საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებაში მსჯავრდებულებმა მერაბ ყოლბაიამ, მეტსახელად "კოჭოიამ" და გოგიტა არქანიამ ჩვენებები შეცვალეს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათ პროცესს ესწრებოდა. მისი თქმით, მერაბ ყოლბაიამ ტერაქტების ჩადენაში მისი მონაწილეობა უარყო და განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა. ადვოკატის ცნობით, ყოლბაიამ წამების დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ ჯერ დაკავების დროს, ჭუბურხინჯის პოლიციაში აწამეს, შემდეგ კი, სასჯელაღსრულების გლდანის #8-ე დაწესებულებაში.
"ყოლბაიამ განაცხადა, რომ ჭუბურხინჯში ფეხებში 8 ტყვია ესროლეს, შემდეგ კალამი შეურჭეს, რომელიც ერთი ნახვრეტიდან მეორეში გაუყარეს. მან ისაუბრა როგორ სცემდნენ, აწამებდნენ, რომ აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. მისი ამ ჩვენების გამო პროკურორმა პროცესის შეწყვეტა მოითხოვა. ახლა დასვენების დღეებია და ციხეში სახალხო დამცველის გარდა ვერავინ შევა. დიდი საფრთხეა, რომ მასზე ზეწოლა კვლავ განხორციელდება ისევე, როგორც საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა. საქალაქო სასამართლოშიც ყოლბაიამ სიმართლის თქმა დააპირა, რის გამოც ზეწოლა განხორციელდა, 3 დღეში მოიყვანეს პროცესზე და სიმართლის თქმის საშუალება არ მისცეს",-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
რაც შეეხება გოგიტა არქანიას, ნიკოლაიშვილის თქმით, მან მხოლოდ თბილისში ტერაქტების ჩადენა აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენაში აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გზით მისცა. "თბილისში ტერაქტში მონაწილეობაზე თქვა, რომ რუსების ზეწოლის საფუძველზე ჩაიდინა. რუსები დაემუქრნენ, რომ მის ოჯახს, რომელიც გალში ცხოვრობს, პრობლემები შეექმნებოდა",-აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე დაკავებული პირიდან მხოლოდ არქანიამ და ყოლბაიამ მისცეს აღიარებითი ჩვენებები და სხვა დაკავებულებიც დაადანაშაულეს. ახლა კი მათაც უარყვეს ჩვენებები და განაცხადეს, რომ დაკავებულთა ნაწილს არც კი იცნობენ.
პროცესი 18 აპრილს განახლდება და როგორც ნიკოლაიშვილი ამბობს, მედიას დასწრების შესაძლებლობა ექნება, ვინაიდან საქმეს გრიფი "საიდუმლო" აღარ ადევს.
დაკავებულთაგან მხოლოდ ყოლბაიამ და არქანიამ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. დანარჩენებმა დანაშაული არ აღიარეს. თუმცა, ყველა მათგანს 25-30 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვის დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებულ პირთა ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც 2010 წლის 4 დეკემბერს დაკავებულ იქნენ:
გოგიტა რევაზის ძე არქანია (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.
ჯონი მურადის ძე აბულაძე (დაბ. 1982 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
მარიამ მურმანის ას ნიკოლავა (დაბ. 1977 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა (დაბ. 1985 წ.) - თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას;
გოდერძი რევაზის ძე არქანია (დაბ. 1978 წ.) - თანამონაწილე;
ლელა მალხაზის ას ხურცილავა (დაბ. 1983 წ.) - თანამონაწილე.
მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია" (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი;
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გოგიტა არქანიამ და ძებნილმა მერაბ ყოლბაიამ განახორციელეს:
2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი.
2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან;
2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება ქ. თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს;
2010 წლის 21 ოქტომბერს ორი აფეთქება ქ. თბილისის რკინიგზის სადგურთან;
2010 წლის 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.