"ნიუ-იორკ თაიმსი" საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას სათაურით - "მისტერ სმიტი ქუთაისში მიდის".
სტატიის ავტორი ჰეილი სვითლენდ ედვარდსი წერს, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადააქვთ, თბილისის შემდეგ მეორე დიდ ქალაქში, რომელიც დასავლეთით, 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
"ქუთაისი, საქართველო - გასულ ხუთშაბათს სამ საათზე მეტი დამჭირდა იმისთვის, რომ თბილისიდან, რომელიც საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის კომერციული და კულტურული ცენტრია, პარლამენტის ახალ შენობამდე (სტადიონის ზომის, ლითონის ბადეში მოქცეული ნიჟარის ფორმის ნაგებობამდე) მიმეღწია", -წერს სტატიის ავტორი.
ავტორი აღნიშნავს, რომ პარლამენტის გადატანა თითქოს დეცენტრალიზაციის მხარდაჭერის, თბილისის ინფრასტრუქტურის განტვირთვის, ქუთაისის ეკონომიკის განმტკიცების და ქვეყნის ამ ორი ისტორიული ნაწილის სიმბოლური დაკავშირებისთვის შემუშავდა. მაგრამ, ავტორს მიაჩნია, რომ ქვეყანა საარჩევნო არასტაბილურობის ფაზაში შედის და ამ ფონზე აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს ისედაც სუსტ საკანონმდებლო ხელისუფლებას.
"ბოლივიამ, მიანმამ, ნიგერიამ და სხვა ქვეყნებმა ხელისუფლების ერთი ან მეტი შტო დედაქალაქიდან გადაიტანეს, თავად დედაქალაქს შეუცვალეს ადგილი ან ერთზე მეტი დედაქალაქი შექმნეს. ეს ცვლილებები ხშირად ბიუროკრატიულ და ლოჯისტიკურ კოშმარებს უკავშირდებოდა, ისევე როგორც პოლიტიკურ დაძაბულობას პროვინციებს შორის", -ამბობს ავტორი.
ჰეილი სვითლენდ ედვარდსი წერს, რომ ზოგჯერ, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ეჭვობენ, ასეთი ნაბიჯი შეგნებული პოლიტიკური ფანდია ხოლმე და ქვეყნის რომელიმე ერთი რეგიონის, ხელისუფლების გარკვეული შტოს ან პოლიტიკური ოპოზიციის შესუსტებას ისახავს მიზნად.
ავტორს მოჰყავს "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევები, რომლის თანახმად, ქართველების უმრავლესობა ამ ნაბიჯს თითქმის კოლექტიური გაკვირვებით შეხვდა - ის მხოლოდ 51%-მა მოიწონა.
"რატომ? ზოგიერთი მოწინააღმდეგე რესურსების ფუჭ ხარჯვას ასახელებს, სხვებს კი თბილისს და ქუთაისს შორის მოგზაურობის პრაქტიკული პრობლემა აწუხებს. დღეს ამ ორ ქალაქს აკავშირებს მომქანცველი ექვსაათიანი გზა მატარებლით ან სახიფათო საავტომობილო გზა, ორმხრივი მაგისტრალი. ეს მაგისტრალი სავსეა დიდი სიჩქარით მოძრავი საბარგო მანქანებით, რომელთაც სასოფლო აღჭურვილობა გადააქვთ და მოხეტიალე ძროხებით", -წერს ჰეილი სვითლენდ ედვარდსი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სხვა კრიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის უკან უღირსი განზრახვებია.
"ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ პარლამენტი მოშორებით, დასავლეთით გადააქვს, რათა კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქციოს საკანონმდებლო ორგანო და ხელი შეუშალოს სახალხო საპროტესტო გამოსვლებს, ისეთებს, როგორებიც ბოლო წლებში, თბილსის ცენტრში, პარლამენტის წინ დროდადრო იმართებოდა", -აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ამბობს, რომ თავად სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციით" მოვიდა, მას შემდეგ, რაც მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტი შტურმით აიღეს.
სტატიის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ჰეილი სვითლენდ ედვარდსს სტატიაში პინოჩეტის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ აუგუსტო პინოჩეტის მმართველობის ბოლოს 1990 წელს, ჩილეს მთავრობამ პარლამენტი ქვეყნის კომერციული, კულტურული და სახელისუფლებო ეპიცენტრიდან 100 მილის მოშორებით, ვალპარაისოში გადაიტანა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ვალპარაისოს ეკონომიკის მხარდაჭერის მხრივ სასარგებლო აღმოჩნდა, დღეს, ოცწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, მას დიდწილად შეცდომად მიიჩნევენ", -აღნიშნულია სტატიაში.
როგორც ჰეილი სვითლენდ ედვარდსი აღნიშნავს, პიტერ საიაველისმა, Wake Forest University-ს ლათინო-ამერიკული კვლევების პროგრამის დირექტორმა, გასულ კვირას სანტიაგოდან მასთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჩილეს პარლამენტის გადატანას ხელისუფლების დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით უმნიშვნელო შედეგი მოჰყვა, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად გაზარდა არაეფექტურობა იმით, რომ გაიზარდა სატრანსპორტო ხარჯები დეპუტატების მოგზაურობით სანტიაგოს და ვალპარაისოს შორის და დრო ფუჭად იხარჯებოდა; პარლამენტის დანარჩენი ხელისუფლებისგან მოცილებით, არაოფიციალური პოლიტიკის ფორუმი გაუქმდა, რამაც დაასუსტა პარლამენტი - თუკი დეპუტატები ვერ ახერხებენ, მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლას ასეთი წინადადებით - "მოდით, კანონის ეს ნაწილი განვიხილოთ", ამის შედეგი ის არის, რომ ისინი ნაკლებად გავლენიანები ხდებიან.
"ნიუ-იორ თაიმსის" ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში, სადაც ამ საარჩევნო წელს მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს, რთულია პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება საეჭვოდ არ მოგეჩვენოს.
ავტორს რთულად ეჩვენება იმის დანახვაც, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ეს ნაბიჯი საქართველოს მერყევ დემოკრატიას იმის განვითარებაში, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება: ინსტიტუტების გაძლიერება და უფრო მრავალფეროვანი წარმომადგენლობა მთავრობაში.
სტატიის ქართულ თარგმანს "ფორინპრესი" ავრცელებს.