მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან

მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან

6 მაისის შემდეგ, დავით გარეჯში, მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონმა კირიონმა განუცხადა.

მისივე თქმით, 6 მაისს, გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს.

მღვდელმონაზონ კირიონის განცხადებით, მომხდარის შესახებ საპატრიარქოს შეატყობინეს, საპატრიარქომ კი - საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა ხელისუფლებას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

მღვდელმონაზონის ცნობით, მონასტერი უდაბნო დავით გარეჯის მონასტრის მომიჯნავეა და უფრო მაღლა მდებარეობს. იქ აზერბაიჯანელი სამხედროები, მონასტრის ბერების გარდა, უკვე არავის აღარ უშვებენ, მათ შორის - მომლოცველებს.

მისი ცნობით, ქართველი მოსაზღვრეები ტერიტორიის მხოლოდ პატრულირებას ახდენენ და გარეჯის ლავრასთან ახლოს დგანან, სასაზღვრო ზოლთან პერიოდულად მიდიან და უკან ბრუნდებიან.

მღვდელმონაზონის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ეს მათი ტერიტორიაა და მონასტერი უდაბნო ალბანური კულტურის ძეგლია.

"აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ინტერესებსა და პოლიტიკას ახორციელებენ. ჩვენ რას ვშვრებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენსას და არ ვდგავართ პრინციპულ პოზიციაზე?! ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უწმინდესი ადგილი, ისტორიული მიწა-წყალი, სადაც 6 ათასი გარეჯელი ბერი მოისრა", - დასძინა მამა კირიონმა.

მისივე თქმით, სასურველია ხელისუფლებამ მიიღოს გადამჭრელი ზომები და ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი და მთელი ერი.

"ადრე, როდესაც გარეჯში პოლიგონი იყო, ვამბობდით, რომ აფეთქებები სენაკებს აზიანებენ. ამის გამო მაშინ მაშინ მთელს იმპერიას დავუპირისპირდით. დღეს გარეჯი არა თუ ზიანდება, არამედ მას საერთოდ ვკარგავთ", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.

მღვდელმონაზონი მიიჩნევს, რომ თუ ამ პრობლემას რეაგირება არ მოჰყვება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დროთა განმავლობაში მონასტერ უდაბნოში ბერებსაც აღარ შეუშვებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"