"წინა მთავრობების მინისტრები და ერთი ადგილის მწმენდები ახლა ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლებაში უკან მოსვლას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს წინანდალში, სასტუმრო "რედისონის" მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .
საქართველოს პრეზიდენტმა გასული წლების საქართველო სიცილიას შეადარა. "რა იყო საქართველო ადრე, საქართველო იყო სიცილიასავით. სიცილიელები აკეთებდნენ ფულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად, თავიდან კრიმინალური გზით, ისინი იყვნენ მილიონერები, მილიარდერები და სიცილიაში ჩამოდიოდნენ ხანდახან ზაფხულში დასასვენებლად, სიცილიიდან ჩაჰქონდათ ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი, ისევე, როგორც ქართველ მილიარდერებს ჩაჰქონდათ აქედან ტყემალი და მონატრებული ქართული ღვინო. საქართველო არ იყო მათთვის ბიზნესის კეთების საშუალება, საქართველო იყო კრიმინალიზებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, საიდანაც გარბოდა ხალხი და სადაც არ იყო პერსპექტივა და არასოდეს მათ აზრად არ მოსვლიათ აქ რამის გაკეთება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "რედისონის" მშენებლობა დღეს გახსნა. სასტუმრო "რედისონის" 4-სართულიან შენობაში 100 ნომერი განთავსდება.