ქუთაისიდან მესტიამდე გვირაბით ვიმგზავრებთ, ბათუმის უნივერსიტეტის ოცდამეთხუთმეტე და ოცდამეჩვიდმეტე სართულებს შორის ეშმაკის ბორბალი იტრიალებს, რომელსაც სხვა სახელს დაარქმევენ და იქ სტუდენტები იმოძრავებენ წიგნებთან ან შეყვარებულებთან ერთად - ვისაც როგორ ენდომება, ქუთაისი იქნება ევროპის ცენტრალური ქალაქი და ნატო თუ ევროკავშირი ხვეწნას დაგვიწყებს - იქნებ ჩვენთან გაწევრებაზე დაგვთანხმდეთო. და ძლევამოსილი საქართველოც ამაყად ჩაფიქრდება... ძნელი დასაჯერებელია ეს ყველაფერი? პოლიტოლოგიური გვერდისთვის არასერიოზული მოგეჩვენათ? მაგრამ, ჯერ ერთი, სულ რაღაც ოცი წლის წინ ერთი სოფლიდან მეორეში მობილური ტელეფონით ლაპარაკის იდეაც არასერიოზული ჩანდა და ვინმეს მაშინ ისიც რომ დაემატებინა, ამ ლაპარაკს მათ დაუკითხავად თბილისში მესამე კაციც უპრობლემოდ მოისმენს და ჩაიწერსო, გიჟად გამოაცხადებდნენ. დღეს, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ეს ნახევრად კოსმოსური დაპირებები მოგვცა პრეზიდენტმა, რომელიც ობამასთან დიდად ვერ, მაგრამ ტრამპთან მეგობრობს, რადგან ობამასა და მის ადმინისტრაციას უცნაური გემოვნება და მოთხოვნები აქვთ: არსებული ქართული ეკონომიკური სასწაულის დანახვა-აღიარების ნაცვლად სასწაულს მაინცდამაინც დემოკრატიაში მოელიან, თანაც ბუნდოვან მომავალში კი არა, ახლავე უნდათ - სულ რაღაც 6 თვეში...
დაწვრილებით ქართული ყოფის რეალური და ირეალური ამბების თავისებურებებზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორს, გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:
- ბოლო დროს ხელისუფლებამ მედიასთან თითქოს ტაქტიკა შეცვალა - უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლები თანდათან "კავკასიისა" თუ "მაესტროს" ტელედებატებშიც ჩნდებიან. მეორე მხრივ, პრესის თავისუფლების დღე საქართველოში ხელისუფლებამ ტრადიციულად აღნიშნა, თუმცა ქუთაისში პრეზიდენტის საზეიმო ღონისძიებაზე რიგი ქართველი ჟურნალისტებისა არ დაუშვეს. მეტიც, ზოგიერთს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ....
- პრესის თავისუფლება მოიცავს რამდენიმე კომპონენტს - ეს არის როგორც ჟურნალისტების და მათი საქმიანობის, ასევე მედიასაშუალებების ფუნქციონირების ფინანსური და პოლიტიკური დაცულობა, ასევე ამ მედიასაშუალების გავრცელების თავისუფლება. კიდევ ერთი ნაწილი არის საჯარო მოხელეთა და პოლიტიკოსთა მზაობა და ღიაობა პრესასთან ურთიერთობაში. საქართველოში ყველა ამ ასპექტში არის პრობლემები, რაც სერიოზულად აფერხებს ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. ვფიქრობ, ძირითადი ტენდენცია, სამწუხაროდ, ისევე, როგორც, ყველაფერი ტენდენციის თვალსაზრისით, მოდის პრეზიდენტისგან და ეს ტენდენცია შექმნილია პრეზიდენტის მიერ.
დახურულობა მასმედიის მიმართ არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც გამოარჩევს ბოლოდროინდელ სააკაშვილს და განასხვავებს მას 2003-წლამდელი, ასევე რევოლუციის შემდგომი პირველი წლების სააკაშვილისგან. ვხედავთ, რომ სააკაშვილი დგამს ნაბიჯს პოლიტიკოსობისკენ, ისევ ცდილობს გახდეს პოლიტიკოსი მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სერიოზული გამოწვევა შეუქმნა, ცდილობს, ელაპარაკოს ქართველ ხალხს, მაგრამ ადვილი შესამჩნევია, რომ ყველაფერი ეს იმიტირებული და დადგმულია. სამარცხვინოა კადრები, სადაც ვხედავთ, როგორ დაჰყვებიან სააკაშვილს ავტობუსებით ტაშის დამკვრელები თუ აღტაცებული მხარდამჭერები. ამ ვირტუალური რეალობის შემკვრელი და შემფუთველია ნაციონალურად მაუწყებელი ტელევიზიები. ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე წელია რეალურ, არა დადგმულ კითხვებზე პასუხი არ გაუცია. პრეზიდენტი არ ურთიერთობს მასმედიასთან, თუ არ ვიგულისხმებთ იმ ფორმატებს, რომელსაც თვითონ დგამს და სადაც კითხვებიც და პასუხებიც წინასწარ არის მომზადებული. შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენად შოკისმომგვრელი იყო სააკაშვილისთვის, როდესაც მას არა ჟურნალისტმა, არამედ დეპუტატმა დაუსვა რეალური და წინასწარ მოუმზადებელი შეკითხვა. მაშინ დავინახეთ, რომ მისთვის არამცთუ კრიტიკის, შეკითხვის მოსმენაც კი ძალიან რთულია. სააკაშვილს გამოუმუშავდა სტილი, რომლის თანახმადაც, ის ცალ კარში თამაშობს წინასწარ მოგებულ თამაშს. აქ არის თამაში მხოლოდ მოწყობილ და წინასწარ გაწყობილ მოედნებზე, სადაც მხოლოდ მოწინააღმდეგის კარი დგას. მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც თავის ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს და რომელიც უნდა პასუხობდეს ხალხის კითხვებს, რამდენიმე წელიწადია გაწყვიტა ურთიერთობა მასმედიასთან. ის, რომ ჩვენ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის.
გასაოცარია, რომ თავის იდეოლოგიურ და იდეურ მამას - პუტინსაც ჩამორჩება ამ თვალსაზრისით. გვინახავს, როგორ შედის პუტინი დებატებში მასმედიის ამა თუ იმ წარმომადგენელთან. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვახსოვს შეკრებები 400-500 ჟურნალისტის მონაწილეობით, სადაც პუტინს შეკითხვებს უსვამდნენ. ესეც დადგმული და იმიტირებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო. შესაბამისად, პრეზიდენტისგან მოდის ასეთი მესიჯი, რომ მხოლოდ დადგმულ შეხვედრებს უნდა გადავცემდეთ საათობით და თავისუფალი ჟურნალისტის თავისუფალი შეკითხვა არ შეიძლება გაისმოდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დებატების ფორმას, რომელიც თქვენ ახსენეთ. აქ უშვებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ანუ ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმულა ასეთი გახლავთ: დებატებში მონაწილეობენ პირები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ხოლო ისინი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, ვრცელი მონოლოგებით შემოიფარგლებიან საზეიმოდ დადგმული შეხვედრების დროს.