ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი "არაკვალიფიციურობასა" და "შავი პიარის" მცდელობაში დაადანაშაულეს.
მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მინისტრმა მათი კითხვების უმრავლესობას პასუხი არ გასცა, რაც შაშკინმა კითხვების არაკვალიფიციურობით ახსნა.
როგორც დღევანდელ სამთავრობო საათზე დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, როდესაც მინისტრი ასე "თავხედურად" იქცევა, გასაგებია, როგორ მოექცეოდა ის სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს და სკოლიდან გარიცხულ 15 წლის მიხეილ ალექსიძეს.
ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი აღნიშნა, რომ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ დარბაზში კითხვების ავტორები არ იყვნენ, რაც ტყუილია.
"რაში დაგჭირდათ შავი პიარის ელემენტების გამოყენება, აქ ვიყავი და თვალებში გიცქერით", – მიმართა ლორთიფანიძემ მინისტრს.
შეფასებების შემდეგ, დეპუტატებმა მინისტრს კითხვები ხელმეორედ წაუკითხეს.
სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას შაშკინმა, ძირითადად, "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" კითხვებზე პასუხის გაუცემლობა მათი "არაკვალიფიციურობით" ახსნა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ფრაქციის წევრებს აინტერესებდათ განათლების დაფინანსების წილის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში; იმ 10 000 სტუდენტის ბედი, რომელთაც თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუწყდათ. ასევე - რატომ არ მოჰყვა რეაგირება 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს, რატომ არ მოხდა საზაფხულო დასაქმების პროგრამით 25 000 სტუდენტის შერჩევა სოციალურად დაუცველი, დევნილი და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ოჯახებიდან; უჭერს თუ არა მინისტრი მხარს სტატუს შეჩერებული სტუდენტების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან სარეზერვო ფონდებიდან; უჭერს თუ არა მხარს მინისტრი "ქართული დასის" ინიციატივას სახელმწიფო უფასო უმაღლესი განათლების სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით; რამდენად კანონიერად მოხდა სოფელ დიღმის საჯარო სკოლის თავზე ერთ–ერთი მობილური ოპერატორის მიერ კავშირგაბმულობის რადიოსადგურის განთავსება; რას აპირებს მინისტრი 53-ე სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, რომელმაც სკოლიდან მიხეილ ალექსიძე გარიცხა; რა გახდა მიზეზი ანტიკონსტიტუციური ბრძანების მიღებისა, რომლითაც მოსწავლეები, რომლებიც ატესტატს ვერ მიიღებენ, მაინც შეძლებენ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას.