მახათას მთაზე დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიული მშენებლობა დაიწყება. ამ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათაზე პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც ტაძრის საკურთხევლის ადგილზე პირველ მიწას ამოიღებს.
ტაძრის საძირკველში ჩაბრძანებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან და საქართველოს ეპარქიებიდან ჩამობრძანებული სიწმინდეები.
ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მრევლი საქართველოს 38-ვე ეპარქიიდან ჩამოვა. პატრიარქის კურთხევით, მოსახლეობა ქვებს მოიტანს, რომლებზეც, ლოცვასთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისა და მათთვის ძვირფასი ადამიანების სახელები იქნება დატანილი. ეს ქვები ტაძრის საძირკველში იქნება ჩაბრძანებული.
სპეციალურად ამ დღისთვის, პატრიარქის კურთხევით, დაიწერა ანგია წინასწარმეტყველის ხატი, რომელიც მშენებლობის მფარველად მიიჩნევა.
მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს ფონდ "ივერიის"-ს დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიულ მშენებლობას უდგას სათავეში.
ტაძარს საზოგადოება და ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთად აშენებენ. სახალხო აქციაში უკვე 145 000 ადამიანია ჩართული. იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელები ჩაიწერება.
მშენებლობის მონაწილეებს საკუთარი სახელის ნახვა შეუძლიათ ფონდის ვებგვერდზე www.makhata.ge. აქციაში მონაწილეობის მსურველებს ყოველთვიურად 1 ლარის გადარიცხვა, ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორიდან, ასევე შეუძლიათ ნომერზე - 0901 77 77 77.