მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ ბიძინა ივანიშვილზე მოსალოდნელ თავდასხმაზე ინფორმაცია გაახმაურა, შვეიცარიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სოზარ სუბარი და არჩილ კბილაშვილი გაემგზავრნენ. "კვირის პალიტრა" სოზარ სუბარს ესაუბრა:
- მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თავისი კრიმინალური გადაწყვეტილებებით გაკვირვების უნარი დაგვაკარგვინა, ვერ ვიტყვი, რომ ასეთ რამეს მოველოდი. ის, რომ ხელისუფლებამ გვერდი აუარა ამ თემას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დასჯერდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს საკითხი მართლაც განიხილებოდა. საქართველოს ისტორიაში არის მსგავსი ფაქტები, რომლებიც არ გამოძიებულა. მაგალითად, როდესაც "მასტერა", შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, ლონდონში ჩავიდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა უვაროვთან ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე, ჩეჩნებმა, რომლებზეც გავიდა დგებუაძე, გადაწყვიტეს, არ მიეღოთ ამ საქმეში მონაწილეობა და პატარკაციშვილს აცნობეს ამის შესახებ. არაფერს ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომ სააკაშვილი მას პირდაპირ ეუბნებოდა პატარკაციშვილის იმ ფორმით (ავტომობილში ჩადებული ბომბის აფეთქებით) ლიკვიდაციაზე, როგორითაც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი მოკლეს.
გვაქვს სატელეფონო საუბარი, თუ როგორ გეგმავდა გივი თარგამაძე ტერაქტს ბელორუსიის ერთ-ერთი ოპოზიციონერის სალიკვიდაციოდ და არც ეს გამოკვლეულა. მახსოვს გიგა ბოკერიას განცხადება, ხელისუფლების ღირსების საქმეა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიებაო. როდესაც ქალაქის ცენტრში შეიარაღებული 15-კაციანი ნიღბიანების რაზმი თავს ესხმის პარლამენტის წევრს, რომელსაც ახლავს დაცვა, ზის დაჯავშნულ მანქანაში და ისე სცემენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს ტერაქტი არ არის? ეს არის ტერაქტების სერია, რომელიც მეტყველებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია.
ვახო კომახიძემ გადაიღო ფილმი ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე და აქვს მასალები, რაც ამ ფილმის გაგრძელების საშუალებას იძლევა...
თავი დავანებოთ მაღალ პერსონებს. ბათუმში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე არ არის ტერაქტი? კაცი უცნობი მიზეზით დააპატიმრეს ბათუმში და ქობულეთში ჩაცხრილეს. თქვეს, გაქცევა სცადა და პოლიციელს იარაღი წაართვაო. შავაძეს ყველა ტყვია ზურგში ჰქონდა დახლილი და თუ ვინმეს თავს დაესხა, ტყვიები წინიდან უნდა ჰქონდეს მოხვედრილი. არ არის ტერაქტი პოლიციელების მიერ ცინდელიანის მოტაცება, რომელიც მამას ხელიდან გამოჰგლიჯეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს? რამხელა ცინიზმია, რომ ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში ვანო მერაბიშვილმა გამოაცხადა ძებნა ცინდელიანზე და ჯილდოც დააწესა...
- შვეიცარიაში თქვენ რატომ გაემგზავრეთ?
- მე ვახოს შვილის ნათლია ვარ. ვახო ჩემთან ბევრად გულახდილი იქნებოდა, ვიდრე სხვასთან. შესაძლოა ვახოს მომავალში დასჭირდეს სამართლებრივი დაცვა, ამიტომ მას და ადვოკატ არჩილ კბილაშვილს შორის კონტრაქტი დაიდო.