ძმები ჩოჩელების საერთო ქონება - რა ბიზნესებს ფლობს ცეზარ ჩოჩელი

ძმები ჩოჩელების საერთო ქონება - რა ბიზნესებს ფლობს ცეზარ ჩოჩელი

2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა საგურამოში ზარ-ზეიმით გახსნა ახალი ლუდსახარში "ზედაზენი".

"ეს სასწაული, რომელსაც მე ვხსნი დღეს, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია, იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი თანამედროვე ქარხანა ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხაზი ამ პროდუქციის წარმოებაში ევროპაში," - განაცხადა პრეზიდენტმა.

საინფორმაციო სააგენტო "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ლუდის კომპანიაში ცეზარ ჩოჩელის პარტნიორია პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი, რომელიც, ამასთანავე, ფარმაცევტულ კომპანია "პე-ეს-პე ფარმასა" და კლინიკათა ქსელ "ნიუ ჰოსპიტალსის" მფლობელია. მათი პარტნიორია შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" კი შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" ეკუთვნის, რომლის მფლობელიც მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარი, პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილია. რაც შეეხება "ნატახტარს", ეს კომპანია ძმებმა ჩოჩელებმა ცოტა ხნის წინ თურქ ინვესტორებს მიჰყიდეს, რომლებიც, სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან დაახლოებული ინვესტორები არიან.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი არაერთხელ მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. როგორც ამბობენ, რეგიონში მოქმედი ბევრი საწარმო ცეზარ ჩოჩელის დაქვემდებარებაშია, თუმცა ქონების უდიდესი ნაწილი ძმის, იაგო ჩოჩელის სახელზე აქვს გაფორმებული, მათ შორის არის შპს "მიქსორი", შპს "ლარმაქსი" და შპალების ქარხანა, რომელიც უნიკალურია მთელ ამიერკავკასიაში. ნატახტარის სასაკლაოს მესაკუთრედაც ცეზარ ჩოჩელს ასახელებენ.

"ყველა სიახლე" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს დაუკავშირდა:

- ბატონო ცეზარ, გილოცავთ ახალი ლუდსახარშის გახსნას!

- დიდი მადლობა, მაგრამ ლუდსახარში ჩემი ძმის არის.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუდსახარშის რეალური მფლობელი არის ცეზარ ჩოჩელი, მის ძმას კი ბიზნესისა ბევრი არაფერი გაეგებაო.

- თქვენ იცნობთ ჩემს ძმას?

- არა.

- აბა, რატომ ლაპარაკობთ?

- სხვები ლაპარაკობენ, მე კი ინფორმაციას ვაზუსტებ...

- მოდი, გაიცანით, გაიკითხეთ ვინ არის და... საერთოდ, ჩემიც რომ იყოს, ცუდი არ იქნებოდა. რაც მეტი ასეთი წარმოება შეიქმნება, მით უკეთესი.

- თქვენ რომელ ლუდს აგემოვნებთ ხოლმე?

- მე ლუდს არ ვსვამ.

- ამბობენ, რომ საგადასახადო სამსახურები მაღაზიების მფლობელებს აიძულებენ, ლუდი "ზედაზენი" ჩაიბარონ, თურმე ემუქრებიან კიდეც...

- რა სისულელეა! ეგ კი არა, რა სახის პროდუქტიც უნდა იყოს, როგორ შეიძლება, აიძულო ვიღაცა, კარგი, რა! სირცხვილია, უბრალოდ!

- ისიც ტყუილია, რომ თქვენია შპალების ქარხანა და ხორცის ბიზნესიც? სხვათა შორის, ხორცზე ფასის მომატებაში თქვენ გადანაშაულებენ.

- ხორცის ბიზნესში საერთოდ არ ვმონაწილეობ. შპალების ქარხანა და სხვა ბიზნესებიც ჩემს ძმას ეკუთვნის.

- ანუ, თქვენი არაფერია?

- მეც მაქვს რაღაცეები.... აიღეთ დეკლარაციები და რაც ჩემია, იქ წერია. დამალული და დაფარული არაფერია.

- ამბობენ, რომ ლუდსახარშ "ზედაზენში" ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილსაც აქვთ წილები, ეს მართლა თქვენი საერთო ბიზნესია?

- (იცინის) ჯერ იყო და, საწარმო თქვენია და თქვენს ძმაზეა გაფორმებულიო, ახლა კიდევ მორიგ სისულელეს მეუბნებით. სირცხვილია... მეორეც, არ შეიძლება, ძმებს საერთო ბიზნესი ჰქონდეთ?

- თქვენ ხომ საჯარო მოხელე ხართ, გუბერნატორი...

- დეკლარაციაში არაფერია დამალული. ვიღაცის ჭორების მოსმენას, ჯობია, მიხვიდეთ, ნახოთ, რა შეიქმნა, რა გააკეთა იმ ხალხმა და მაგაზე წეროთ, ვიდრე რაღაც ინტრიგებზე. კარგი საქმე აკეთეთ, თორემ მე არ მაკლია საქმე.

მონაცემები ცეზარ ჩოჩელის დეკლარაციიდან

ცეზარ ჩოჩელის რჩევისამებრ, მის დეკლარაციაში ჩავიხედეთ და ვნახეთ, რა ქონების პატრონია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე 2008 წლის თებერვლიდან მუშაობს. ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2011 წლის 20 მაისს შეუვსია.

ამ დეკლარაციის მიხედვით მას ორი საცხოვრებელი სახლი აქვს: 1600 კვმ ფართობისა სოფელ დიღომში და 100 კვმ ფართობისა - ახალგორში. მასვე ეკუთვნის 180 კვმ ფართობის ბინა თბილისში, ტაშკენტის ქ. #23-ში.

ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის სახელზე მიწის 6 ნაკვეთია რეგისტრირებული. ექვსივე ნაკვეთი სოფელ დიღომში მდებარეობს. მათი საერთო ფართობი 7939კვმ-ია.

გუბერნატორის მეუღლეს ეკუთვნის 1400 კვმ მიწის ნაკვეთი დაბა ახალგორში და სააქციო საზოგადოება "კედარის" ფასიანი ქაღალდებიც.

დეკლარაციის თანახმად, ცეზარ ჩოჩელს ორი ძვირად ღირებული ავტომობილი აქვს: 2008 წელს გამოშვებული "LEXUS 570", სახელმწიფო ნომრით FOO 001 და ასევე 2008 წელს გამოშვებული "LEXUS 4601", სახელმწიფო ნომრით - OOE 001.

დეკლარაციის თანახმად, ცეზარ ჩოჩელს ნაღდი ფული 205.000 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი - 8.000 ლარი.

ცეზარ ჩოჩელს ქონების მართვის უფლება მინდობილობით საკუთარ ძმაზე, იაგო ჩოჩელზე აქვს გადაფორმებული. იაგო ჩოჩელი გუბერნატორის თითქმის მთელი ქონების განმკარგავია. 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, ცეზარ ჩოჩელმა ძმას მინდობილობით მისცა თავისი მოძრავი და უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლება. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მასვე გადაეცა განსაკარგავად თანხა 6 მილიონ 400 ათასი დოლარის ოდენობით.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ იაგო ჩოჩელმა შპს "მიქსორსა" და შპს "ლარმაქსში" კუთვნილი წილი ცეზარ ჩოჩელს დაუთმო შპს "ინტერპლასტის" 9,9992% წილის სანაცვლოდ.

P.S. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელს სოფლის მეურნეობის მინისტრად ნიშნავენ, მას, სავარაუდოდ, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური ჩაანაცვლებს, ხოლო რა ბედი ელის სოფლის მეურნეობის ამჟამინდელ მინისტრ ზაზა გოროზიას, უცნობია.

ნანა ფიცხელაური

სტატია: - მონაცემები ცეზარ ჩოჩელის დეკლარაციიდან - "არ შეიძლება, ძმებს საერთო ბიზნესი ჰქონდეთ?!"

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა