მიხეილ სააკაშვილმა დღეს, რუსთავში, განახლებული ავტოდრომი გახსნა, სადაც წრიულ რბოლაში ჩემპიონატი ტარდება. პრეზიდენტი რუსთავში მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ჩავიდა და ავტოდრომის ახალი ტრასა პირადად გამოსცადა. ტრასაზე სააკაშვილი "ბოლიდს" თავადა მართავდა. "ძალიან მაგარი ადრენალინია", - თქვა პრეზიდენტმა "ბოლიდიდან" გადმოსვლის შემდეგ და ყველას ურჩია ავტოდრომს ეწვიონ.
სააკაშვილმა ავტოდრომზე შეკრებილებს ობიექტის განახლება მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტ შოთა აფხაზავას, რომელმაც რუსთავის ავტოდრომის რეკონსტრუქცია განახორციელა. მისი განცხადებით, პირვანდელთან შედარებით, ეს არის არა აღდგენილი, არამედ ახალი ავტოდრომი, რაშიც შოთა აფხაზავამ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. "ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს ქართული პატრიოტული გრძნობა; შოთამ მართალია ჯერ ვერ ისწავლა ქართული, მაგრამ საქართველოს სიყვარული ერთი წამითაც არ დავიწყებია თავისი არც თუ ისე მოკლე ცხოვრების განმავლობაში; რას ნიშნავს საქართველოს სიყვარული - როცა დაიბადე და გაიზარდე სხვაგან, შენი ფული გააკეთე სხვაგან, მაგრამ ბოლო კაპიკი ჩადე, მათ შორის პრობლემების ფასად, რომელიც შეიძლება შეგიქმნან იმაში, რომ შენს ქვეყანაში რაღაც ააშენო და გააუმჯობესო, ადამიანები დაასაქმო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე რუსთავისთვის ავტოდრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ქალაქისთვის, რომელიც "ათი წლის წინ იყო მომაკვდავი", ეს არის რუსთავის აღორძინების ერთ-ერთი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი და წინ გადადგმული ნაბიჯი. "ის 100, 200 თუ 300 ადამიანი, რომლებიც აქ დასაქმდებიან, არის 100, 200, 300 ოჯახი, რომელსაც მეტი შემოსავლის წყარო აქვს. ეს არის მეტი საშულება, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი განათლება და შესაძლებლობები მივცეთ, უკეთესი ჯანდაცვა გვქონდეს, უკეთესი იმედი", - თქვა მან.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს ავტოდრომი იმისთვის არ გაკეთებულა, რომ მთავრობის წევრები მოვიდნენ და გაისეირნონ. მისი თქმით, ეს არის თავიდან ბოლომდე კერძო ინვესტიცია, რომელმაც ერთი მხრივ უნდა მოიტანოს ფული და მეორეს მხრივ ის ოპტიმიზმი და ენერგია, რომელიც საქართველოს ფეხზე დააყენებს.
მიხეილ სააკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს და ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძეს, რომლებიც ავტოდრომის გახსნას ესწრებოდნენ, უსურვა, რომ საქართველოში ხვალიდან იყოს ისეთი გზები, რომელიც ავტოდრომზე დაიგო.
პრეზიდენტმა ასევე მიმართა ღონისძიებაზე მყოფ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, რომ მასზე ბევრად უკეთესი მბრბოლელები მოამზადოს საქართველოში, რომლებიც საერთაშორისო არენებზე გავლენ.
ახალი ავტოდრომი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ტრასის სიგრძე 4 ათას 122 მეტრს შეადგენს და მთლიანად კერძო ინვესტიციით აშენდა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში რუსთავის ავტოდრომზე პირველად იმართება. შეჯიბრში Legends, Formula alfa, Touring - 1500 და GT კლასის სპორტული ავტომობილები მონაწილეობს. საქართველოს ჩემპიონატი რვა ეტაპისგან შედგება, ფინალი კი ნოემბერში გაიმართება.
იხილეთ ასევე "NASCAR-ის ჩემპიონმა ბარაკ ობამა საკუთარ ბოლიდში არ ჩასვა"
"ბლოგერებს ეჭვი ეპარებათ, რომ პუტინი ფორმულა ერთის ბოლიდს მართავდა"