"ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის, იურისტ მანანა კობახიძის ვარაუდით, არჩევნებამდე ხელისუფლება ისეთ ბერკეტებს აამუშავებს, რომ მსჯავრდადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, პრობაციონერები და მათი ოჯახის წევრები, იძულებულნი იქნებიან, მხარი დაუჭირონ "ნაციონალურ მოძრაობას".
- ამას წინათ დამიკავშირდა ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე, რომელსაც ახლობელი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი, რამდენიმე ასეული ხმის სანაცვლოდ, მეუღლის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაჰპირდა. ამ ქალბატონმა არ ისურვა გარიგება ხელისუფლებასთან, რომელმაც, მისი ღრმა რწმენით, უკანონოდ, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციითა და ნარკოტიკის ჩადებით დაუპატიმრა მეუღლე. ამის შემდეგ სხვაგვარი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო - უნდა დაეყოლიებინა რამდენიმე ასეული ადამიანი, 300 კაცი მაინც, არ წასულიყვნენ არჩევნებზე და უნდა ჰქონოდათ გარანტია, რომ არ მივიდოდნენ საარჩევნო უბნებზე. თუმცა ეს პიროვნება არც ამაზე დათანხმდა...
- როგორც ამბობენ, ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია, რომელსაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიმართავს ხოლმე...
- რა თქმა უნდა, ასეთი რამ ადრეც ხდებოდა: 2008 წლის არჩევნების დროს ერთ-ერთი პატიმრის მამისგან შევიტყვე, რომ მისი შვილი 2000 ხმის სანაცვლოდ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. კახეთის რეგიონზე იყო ლაპარაკი. სამწუხაროდ, მსგავსი ამაზრზენი ფაქტი დღესაც უამრავია. რამდენიმე პრობაციონერისგან მივიღე ასეთი ინფორმაციაც - მათ უთხრეს, რომ თუ საარჩევნოდ ხმებს არ მოუგროვებენ, საპყრობილეში შეაბრუნებენ - შეიძლება ჩაუდონ წამალი, ახალ სასჯელს ძველი პირობითი დაუმატონ და წლების განმავლობაში მოუწევთ ციხეში ჯდომა. აქედან გამომდინარე, პრობაციონერებს გარკვეული შიში აქვთ, შესაძლოა, პროვოკაცია მოუწყონ - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, იარაღის ტარებაში ან ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში დასდონ ბრალი. საქართველოში დაახლოებით 40 ათასამდე პრობაციონერია და, ხელისუფლება მათი ხმების მითვისებას ცდილობს. გარდა ამისა, ბოლო საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პატიმრებს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი...
დღეს ყოველი მეორე მსჯავრდადებული უკანონოდ არის დაპატიმრებული და სტრასბურში ჩივის. ხომ პარადოქსი იქნება, რომ მათ ხელისუფლებას დაუჭირონ მხარი? თუკი ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, არც ერთი პატიმარი, ცხადია, ამ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს. ადამიანის ბუნება ასეთია - დამსახურებულადაც რომ იჯდეს ციხეში, ვინც დაიჭირა, იმას ხმას არ მისცემს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. როდესაც არჩევნების შემდეგ იტყვიან, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნაციონალებს მისცა ხმა, ეს იქნება იმის დასტური, რომ არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლება ცდილობს, დათესოს შიში, მაგრამ არაფერი გამოუვა, ვერ დააჩოქებს ქართველ საზოგადოებას! ვისარგებლებ შემთხვევით და რადგან ეს არსად მითქვამს, პრევენციის სახით, ალბათ, საჭიროა ვთქვა: მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩავები პოლიტიკაში, როგორც ჩანს, დაინტერესდნენ ჩემით და დაიწყეს მუშაობა ჩემს კლიენტებზე. ახლობელმა ადვოკატმა, რომელიც ციხეში იყო შესული, მომაწოდა ასეთი ინფორმაცია - შენს წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაჰპირდნენო. არ ვიცი, რა ჩვენება შეიძლება მიაცემინონ რომელიმე პატიმარს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, ადამიანმა ვერ გაუძლოს წნეხს და შეიძლება მათ ეს გააკეთონ თუნდაც 1 ან 2 წლით ადრე გამოსვლის სანაცვლოდ. არ გამოვრიცხავ, ცრუ ჩვენება მიაცემინონ ჩემი დისკრედიტაციისთვის, ჩემზე კომპრომატის შექმნისთვის. ჩემს ტელეფონს რომ უსმენენ და კუდში დამყვებიან, ესეც ვიცი. მაგრამ ისიც გაითვალისწინონ, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.
- რატომ ინტერესდება ოპოზიცია ციხეში არსებული მდგომარეობით მხოლოდ მაშინ, როცა პატიმარს კლავენ ან აწამებენ?
- ოპოზიციური სპექტრი 2007 წლიდან მოყოლებული აპროტესტებს ამ ყველაფერს. ამჯერად ვლაპარაკობ "ქართული ოცნების" სახელით და შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციის მეშვეობით ხდება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და საქართველოსკენ ყურადღების გადმოტანა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ჯერ ყველაფერი წინ არის, ჩასატარებელია საარჩევნო კამპანია, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იქით, რომ ყველა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, რა ხდება ამ ქვეყანაში და არის თუ არა სამართლიანი საარჩევნო გარემო. მაისიდან საქართველოში გრძელვადიანი მისიით ჩამოვლენ დამკვირვებლები. ისინი დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და განსაზღვრავენ კონკურენტუნარიანი და სამართლიანი პირობები თუ ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებისთვის. სწორედ ამის მიხედვით ცნობენ ან არ ცნობენ არჩევნებს. ბოლო ხანს ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების მიდგომა ხელისუფლების მიმართ შეიცვალა და დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბერში ჩვენ გავიმარჯვებთ, მთავარია, საზოგადოება გამოფხიზლდეს!
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)