საქართველოს პრეზიდენტი "სტუდენტური ბარათების" შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს, აგრარულ უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა , ბარათით სტუდენტებს საშუალება ექნებათ, როგორც მგზავრობისას, ისე მაღაზიებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.
"გამოვდივართ ინიციატივით, შევქმნათ ქართული "სტუდენტური ქარდი", რომლითაც, მაგალითად, მატარებლით მგზავრობისას, ყველა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას იარსებებს 15-20 %-იანი, 40 %-იანი ფასდაკლება. ასევე, მოველაპარაკოთ სუპერმარკეტების ქსელებს, მაღაზიებს. მას ექნება სხვა პრივილეგიებიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, მატერიალური პრობლემები ყველაზე მეტად სტუდენტებს აწუხებთ და დახმარებაც ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, რადგან "სწავლაზე იფიქრონ და არა იმაზე, როგორ იშოვონ ბილეთის ან საჭმლის საყიდელი ფული".
"ეს ინიციატივა უახლოეს 1 თვეში დავამუშაოთ და ზაფხულისთვის, მაგალითად, თუ სტუდენტები ბათუმში ან ანაკლიაში მატარებლით წავლენ, მგზავრობის ღირებულების ნახევარი გადაიხადონ", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
საქართველოს პრეზიდენტი აგრარულ უნივერსიტეტში სტუმრობისას სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და მათ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა განახლებული უნივერსიტეტი დაათვალიერა და თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითაც დაინტერესდა.
უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.