პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსადმი მიმბაძველობაზე საუბრობს.
"რუსებმა "დიდგორი" რომ დაინახეს, "ივეკოს" ბაზაზე თავისი "ბეტეერის" შექმნა დაიწყეს, რომელიც ცდილობს, "დიდგორს" დაეწიოს. რუსეთი რომ პოლიციის ფორმებში, შენობებში, მანქანებში, ეკონომიკური რეფორმების იმიტაციაში გვბაძავს, ეს არ მიკვირს, მაგრამ შეიარაღებაშიც თუ ოდესმე დაიწყებდნენ მიბაძვას, ეს ჩვენთვის ახალია ე.ი. მართლა რაღაცა შეგვძლებია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმო "დელტაში" სტუმრობისას.
მისივე შეფასებით, სასწაულია, რომ საქართველომ შეძლო რუსეთისთვის კონკურენციის გაწევა ისეთ სფეროშიც კი, რომელიც ყოველთვის მის მიერ იყო მონოპოლიზებული.
"ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი მათსას ბევრად სჯობს. საინტერესოა, ამაშიც თუ მოგვბაძავენ. ჩვენი ამოცანა არაა კონკურენცია, ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ნიშა ვიპოვოთ, ეკონომიკა განვავითაროთ, ტექნოლოგიები შევქმნათ, ქვეყანა იყოს დაცული, ხალხი დავასაქმოთ და მუდმივად გვქონდეს გარანტია გრძელვადიანი პროგრესის. ჩვენს მტერს ალბათ ძალიან ცუდი სიზმარი ესიზმრება და სჯობს იპწკინოს და გამოიღვიძოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.