმა როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს მაყურებელზე. უნივერსიტეტის შემდეგ, წლების განმავლობაში, სხვადახვა ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ ისევ უნივერსიტეტში დავბრუნდი გეოგრაფიის ფაკულტეტზე, სადაც ოცი წელი გავატარე. ვმუშაობდი უნიჭიერესი მომღერლის ეკა კვალიაშვილის მუსიკალურ სტუდიაში. პარალელურად დღემდე იტალიურ სკოლა "ჯეჯილში" პედაგოგი ვარ. 2005 წლიდან ვმოღვაწეობ ფსიქიატრიის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში სტაციონარის რეაბილიტაციის განყოფილებაში მუსიკოს- თერაპევტად. ეს განყოფილება ქალბატონი ლალი ბანძელაძის დიდი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა. რეფორმის შემდეგ ეს განყოფილება განთავსდა ქალაქის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც არაჩვეულებრივი პირობებია. თუმცა, თანხების სიმცირის გამო, ჯერ ვერ ხერხდება ყველა მიმართულების დაფინასნსება, მათ შორის მუსიკათერაპიის. კლინიკის დირექტორმა ბიძინა მგალობლიშვილმა შესანიშნავი პირობები შეგვიქმნა და იმედი მაქვს, ჩემს საქმეს მალე დავუბრუნდები. ქრონიკულ ავადმყოფებს ვამღერებ, ვაცეკვებ და ვცდილობ, გავულამაზო და შევუმსუბუქო იქ ყოფნა და ავადმყოფობა. ვატარებთ კონცერტებს, ვიწვევთ მომღერლებს, რომლებთან ერთად ავადმყოფებიც მღერიან. ბევრ პაციენტს მუსიკალური განათლება აქვს მიღებული და ინსტრუმენტზე თავადაც უკრავს და მღერის.
- ქალბატონო მარინა, თქვენ როდის და როგორ დაიწყეთ მუსიკის წერა?
- ყოველთვის რაღაცას ვწერდი და მუსიკას ვქმნიდი. ქართულ და ფრანგულ ენაზე ვწერდი სასიმღერო ტექსტებს, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. რამდენიმე სიმღერა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავწერე. მათ შორის იყო "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", რომელიც მოგვიანებით გოგი დოლიძემ შეასრულა. ჩემი სიმღერების პირველი შემფასებელი ეთერ იოსებიძე იყო. ერთხელ, ზაფხულში ზღვაზე მეგობრებთან ერთად ვისვენებდი. იქვე ჩემი ერთ- ერთი მეგობრის ძმა ზურიკო ერისთავიც იყო. როცა მან ეს სიმღერა მოისმინა, გადამეკიდა მასწავლეო. გიტარით გვერდიდან არ მშორდებოდა და გამუდმებით მღეროდა. ისე გამოვიდა, რომ ეს სიმღერა ზურიკოს ვასწავლე და მე დავივიწყე. ზურიკო ყველას უყვარდა და სადაც მიდიოდა, ამ სიმღერას ასრულებდა. ასე მოედო თბილისის ნაწილს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ეს სიმღერა არსებობს. ერთხელაც, ტელევიზორთან ვზივარ და ვხედავ, რომ ჩემს ამ სიმღერას ნანი გელოვანი და ნუნუკა ფილია მღერიან. გამიკვირდა, არავინ იცოდა, რომ მისი ავტორი მე ვიყავი. ამის შემდეგ გავიდა დრო და ერთ დღესაც თამრიკო ჭოხონელიძე და გოგი დოლიძე ტელევიზიაში დუეტის ჩასაწერად მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თამრიკო ჩემი ძალიან ახლობელია, არც მან იცოდა, რომ სიმღერის "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს" ავტორი მე ვიყავი. ეს არც გოგისთვის იყო ცნობილი. მე და გოგი სტუდენტობიდან ვმეგობრობდით. კონცერტებზე ერთად გამოვდიოდით. საერთოდ, სიცილთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. გოგიმ ეს იცოდა და სიმღერის დროს სულ მაცინებდა (იღიმის).
- როგორ შეიქმნა "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს?"
- ყველა ჩემი სიმღერა თავის ტექსტიანად უცბად იქმნება. ტრიო "სიმის" მომღერლები ჩემი მეგობრები არიან. ერთხელ სუფრასთან ვისხედით და რაღაც მელოდია წავიღიღინე. მოეწონათ, მაგრამ ტექსტი არ მქონდა. დავურეკე უნიჭიერეს პოეტ ზურაბ გოშაძეს, მოვიდა და სიმღერისთვის ძალიან ლამაზი ტექსტი დაწერა. სიმღერას "თბილისის დედოფალს" დავარქვით. ეს ერთადერთი სიმღერა მაქვს ზურას ტექსტზე, დანარჩენს ყველას ჩემი ტექსტი ახლავს.
- თამრიკო ჭოხონელიძემ და გოგი დოლიძემ როგორ გაიგეს, რომ ის სიმღერა, რომელიც დუეტში ჩაწერეს, თქვენი იყო?
- თამრიკოს დავურეკე და ვუთხარი. მადლობელი ვარ თამრიკოსი, რომ მან გოგის ეს სიმღერა მიაწოდა. მისი დახმარებით გოგიმ ასე ლამაზად შეასრულა. მერე გოგი შემეხმიანა და მითხრა, მამა, მაგ სიმღერას რომ ვმღერი, ყველა ქალი ჩემით მოხიბლულიაო.
- როგორც ვიცი, გოგი დოლიძე ახლობლებს ამ სიტყვით მიმართავდა - "მამა"...
- კი, ასე იცოდა. მეტყოდა ხოლმე, შენი სიცილი მტკვრის მეორე სანაპიროზე მესმისო (იღიმის).
- საერთოდ, როგორ წერთ სიმღერებს? საამისოდ მშვიდი გარემო აუცილებელია?
- მე მჭირდება დადებითი ემოცია, თუმცა კარგი ემოციების შემდეგ, რატომღაც სიმღერები სულ სევდიანი გამოდის. სიმღერა "რა გინდოდა, რა გინდოდა" პირველად ტრიო "სიმმა" იმღერა, ახლა კი მას "თეატრალური კვარტეტი" ასრულებს. ეს იყო ჩემი მეორე სიმღერა, რომელიც სცენაზე იმღერეს. მე ეს არც ვიცოდი და როცა დამირეკეს და მითხრეს, ძალიან ცუდად გავხდი. ვერ წარმომედგინა, ეს სიმღერა სცენაზე როგორ გაჟღერდებოდა. მე არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ვინმეს ჩემი სიმღერა ემღერა, ვწერდი ჩემთვის და არ მეგონა, თუ ისინი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა. სიმღერა "არ მაჩუქო ვარდები", რომელსაც დღეს ლაშა ღლონტი ასრულებს, ჯერ კიდევ მაშინ დავწერე, როცა გოგი ცოცხალი იყო. გოგის ამ ამბის შესახებ ვერ ვეუბნებოდი. მრცხვენოდა, ეს ჩემს ხასიათში არ ზის. ერთხელ მეგობრებთან ერთად ვიყავი და გოგიმ მითხრა, გავიგე სიმღერა დაგიწერია და მომასმენინეო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის მეგობრები ვიყავით, ძალიან ავნერვიულდი, ავკანკალდი, ფორტეპიანოსთან დავჯექი და ძლივს ვიმღერე. სიმღერა რომ დავამთავრე, გოგის გავხედე, მას თავი ხელზე ჰქონდა დაყრდნობილი და თქვა, მამა, ეგ სიმღერა როდის ჩავწეროთო. თან მთხოვა, ის მანამდე არ მემღერა, სანამ არ ჩაწერდა. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ, გოგიმ დამირეკა და ასეთი რაღაც მითხრა, "არ მაჩუქო ვარდები" რამდენიმე ადგილას ვიმღერე და ატირდნენო. მერე ქალბატონ ლია ხუგაშვილთან წამიყვანა. მახსოვს, მას უთხრა, ქალბატონო ლია, ეს სიმღერა ჩემი ცხოვრებაა და ისე უნდა ვიმღერო, როგორც მარინას პირველი სიმღერაო.
- სამწუხაროდ, ახლა ამ სიმღერის ტექსტს ვერ ვიხსენებ...
- ტექსტში კაცი უმღერის ქალს, რომელიც მისი არასოდეს იქნება. საუბედუროდ, გოგის ამ სიმღერის ჩაწერა არ დასცალდა. შემდეგ ის დიდხანს იდო. მოგვიანებით ის არაჩვეულებრივად იმღერა ლაშა ღლონტმა და ეს სიმღერა მის სოლოკონცერტზეც შესრულდა.
- საბავშვო სიმღერებსაც წერთ...
- წლებია ბავშვებთან ვმუშაობ და მათთვის სიმღერებს ვწერ. ისინიც ჩემს ტექსტებზეა აგებული.
- ანუ სიმღერას და ლექსს ერთდროულად წერთ...
- დიახ, მაგრამ მე ამას უფრო სიმღერის ტექსტს დავარქმევდი. იშვიათად, სუფრასთან ყოფნის დროს, ვწერ სახუმარო ლექსებსა და ექსპრომტებს რამე ფაქტსა თუ მეგობრებზე.
- ხშირად ისე ხდება, რომ რეჟისორი ერთი ფილმით, მსახიობი ერთი როლით, კომპოზიტორი ერთი სიმღერით ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. როგორ ფიქრობთ, თქვენთვის ყველაზე წარმატებული "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობსაა"?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ ასეა, რადგან ის გოგიმ ჩაწერა და თან ეს სიმღერა ამდენი წელია ცოცხლობს. გოგიმ ეს სიმღერა 1987 წელს შეასრულა, ანუ ის 25 წელია სიცოცხლეს აგრძელებს. პირადად ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერა "წლები გადის", რომელსაც თამრიკო ჭოხონელიძე მღერის და მიყვარს ის სიმღერაც, რომელიც ლაშამ ჩაწერა. ასევე ვალსი "გვიანი სიყვარული" ნუკრი კაპანაძის შესრულებით.
- დღეს, როცა თქვენს ბიძაშვილ ნიკო ლეკიშვილს ხვდებით, მღერით ხოლმე?
- რასაკვირველია. ძირითადად იმ სიმღერებს ვასრულებთ, რომლებსაც ჩემი მშობლები მღეროდნენ. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. რაც მთავარია, ნიკოს ყველა ის სიმღერა ახსოვს.
- თქვენ როგორი მახსოვრობა გაქვთ?
- მეც კარგი (იღიმის).
- თქვით, რომ სიმღერის შესაქმნელად დადებითი ემოციები გჭირდებათ. ტკივილს სიმღერა არ მოუტანია?
- (ფიქრობს) არა. ყველა სიმღერა თავისი ტექსტით ჩემი ცხოვრების ნაწილია. ისინი ძირითადად ტკივილზეა, მაგრამ შექმნილია ყოველთვის დადებითი ემოციების შემდეგ.
- თქვენი სიმღერები ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის იწერებოდა?
- დიახ. ეს იყო ჩემი მეუღლე. ჩვენ ექვსი წელი ვიყავით ერთად. უბედნიერესი ქალი გახლდით და ვარ, რომ საშა ბადაშვილი ჩემი მეუღლე იყო. ახალგაზრდა დავქვრივდი. ერთი ქალიშვილი მყავს - ქეთა. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინსტრუმენტთან არ მივსულვარ. ჩემი შვილი რომ წამოიზარდა, ერთხელაც მითხრა, ვიმღერებო. აღმოვაჩინე, რომ მას ძალიან კარგი სმენა აქვს. ალბათ არ სურდა სიმღერა, საამისო მოწოდება არ ჰქონდა, თორემ ადამიანმა, როცა ხატვის ან სიმღერის სურვილი აქვს, შეუძლებელია ეს, ადრე თუ გვიან, არ გამოამჟღავნოს (იღიმის).
- დღეს ინსტრუმენტთან რამდენად ხშირად მიდიხართ?
- იშვიათად. ამას იმას ვაბრალებ, რომ პროფესიონალი არ ვარ, ანუ კონსერვატორია არ დამიმთავრებია. შესაბამისად, არ მაქვს პროფესიული ჩვევები, რაც ძალიან ცუდია. სიმღერაზე არ ვმუშაობ. რაც მოვა, იმას "ვდებ" და მერე უკვე აღარ ვუბრუნდები. ეს არ არის სწორი საქციელი და პროფესიონალური მიდგომა.
- თუმცა, შეიძლება ამას დადებითი მხარეც ჰქონდეს, დამუშავება აღარ სჭირდება იმას, რაც პირველი ემოციის შედეგად წამოვიდა...
- შეიძლება, ვერ გეტყვით (იღიმის).
- ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა შემსრულებელი გამოიკვეთა. ახალ თაობაში რომელი მომღერლები მოგწონთ?
- მინდა გითხრათ, რომ კრიტიკული არ ვარ. მკაცრი შემფასებელი ვარ მხოლოდ მაშინ, თუ აზრს ჩემი ახლობელი მეკითხება. თუმცა, როცა ახალგაზრდა მომღერლებს ვუსმენ, მათ შორის ბევრი მომწონს და მიხარია, რომ ამდენი კარგი შემსრულებელი გამოვლინდა. თუმცა, ისიც არ მინდა, რომ მათ თავიდანვე თავი ვარსკვლავებად წარმოიდგინონ. ხანდახან ამ საქმეში მშობელიც ერევა და ბავშვს უნერგავს, რომ ის "სტარია". დავასახელებ რამდენიმე შემსრულებელს, რომლებიც ძალიან მომწონს: ოთიკო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ზვიად ბოლქვაძე, ნათია პერანიძე და კიდევ ბევრი სხვა, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.
- ქალბატონო მარინა, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წლების განმავლობაში ბევრი სიმღერა გექნებათ გაბნეული და დაკარგული...
- არა, ასე არ არის. ხშირად მომსვლია მელოდია სეირნობის დროს და სახლში მოსულს სიმღერა დამიწერია. ისე, ხანდახან არის ხოლმე, რომ რაღაცას ფურცელზე მოვხაზავ და მერე გადავდებ. კი, კი, გამოდის, რომ მართალი ხართ (იღიმის).
ანა კალანდაძეreitingi.ge