ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ, ჯამლეთამ ჯონდო დააორსულა! - ეს სიტყვები, რომლებიც ნიკო გომელაურს ეკუთვნის, ალბათ, მკითხველსაც აეკვიატება, როდესაც შეიტყობს, რომ თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთი არასასურველი ქალაქი ყოფილა მსოფლიოში და ეს მაშინ, როცა ყოველდღე გვესმის, რომ აქ არის ყველაზე მაგარი გზები და ხიდები, საუკეთესო სკვერები და შადრევნები, რომ თბილისში ცხოვრება საამურია - კვლევა, რომელმაც ამ მოსაზრებას ცივი წყალი გადაასხა, საერთაშორისო ორგანიზაცია ECA International-მა ჩაატარა: ამ კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 400 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქმა 199-ე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისი აუტსაიდერთა შორის არის: რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომპანიამ "merceri"–მ გამოაქვეყნა სარეიტინგო სია, რომელშიც ცხოვრების დონის მიხედვით 221 ქალაქს შორის თბილისი 214-ე, ანუ ბოლოდან მერვე ადგილზე იყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას, სულაც არ აკვირვებს, რომ ჩვენი დედაქალაქი აუტსაიდერთა შორის არის:
- სამწუხაროა, მაგრამ თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე. ამ სარეიტინგო სიაში ისეთი მეზობლები გვყავს, კაცი რომ არ ინატრებდა, რადგან არც ერთი მოწინავე სახელმწიფოს დედაქალაქი ჩვენს ახლომახლო არ ჭაჭანებს. სარეიტინგო სიის შედგენისას ბევრი რამ იყო გათვალისწინებული - ჯანდაცვა, სოციალური და ეკოლოგიური გარემო, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ა.შ. ეს ყველაფერი შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმა და დაადგინეს, რომ თბილისში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მედია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, გვიმტკიცებს, რომ თბილისი ცხოვრების დონით ევროპული ქალაქია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ევროპელი ექსპერტები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ამ სარეიტინგო სიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად მცდარია: არ შეიძლება აშენო ხიდები და მოსახლეობა გყავდეს მშიერი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა კონცერტები და შადრევნები, არამედ ადამიანები. სწორედ ამის გამო საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" მკაცრად გავაკრიტიკეთ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სფეროს აკლდებოდა თანხა და გადადიოდა მუხლში, რომელიც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩატარებას ითვალისწინებს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება მოსახლეობის პრობლემების მიმართ. არამიზნობრივი ხარჯვის საუკეთესო ნიმუშია გმირთა მოედანი, რომელსაც სულ მცირე, სამჯერ შეუცვალეს სახე. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება გადავყაროთ ფული წყალში მაშინ, როცა ამ თანხით უამრავი პრობლემის მოგვარება შეიძლება.
- ბატონო ჯაბა, ECA International-ის კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ეკოლოგიურ გარემოს.
- დიახ, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენთან განსაკუთრებით მწვავედ დგას. ეკოლოგიური თვალსაზრისით თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა: აღარაფერს ვამბობ დაბინძურებულ ჰაერსა და განადგურებულ მწვანე საფარზე, ლამის ყოველ მეორე დღეს შეგიძლიათ ნახოთ, რომ მტკვარი ნაგვითაა სავსე, როცა თავისუფლად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. არსებობს სპეციალური მოწყობილობები, რომელიც მდინარეს წმენდს, მაგრამ ამისთვის თავს არავინ იწუხებს. ძალიან კარგია ევროპის მოედანთან ახალი პარკის მშენებლობა, მაგრამ ნუთუ ეს არის დედაქალაქისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? კომუნიკაციები მოსაწესრიგებელია და ამ დროს ჩვენ პარკებს ვაშენებთ. სხვათა შორის, ის, რომ დღეს თბილისში წყლის გადასახადი ძალიან მაღალია, პირდაპირ არის დამოკიდებული მოუწესრიგებელ კომუნიკაციებზე. მსოფლიოში მგონი ერთ-ერთ წამყვან ადგილზე ვართ წყლის დანაკარგის მიხედვით და ბუნებრივია, "თბილისის წყალი" ამ ზარალს ჩვენ გვახდევინებს. ალბათ, არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში არ არის ამდენი გახეთქილი მილი და დაზიანებული კომუნიკაციები, რამდენიც ჩვენთან. კარგად ვიცი, რა საოცარი ამბები ხდებოდა გზების დაგებისას: დააგებდნენ ასფალტს, მერე გაახსენდებოდათ, რომ იმ ადგილზე ახალი კომუნიკაციები იყო გასაყვანი, ისევ გადათხრიდნენ და მერე ისევ დააგებდნენ. ასეთი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს.
- ევროპელმა ექსპერტებმა არანაკლები ყურადღება მიაქციეს სოციალურ პრობლემებს და ჯანდაცვას.
- როგორ ამაყობს ხელისუფლება იმით, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, როცა ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ავადმყოფობის ეშინია? არ შეიძლება ჯანდაცვის სფეროში ეკონომია გააკეთო და მერე ეს ფული კონცერტებში დახარჯო! ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისელებს ლამის გაუორმაგდათ გადასახადები - გაძვირებულია ტრანსპორტი, მიწის გადასახადი, მოიმატა წყლის, დენის, დასუფთავების ტარიფმა. რატომ უკვირთ, რომ ეს ყველაფერი თვალნათლივ აისახება საერთაშორისო რეიტინგებზე? ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმის მიუხედავად, რომ თითქოს ევროპაში აქვთ განათლება მიღებული, თავიანთი აზროვნებით ბოლშევიკები არიან. ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში! - ასეთია მათი დევიზი და ეს არის სწორედ ბოლშევიკური მიდგომა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ იმ 5 ათასი მესაკუთრისათვის, რომლებსაც სამარშრუტო ტაქსი ჰყავდეთ, მიგვეცა გარკვეული პირობები, რომ "მარშრუტკაში" 15 კაცზე მეტი არ უნდა ჩაესვათ, რომ ფეხზე არავინ უნდა მდგარიყო და ა.შ. არ დაიჯერეს და რა მივიღეთ? - მივიღეთ ის, რომ გვყავს ერთი მონოპოლისტი, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება და დავკარგეთ 4 ათასზე მეტი კერძო მესაკუთრე, რომელიც თვითონ მოახერხებდა ყველაფრის ორგანიზებას, ინვესტიციებსაც თვითონ ჩადებდა და ქალაქში იმოძრავებდნენ გაცილებით კომფორტული ტაქსები. ხალხიც კმაყოფილი იქნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას ავტობუსებზეც, რომელთა რაოდენობაც ნამდვილად არ არის საკმარისი. ხაზზე ათი ავტობუსის ნაცვლად თუ მოძრაობს რვა ან ცხრა, ეს უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის. დღევანდელ პერიოდს ხშირად ადარებენ შევარდნაძის ეპოქას, წლები გადის, დრო იცვლება. ცხრა წელია, რაც შევარდნაძე წავიდა, სად ცხრა წლის წინანდელი მსოფლიო და სად - დღევანდელი? რაღა შევარდნაძეს ედარებიან? - 1945 წელს გერმანია დამარცხებული და დანგრეული ქვეყანა იყო, ცხრა წლის შემდეგ კი დასავლეთ გერმანია ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო გახდა მსოფლიოში.
- ალბათ, არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ თბილისელების დიდი ნაწილი ავარიულ სახლებში ცხოვრობს.
- სხვათა შორის, რეიტინგის ავტორებმა ეს ფაქტორიც გაითვალისწინეს. ავარიული სახლების სარეაბილიტაციო თანხას წინა წლის ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი ლარი მოაკლეს და სხვა მუხლში გადაიტანეს, თითქოს ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდეს. ნახევარი ჩუღურეთი, სოლოლაკი, მთაწმინდა ავარიული სახლებით არის სავსე, ამ უბნებს შველა უნდა. სხვათა შორის, სახლები ხშირად ძველი კომუნიკაციების გამოც ზიანდება, მათ ქვეშ წყალი გროვდება და ამის გამო შენობა იბზარება და ფუჭდება.
- ხელისუფლების მომხრეები ხშირად ავლებენ პარალელს დღევანდელ და დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოს შორის. რას გვეტყოდით ამ შედარებაზე?
- ეს აბსურდული შედარებაა. დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში ორჯერ გაიზარდა საქართველოს ტერიტორია. მან მთელი ცხოვრება ამ ქვეყნის გაძლიერებასა და განმტკიცებას შეალია, უფუნქციო შუშის ხიდი კი არ აუგია, გელათი ააშენა და იქ აკადემია გახსნა. დავითი ხშირად დადიოდა ქსენონებში (საავადმყოფოები - ხ.ჩ.) და დაჭრილ ჯარისკაცებს ნახულობდა, ამხნევებდა, მას ისეთი არმია ჰყავდა, რომელიც მეფის მზეს ფიცულობდა. სხვათა შორის, დავითის ხანაში საქართველო გაცილებით სამართლიანი სახელმწიფო იყო, ვიდრე დღეს არის. უდიდესი ღვაწლის გამო ქართველებმა ეს დიდი მეფე წმინდანად შერაცხეს. ამ ორი ეპოქის ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია.
ცნობისთვის
ქალაქების სარეიტინგო სიის შედგენისას ECA International-ის წარმომადგენლებმა შეისწავლეს უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების დონე, მათ საგანგებო ყურადღება მიაქციეს ჰაერის სისუფთავესაც. საუკეთესო ქალაქების სიაში პირველი ადგილი შვეიცარიის ქალაქმა ბერნმა დაიკავა. ათეულში შვეიცარიის კიდევ ორი ქალაქი მოხვდა - ჟენევა (მე-4 ადგილი) და ბაზელი (მე-7 ადგილი). პარიზს 23-ე ადგილი მიაკუთვნეს, ხოლო ლონდონს - 31-ე. სხვათა შორის, ამ ორ ულამაზეს და უძველეს ქალაქს გერმანულმა ფრანკფურტმა, ჰამბურგმა, ბერლინმა, შტუტგარდტმა და მიუნხენმა გაუსწრეს. სარეიტინგო სიაში ვარშავა - 67-ე, ხოლო კიევი 113-ე ადგილზე მოხვდა. ECA International-ის მიერ გამოქვეყნებულ სარეიტინგო სიაში ბოლო ადგილებზე ბაღდადი, ქაბული და ყარაჩი განთავსდნენ.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)