"როცა პოლიტიკაზე საუბარს თავს ვარიდებ, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მეკითხებიან და რატომღაც ყველას უკვირს, რომ დაბოღმილი და აგრესიული არ ვარ. ან რატომ უნდა ვიყო? მე მომწონს სიახლეები და ცვლილებები", - აცხადებს ჩვენთან საუბარში სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი გია ბუღაძე. უფრო კონკრეტულად, რა მოსწონს და რა არის მისთვის მიუღებელი, ამის შესახებ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როგორ ვუყურებ ამ რეალობას, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მიჭირს, თუმცა საზოგადოებად ჩამოყალიბების ნიშნები უკვე გვაქვს. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ამაში მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება არ შეიძლება, საზოგადოებაც სცოდავს. ისე კი, ყველაფერი მაინც ხელისუფლებისგან მოდის. განხეთქილების მიზეზი გარკვეული ელიტარული ქმედებებია, პოლიტიკურ ელიტას ვგულისხმობ, თორემ ინტელექტუალური ელიტა თითქმის არ გვყავს. მმართველი პოლიტიკური გუნდის ქმედებებიდან მოდის ნიჰილიზმი, რომელიც საზოგადოებაშია, თორემ საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად უკეთესია, შუქი, წყალი და გათბობა გვაქვს. ქალაქი მანქანებით გადაძეძგილია, თუმცა ამ ყველაფერს ხელისუფლება მარტო აკეთებს, სახელმწიფოს განვითარებისა და მართვის პროცესში საზოგადოება არ არის ჩართული. რაღაცის წინა წლებთან შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ თუ შედარებას დავიწყებთ და უფრო შორს წავალთ, საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით იმაზე ბევრად უკეთესი პირობები გვაქვს, ვიდრე თამარ მეფეს ჰქონდა (იცინის)... მაშინ მთელი სასახლის გათბობა, მანქანით მომსახურება და მობილური ტელეფონი წარმოუდგენელი იყო, თუმცა იმ დროისთვის ბევრად დემოკრატიული საზოგადოება გვქონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანს" ვერ შექმნიდა, მაშინ ქვეყანა უფრო შეკრული იყო.
- ჩვენს რეალობაში ხელისუფლებისა და საზოგადოების განხეთქილება რამ გამოიწვია?
- ეს პროცესები სახელმწიფოს განვითარების თანამდევია. საქართველო ერთდროულად ევროპული და აღმოსავლური ქვეყანაა. ძალიან გახსნილები გვინდა ვიყოთ, მაგრამ ხასიათში ავტორიტარიზმის ელემენტებიც გვაქვს, რომელიც ბოლო დროს უფრო მეტად გამოიკვეთა. საზოგადოება თავად ქმნის ავტორიტარს. იმ უფლებებით, რასაც ის თავის რჩეულს ანიჭებს, მისდაუნებურად რყვნის და ბუნებრივია, ეს ხელისუფლებასაც აძლევს ხელს. ვაცლავ ჰაველმა, რომლის დიდი თაყვანისმცემელიც არის ჩვენი პრეზიდენტი და მის სიყვარულში მას მეც ვუერთდები, ერთხელ თქვა: - როცა წყლის მოსატანად მდივანს დავუძახე, ვიგრძენი, რომ შინაგანად გავირყვენიო. ძალაუფლება, როგორც წესი, რყვნის და ჰაველის რანგის ინტელექტუალური თვითცენზორი უნდა გყავდეს საკუთარ თავში, რომ ამბიციებს მოერიო.
ამასთან, ქართველმა საზოგადოებამ გაუცნობიერებლად წააქეზა მმართველი ძალა, რომ ძალაუფლებით ტკბობას მისცემოდა. სწორედ გერმანელმა ნაციამ შექმნა ჰიტლერი. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ შევქმენით სააკაშვილი, მას ჰიტლერამდე ბევრი უკლია.
- პიროვნული თვისებებით თუ მმართველობის სტილით?
- ორივენაირად... ასეთი რამ მხოლოდ ქართველ საზოგადოებას არ ახასიათებს, ნახეთ რა ხდება ჩვენს ჩრდილოეთით, რუსი საზოგადოება პუტინს სიამაყით პატარა სტალინს უწოდებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების დროს მას გასამარჯვებლად მხოლოდ მცირედი გაყალბება დასჭირდებოდა... უცნაურობები ყველა ერს ახასიათებს, მაგრამ ქართველები მთის ხალხი ვართ და თვითგადარჩენის მეტი პოტენციალი გვაქვს. ჩემი ხალხი მთის წყაროს მაგონებს, რომელსაც დაჭაობება არ უყვარს. ბევრ რამეს გავუძელით, სპარსებს, მონღოლებს, რუსულ ცარიზმს, საბჭოთა იმპერიას და დღევანდელობასაც ვუძლებთ. ერზე ვსაუბრობ და არა სახელმწიფოზე, ეს ხშირად ერთმანეთში ერევათ. სახელმწიფოსა და ერს შორის დიდი განსხვავებაა, ისევე, როგორც თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შორის. თავისუფლება შინაგანი ინტელექტუალური მონაცემია. შეიძლება, ადამიანი უდიდესი ტოტალიტარიზმის პირობებშიც კი პიროვნულად თავისუფალი იყოს, მაგრამ სოციალურ ზეწოლას განიცდიდეს. უამრავი საზოგადო მოღვაწე ვიცით, რომელიც უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი შექმნა.
- საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ამისკენ არის მიმართული და მიზეზად სხვადასხვა არგუმენტი მოჰყავთ, მაგალითად განათლების რეფორმა, ზოგი დიდი რაოდენობით ტურისტების შემოყვანასა და აზიურ-ევროპული არქიტექტურის დამკვიდრებაშიც კი ხედავს საფრთხეს...
- ამ სფეროებში ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა ჩემთვის სავსებით მისაღებია, ოღონდ სხვა საკითხია, როგორ სრულდება. ჩვენს ხალხს პიროვნული თავისუფლების დეფიციტი აქვს და ეს ბევრ რამეში გამოიხატება. მათ შორის სიახლეებთან დამოკიდებულებაშიც. დღემდე შემოგვრჩა დაპყრობილი ხალხისთვის დამახასიათებელი კომპლექსები. კომპლექსია, თითქოს ყველა რუსი ქალი ქართველ კაცზე გიჟდებოდა და ნებისმიერ რუსს ერთი ბოთლი ჭაჭით მოისყიდდა, ამ დროს კი ყველამ იცოდა, რომ მაინც მათი მონები ვიყავით...
კომუნიკაციების სამყაროში ვცხოვრობთ და მაშინ, როცა მსოფლიოში არსებობს ისეთი მაღალი კულტურის ქვეყნები, როგორიც თუნდაც იტალია და საბერძნეთი, ძნელია მათ ფონზე რაიმე არაჩვეულებრივი და განსხვავებული შექმნა. თანაც იმ ქვეყანაში, რომელშიც ტურისტებისთვის უმაღლესი მომსახურება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. ისე კი, უჟმურობა მარტო ქართველებს კი არა, ზოგადად იბერიელ ხალხებს გვახასიათებს. კატალონიელებიც ვერ იტანენ მანქანის ღვედებს. იქაური გამყიდველი რომ ვნახე, თავი საქართველოში მეგონა, ისე მომმართავდა. სახეზე ეწერა, - ბიჭო, შენ მართლა გამყიდველი ხომ არ გგონივარო?!.
ასე რომ, ქართული კომპლექსებისგან გათავისუფლებას დიდი დრო, ასევე გამართლებული თუ გაუმართლებელი ექსპერიმენტები დასჭირდება.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენ გვყავს ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, მაგრამ მოდით, სიმართლეს თვალებში შევხედოთ, მათ გამო უცხოელები საქართველოში არ ჩამოვლენ. არც ვარძიის სანახავად დაიწყება ტურისტების შემოსევა. დიახ, ულამაზესია და ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი, მაგრამ კაპადოკიასთან შედარებით მოკრძალებული. ამიტომაც, რამე ისეთი, განსაკუთრებული უნდა გავაბრენდოთ, რაც მხოლოდ ჩვენ გვაქვს.
- რა გვაქვს ასეთი?
- ადამიანური ურთიერთობები, პიროვნული ხიბლი, სტუმართმოყვარეობა და ქართული სუფრა, რომლის წარმართვასაც ნიჭი და არტისტიზმი სჭირდება. მე დიდი მსმელი და პურისმჭამელი კაცი არ ვარ, მაგრამ თამადობა შემიძლია, ლაპარაკიც მიყვარს და სიტყვა-პასუხიც არ მეშლება. მამაჩემს უყვარდა ქეიფი და მისგან ვისწავლე. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ბუღაძე აზვიადებსო, მაგრამ სუფრის კულტურა ქართველი ერის უდიდესი მონაპოვარია. ბოლო დროს "სვეცკები" "დაყრილ" სუფრას აკრიტიკებენ, მაგრამ ჩვენნაირი მრავალფეროვანი და ბარაქიანი სუფრა არავის აქვს. ამაშია ჩვენი ორიგინალობა. ამიტომაც ხატავდა ფიროსმანი თავის ნატურმორტებში სუფრაზე დახვავებულ ხორაგს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მსგავსი არსად შემხვედრია.
- ორიგინალური სიახლეები ალბათ მაინც აუცილებელია...
- რაც დღეს კეთდება, ამაში ორიგინალური არაფერია. დიდი ხანია იგივე ევროპასა და ამერიკაში კეთდება. 60-იან წლებში ნიუ-იორკში 18-მეტრიანი სარეცხის სარჭის ძეგლი დადგეს და დღემდე დიდ ყურადღებას იქცევს. ასეთი უცნაურობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში არსებობს. სხვა საკითხია, ჩვენი საზოგადოება რამდენად არის ამისთვის მზად, მაგრამ თუ არ გაკეთდა, არც არასდროს ვიქნებით მზად. მე არ მაღიზიანებს ველოსიპედის ძეგლად ქცევა. რა მოხდა მერე, თუ რაიმე ყოფითი ნივთი რაღაცის სიმბოლო გახდა? უბრალოდ, დავფიქრდებოდი, იქ დამედგა თუ სხვაგან. ასეთი საკითხები კომისიასთან შეთანხმებით უნდა წყდებოდეს და ამას ბოღმა არ მალაპარაკებს. კარგა ხანია ყველანაირი კომისიიდან გამოვედი და დავისვენე. იქ შეურაცხყოფის მეტი არაფერი ხდებოდა... არც კვერცხებზე დადგმული შლოპანცები მიმაჩნია ტრაგედიად, უბრალოდ, მის გვერდით ქართული დროშის აღმართვა ბანალურია. მსოფლიო ფესტივალებზე საკმაოდ უცნაური ნივთები გამოაქვთ დასათვალიერებლად, მაგრამ ჩვენი საზოგადოება მორალისტურს არქიტექტურულ კატეგორიებთან აიგივებს. თანაც სიახლეებს ძნელად ეგუება. არადა, მის გარეშე ვერ განვვითარდებით. ძალიან მომწონდა განათლების რეფორმა, რომლის გამოც ხელისუფლება ლამის ანათემას გადასცეს. ამ პროექტმა მოზარდებს თვითჩამოყალიბების საშუალება მისცა და ამიტომაც მომწონს ეს თაობა. ერთადერთი, სტუდენტებს სულ ვეუბნები, იყვნენ მოკრძალებულები და ზრდილობიანები, ტრანსპორტში ამოსულ ქალსა და უფროსს ადგილი დაუთმონ.
- იმ შემთხვევაშიც, თუ ბილეთი აღებული აქვთ?..
- თქვენ ხუმრობთ და ბევრმა მართლა დაიჯერა, რომ მსგავსი რამე ეწერა. ეს ტყუილია. ყველაფრის ერთი ხელის მოსმით გაფუჭება არ შეიძლება, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. შეცდომებიც იყო, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ ნამდვილად არ მიდის, არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ სფეროში. წარმოგიდგენიათ, რამდენ რამეზე უწევს ფიქრი ჩვენს ხელისუფლებას?!.
- ამას ემატება ბოლოდროინდელი წინასაარჩევნო ვითარება...
- რეალური ოპონენტი რომ არსებობს, კარგია, მაგრამ ვისურვებდი, ბიძინა ივანიშვილი საუბარს უფრო ფრთხილად მოეკიდოს და ხალხთან ურთიერთობის ტექნიკას ფლობდეს. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ასე რომ არ იყოს, ამდენ ფულს ვერ მოაგროვებდა. არ ვიცი, არის თუ არა ის ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის, თუმცა საფიქრალს ნამდვილად გაუჩენს. არც ის ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლები და მასთან შეკედლებული პოლიტიკოსები რამდენად სერიოზულად უყურებენ მას.
- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- მის გარშემო მყოფ ხალხს უამრავი ბუდე აქვს გამოცვლილი. ალბათ იმდენი შეცდომა აქვთ დაშვებული, რამდენი დღეც მათ პოლიტიკაში გაატარეს. ასე რომ, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და მეშინია, ეს დაძაბულობა რუსეთმა არ გამოიყენოს... არადა, ისიც ფაქტია, რომ ცვლილებები საჭიროა, ოღონდ გააჩნია, როგორ და რა ძალით განხორციელდება.
ისე კი, ივანიშვილის მადლობელი ვარ, წლების წინ სამხატვრო აკადემია გაგვირემონტა. რომ არ დაგვხმარებოდა, აკრედიტაციას ვერ გავივლიდით, თუმცა მისგან ხელფასი და პრემია არასდროს ამიღია. არავისთან ვალში არ ვარ და ამიტომაც ვლაპარაკობ ასე თავისუფლად, თორემ აგრესიული და დაბოღმილი ვიქნებოდი.
- სამხატვრო აკადემიიდან თქვენი წამოსვლა ბევრმა სახელისუფლებო გუნდთან უკმაყოფილებას დაუკავშირა...
- არა, უკმაყოფილება რა შუაშია, მე ჩემი მეორე ვადა ამოვწურე. ორჯერ 4-4 წლით ვიყავი არჩეული და როგორც კი ჩემი დრო ამოიწურა, წამოვედი. კარგი იქნება, კანონიერად წასვლაში სხვებიც თუ მომბაძავენ... აკადემიის რექტორის პოსტზე ყოფნის ბოლო დღეებში ერთი სურათი დავხატე, რომელსაც "კოჭლი იხვი" დავარქვი. იცით რატომ? როცა ამერიკის პრეზიდენტ თომას ჯეფერსონს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა უმთავრდებოდა, მის ცოლს ჰკითხეს, თქვენი მეუღლე როგორ არისო, მან კი ენაკვიმატურად უპასუხა, - კოჭლი იხვივითო. მას შემდეგ ამერიკაში ყველა მიმავალ პრეზიდენტს "კოჭლ იხვს" ეძახიან.
- როგორ ფიქრობთ, უკვე არის დრო ჩვენს პრეზიდენტსაც "კოჭლი იხვი" დავუძახოთ?
- კი, რამდენიმე თვეში მასაც მოუწევს ამ სტატუსის მორგება. მთავარია, ცვლილება მშვიდობიანად განხორციელდეს.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)