სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შარშან აჭარაში ათობით ობიექტი გაიყიდა. საინტერესოა, ვის გადაეცა ერთ ლარად ხშირად მილიონებად ღირებული ქონება ბათუმში? 2011 წლის განმავლობაში აჭარის ა/რ მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად გასხვისებული ქონებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" დაინტერესდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაციამ დაადგინა, რომ შარშან აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 52 ობიექტი გაასხვისა.
"საკითხის კვლევისას უცნობი უცხოური კომპანიებისათვის ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების ტენდენცია გამოიკვეთა. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოში ქონების შესაძენად ადგილზე რეგისტრაცია ესაჭიროება. შესაბამისად, ისინი რეგისტრირდებიან საქართველოში, მაგრამ - ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე. აქედან გამომდინარე, ძნელია შემოწმდეს, რამდენად სანდოა ეს კომპანიები. ასევე ძნელია მონიტორინგი გავუწიოთ ფინანსების წარმომავლობას, რადგან ჩვენ მოგვეპოვება ინფორმაცია მხოლოდ ამ იურიდიული პირებისა და არა თვითონ მფლობელების შესახებ", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში".
ორგანიზაციაში ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებენ. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 2011 წლის 18 თებერვალს შპს "ადოგ ჯორჯიას" ერთ ლარად გადაეცა 1621 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორმა 40 თვის განმავლობაში 22- სართულიანი სასტუმრო კომპლექსი "კუბიკ თაუერი" უნდა ააშენოს. სასტუმრო მინიმუმ 100 ნომრისაგან უნდა შედგებოდეს და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სულ მცირე 100 ადამიანი დაასაქმოს.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს "ადოგ ჯორჯია" 2010 წლის 16 სექტემბერს ბათუმში დარეგისტრირდა და მის დირექტორად მიხეილ ძოძუაშვილია მოხსენიებული. შპს- ს 100%- იან წილს აზერბაიჯანის მოქალაქე მუსა სულეიმანოვი ფლობს, რომლის შესახებაც ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" არ მოეპოვება.
2011 წლის 24 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში 1,6 ჰა მიწის ნაკვეთი და 1133 კვ.მ. შენობა-ნაგებობა გაასხვისა. ამ ობიექტის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 365 000 ლარს შეადგენდა. ინვესტორი თურქული კომპანია შპს "ბაქარაა", რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 60 მოქალაქე და ააშენოს პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმო.
"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელთა თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "ბაქარა" 2011 წლის 23 თებერვალს, ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრეა დარეგისტრირებული.
ნიშანდობლივია, რომ ინვესტორმა რამდენჯერმე დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, მაგრამ აჭარის ა/რ მთავრობამ, ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად, ვადები გაუგრძელა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 20 თებერვლისთვის ობიექტი ექსპლუატაციაში უნდა იყოს შესული. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა 11 აპრილს მოინახულეს ის ადგილი, სადაც საწარმო უკვე ამუშავებული უნდა იყოს, თუმცა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დაუსრულებელი შენობა დგას. მათ გადაიღეს ფოტოც, რომელზეც კარგად ჩანს, რომ საწარმო ჯერ არ ფუნქციონირებს.
2011 წლის 5 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5- ში (საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა) მდებარე 1556 კვ.მ. ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას" სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და 12 თვეში დაამთავროს სკოლის მშენებლობა.
"ჩვენ ხელთ არსებული მასალების საფუძველზე, ირკვევა, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 150- დან 60- მდე, ასევე შემცირდა დასასაქმებელ მოქალაქეთა რიცხვი 95- დან 30- მდე. გარდა ამისა, სიმბოლურ ფასად გადაეცათ საჯარო რეესტრის სარგებლობაში რიცხვული ყოფილი ინვენტარი. (ოდენობა: 278 ერთეული, ღირებულება: 27 672 ლარი). - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში".
ერთ ლარად გასხვისებული ქონების სიას აგრძელებს თურქული კომპანია "მერსინ ტურიზმისათვის" 2011 წლის 17 ნოემბერს მიყიდული შენობა-ნაგებობა გოგებაშვილის ქუჩაზე (სანაოსნოს ყოფილი შენობა). თავად შენობა 4706 კვ.მ.- ა და მასზე მიმაგრებულია 5196 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საპრივატიზაციო ღირებულება 4 029 848 ლარს შეადგენდა.
ინვესტორმა გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე შენობა-ნაგებობის ფასადის რეაბილიტაცია და შავშეთის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს. 2012 წლის 1 დეკემრამდე რეაბილიტირებულ შენობაში აამოქმედოს სასტუმრო კომპლექსი, ხოლო თავისუფალ მიწის ნაკვეთზე დაიწყოს 100- ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არაუგვიანეს 2016 წლის 30 ივნისისა.
"აღსანიშნავია, რომ შპს "მერსინ ტურიზმი" 2011 წლის 14 ნოემბერს დაფუძნდა, ხოლო 3 დღეში, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობამ მასთან ხელშეკრულება გააფორმა. ინვესტორების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვეპოვება, რომ კომპანიის დამაარსებლები თურქეთის მოქალაქეები არიან", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში". 2011 წლის 18 ივლისს შპს "ლეგის" 1 ლარად გადაეცა ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში 32 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 202 711 ლარს შეადგენდა. შპს "ლეგის" 2012 წლამდე უნდა განეხორციელებინა მილიონიანი ინვესტიცია და აეშენებინა ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა, სადაც დაასაქმებდა საქართველოს 40 მოქალაქეს.
"აღნიშნული კომპანია უკრაინის მოქალაქის ლეონიდ ეზიკის საკუთრებაა. ამ პიროვნების შესახებ, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ქარხნის ნაწილი ექსპლუატაციაშია შესული, მშენებლობა გრძელდება", - აღნიშნავენ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში".
2011 წლის 17 ივნისს ასევე ერთ ლარად გასხვისდა ბათუმში შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ (ახალი ბულვარი, სასტუმრო "მარინას" და აკვაპარკს შორის) 9900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ინვესტორი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა ჰამზაევაა. მან თავისი წარმომადგენლის ელნურ მამედოვის საშუალებით განახორციელა შესყიდვა.
"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" დაინტერესდა ამ ქალბატონის ვინაობით და აზერბაიჯანული მედიაწყაროების საშუალებით გაარკვია, რომ ზარიფა ჰამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია "აზერბაიჯან ჰავა იოლარი აზალის" პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ასევე, მოპოვებული ინფორმაციით, დგინდება, რომ ზარიფა ჰამზაევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილ არზუ ალიევასთან ერთად "სილქვეი ჰოლდინგში" შემავალი "სილქვეიბანკის" დამფუძნებელია. "სილქვეი ჰოლდინგი" 23 კომპანიას აერთიანებს და საავიაციო ბიზნესში წამყვანი ჰოლდინგია. მილიარდერის მეუღლე, ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელ "გაზელს".
ხელშეკრულების თანახმად, ჰამზაევა ვალდებულია, ამ ტერიტორიაზე 20 თვის განმავლობაში ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არანაკლებ 100- ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელშიც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" ამ შემთხვევაშიც ადგილზე გადაიღო ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ არანაირი მშენებლობა დაწყებული არ არის.
2011 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ კიდევ ერთი ობიექტი გაასხვისა ერთ ლარად - ბათუმში, რუსთაველის N 4-6 მდებარე 301 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, სადაც შპს "ვენტოს" 4 თვის ვადაში უნდა აემოქმედებინა 35/0,4 კილოვოლტი ძაბვის ელექტროქვესადგური. ეს ობიექტი უკვე აშენებულია.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გასული წლის განმავლობაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 10 მაისის N 76 და N 77 ბრძანებების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში 45 მიწის ნაკვეთი გაიყიდა სიმბოლურ ფასად. ნაკვეთები 100-200 კვ.მ-იანია.
"ჩვენს ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გადაცემის მიზანი უცნობია და არ არის ასახული ხელშეკრულებებში. რაც, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს. საქართველოს კანომდებლობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს უფლება, განკარგოს სახელმწიფო ქონება. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესები. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" ხშირად საუბრობს სახელწმიფოს მხრიდან ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის დახვეწაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მონიტორინგი უფრო ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს იმ ინვესტორების მიმართ, რომლებმაც სახელმწიფოსგან ქონება შეღავათიანი პირობებით შეიძინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტები კორუფციულ შეთანხმებებად აღიქმება", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში".
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ამ საკითხის კვლევას და მონიტორინგს გაუწევენ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
შალვა ჯოხაძე
გაზეთი "ახალი თაობა"