როგორი იქნება 2012 წლის გამოცდები

როგორი იქნება 2012 წლის გამოცდები

რამდენიმე თვეში სკოლებში - საატესტატო, უმაღლეს სასწავლებლებში კი მისაღები გამოცდები დაიწყება. განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მორიგ სიახლეებს ჰპირდებიან. გასულ კვირას, აბიტურიენტთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ წელს ყველაზე დიდი კონკურსი საინჟინრო დისციპლინებზე იქნება. მათემატიკურ და ფიზიკურ ფაკულტეტებზე ერთ ადგილზე 10-15 აბიტურიენტი მოდის. ყველაზე დიდი კონკურსია, აგრეთვე, სამხედრო ინჟინერიაზე, სადაც ერთი ადგილისთვის 70 აბიტურიენტი იბრძვის, ელექტროინჟინერიაზე კი - 36 აბიტურიენტი. გვესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის სპიკერი გიორგი მარტაშვილი:

- რა სიახლეებს სთავაზობს წელს აბიტურიენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრი?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გათვლების მიხედვით მივიღეთ. მოგეხსენებათ, საგამოცდო პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ჯერ საგამოცდო პერიოდია, შემდეგ გასწორების პროცესი, პირველადი ჩარიცხვების გამოქვეყნებას კი აპელაციების პროცესი მოჰყვება, ამას მოსდევდა მეორადი ჩარიცხვები და ყოველივე ამის შემდეგ საგრანტო კონკურსის შედეგებს ვაქვეყნებდით. ეს გაჭიანურებული პროცესი აბიტურიენტებისთვისაც დამღლელია. ჩარიცხული სტუდენტები ელოდებიან, მიიღეს თუ არა გრანტი. ზარალდებიან უმაღლესი სასწავლებლები, რადგან შეუძლებელი ხდება სექტემბერში სასწავლო პროცესის წარმართვა, ეს ყველაფერი ხომ ლამის 15 სექტემბრამდე იწელება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეუქმებინა მეორადი ჩარიცხვები. სამაგიეროდ, თუკი ადრე აბიტურიენტებს მხოლოდ 7 უმაღლესი სასწავლებლისა და მიმართულების არჩევანის საშუალება ჰქონდათ, ახლა ეს რიცხვი 20-მდე გავზარდეთ. 20-25 აგვისტომდე დასრულდება ყველაფერი და ჩარიცხულთა სიებთან ერთად საგრანტო კონკურსის შედეგებსაც გამოვაცხადებთ. შესაბამისად, აბიტურიენტებს უკვე აგვისტოში ეცოდინებათ, სად ჩაირიცხნენ და მიიღეს თუ არა სახელმწიფო დაფინანსება. ბუნებრივია, უმაღლესი სასწავლებლებიც ჩვეულ რეჟიმში დაიწყებენ სასწავლო პროცესს.

- რა ცვლილებები შევიდა წელს ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაში?

- მას შემდეგ, რაც წარმატებით დაინერგა გამოსაშვები გამოცდები, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ერთ-ერთი სავალდებულოა. გამოსაშვები გამოცდებისა და მისაღები გამოცდების მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება. უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები აბიტურიენტებს შორის საუკეთესოს არჩევს, გამოსაშვები გამოცდები კი ადგენს, თუ შეესაბამება კონკრეტული მოსწავლის ცოდნა იმას, რაც ასახულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თუ მიიღო მან სკოლაში შესაბამისი ცოდნა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტი კი ორიენტირებული უნდა იყოს ენობრივი კომპეტენციის შეფასებაზე. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ენის კარგად ფლობა, არამედ ყველა აუცილებელი კომპონენტი - წერის კულტურა, წაკითხულის გააზრება... ამ ტესტით მხოლოდ ლიტერატურული ტექსტების ცოდნა აღარ შემოწმდება, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ფუნქცია უკვე სრულად იკისრა გამოსაშვებმა გამოცდამ. 2005 წლიდან დღემდე ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტი ტესტში იყო მოცემული და აბიტურიენტს ვათავისუფლებდით სკოლაში ნასწავლი ნაწარმოების გახსენებისგან. ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ეს ნაწილი ამოვიღოთ. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის არც ერთი კომპონენტი აბიტურიენტებისთვის უცნობი არ არის: წაკითხულის გააზრება, არგუმენტირებული წერა (იგივეა, რაც ფუნქციური წერა), რედაქტირება, სადაც შეცდომები უნდა გაასწოროს აბიტურიენტმა. ამასთანავე, ქართულის ტესტი 80-ქულიანი გახდა.

- მისაღები გამოცდების მაქსიმალური ქულების ზღვარი და გამოცდის ხანგრძლივობა გამოცდების ეროვნული ცენტრის ინტერნეტგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, როდის გამოქვეყნდება ქულების მინიმალური ზღვარი და თუ იქნება ცვლილებები ამ მხრივაც?

- მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ცნობილია მას შემდეგ, რაც ის დააწესა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. მაინც შეგახსენებთ, რომ ყველა საგანში, გარდა უცხო ენისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტია, უცხო ენაში - 20%-ზე მეტი. ამასთანავე, უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობამ სხვადასხვა პროგრამაზე საკუთარი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დააწესა, ყველა ეს მონაცემი შესულია აბიტურიენტთა 2012 წლის ცნობარში, რომელიც ჩვენს ინტერნეტგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, წელს გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 5.5. საატესტატო გამოცდის ფორმატი ისეა აგებული, რომ მოსწავლემ შესაძლოა დავალებები მიიღოს როგორც მარტივი, ასევე საშუალო და რთული ბლოკიდან. როგორი დავალება მიუვა მოსწავლეს, ეს თვითონ მასზეა დამოკიდებული. პროგრამა ყოველ მომდევნო შეკითხვას იმის მიხედვით არჩევს, თუ როგორ უპასუხა მოსწავლემ წინა შეკითხვას.

- ამბობენ, მომავალი წლიდან მისაღები გამოცდები უქმდებაო, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ იგეგემება.

- რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა წელს და თუ დააკმაყოფილებენ უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები დადგენილი კვოტით?

- 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. დღეისათვის უმაღლეს სასწავლებლებს 35 ათას აკადემიურ ადგილზე აქვთ კონკურსი გამოცხადებული.

P.S. როგორც ცნობილია, სახელმწიფო დაფინანსება 30, 50, 70 ან 100-პროცენტიანია (იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჩააბარებს აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებს), 2011 წლიდან კი ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინა და საერთაშორისო ურთიერთობები, დაფინანსების განსხვავებული სისტემა ამოქმედდა, ანუ ამ ფაკულტეტებზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის მსურველებმა ყველა გამოცდაში მაღალი ქულა უნდა მიიღონ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"