შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, Georgian Dreams Studio-ს თანამშრომელ ლაშა გოგორელიანს ნარკოლოგიურ ცენტრში შემოწმება უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლიდან ლაშა გოგორელიანის გადაყვანა მისი თანმხლები პირის, ვახტანგ მელიქიძის სს კოდექსის 260-ე მუხლით დაკავებას უკავშირდება. მისი განმარტებით, ვახტანგ მელიქიძეს ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
"ნარკოტიკული ნივთიერებით დაკავებულ იქნა უშუალოდ ვახტანგ მელიქიძე, 260-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, დაკავებულები არიან მისი თანმხლები პირები, მათ შორის ლაშა გოგორელიანი, რომელსაც ამ დროისთვის ნარკოლოგიური შემოწმება უტარდება", - განაცხადა ზურაბ გვენეტაძემ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი გადაცემების ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ძმა ლაშა გოგორელიანი სამ მეგობართან ერთად დღეს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-5 კვარტლის ეზოში დააკავეს.
ლაშა გოგორელიანი ბერა ივანიშვილის სტუდია Georgian Dreams Studio-ში მუშაობს. ლევან გოგორელიანი ასევე ბერა ივანიშვილის სტუდიის წევრია. "რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების მსახიობები თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი, იგივე "ფაქო" Georgian Dreams Studio-ში დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდნენ.