პიერმარიო მოროზინის ტრაგიკულმა ამბავმა გასული კვირის ყველა საფეხბურთო მოვლენა დაჩრდილა. გადაიდო სერია A-ს უკლებლივ ყველა შეხვედრა და სერია B-ს ის ორი მატჩი, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო.
მოროზინი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც მოედანზე განუტევა სული, თუმცა ამ შემთხვევამ სრულიად საფეხბურთო მსოფლიო და არა მარტო, განსაკუთრებულად შეძრა - პიერმარიო ყველას თვალწინ ებრძოდა სიკვდილს. რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ ვერ შეძლო და სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
ეს საზარელი ამბავი "პესკარა"-"ლივორნოს" მატჩის დროს დატრიალდა, მაშინ, როდესაც თამაშის დაწყებიდან 31 წუთი იყო გასული.
პიერმარიო მორიზინი 1986 წლის 15 ივლისს ქალაქ ბერგამოში დაიბადა, სადაც გადადგა კიდეც პირველი საფეხბურთო ნაბიჯები და, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, "უდინეზეს" სკაუტთა ინტერესის სფეროში მოექცა.
საერთოდ, ცნობილია, რომ უდინურ კლუბში სელექცია იდეალურ დონეზე აქვთ აყვანილი და ნიჭიერ ფეხბურთელებს არა მარტო იტალიის, მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ.
ასე მოხვდა მოროზინი "უდინეზეში" და 2005 წელს ფრიულელებთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. შემდეგ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გაანათხოვრეს და წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდში მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა.
ყველაზე დიდი ხანი "ვიჩენცაში" გაჩერდა, სადაც 66 შეხვედრა ჩაატარა და საკლუბო კარიერის ერთადერთი გოლიც გაიტანა. ამასთან, წლების განმავლობაში ასპარეზობდა იტალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის, ახალგაზრდულ გუნდში, სადაც 21 თამაშის ჩატარება მოასწრო.
პიერმარიოს პირადი ცხოვრება ტრაგიკული მოვლენებით გახლდათ აღსავსე - ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც დაობლდა - ჯერ დედა გარდაეცვალა, ორი წლის თავზე კი მამაც. საგულისხმოა, რომ ორივე - ჯანმრთელობის, სწორედ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
2002 წელს მის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, მისმა ინვალიდმა ძმამ თავი მოიკლა და პიერმარიო უმცროს დასთან ერთად სრულიად მარტო დარჩა. ცნობისთვის, პიერმარიოს დაც ინვალიდია და მისი ერთადერთი მომვლელი ძმა გახლდათ.