გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილი ცდილობს, დაღუპული ადამიანების სისხლი ჩამოირეცხოს"

გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილი ცდილობს, დაღუპული ადამიანების სისხლი ჩამოირეცხოს"

სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში დიდი ადგილი დაეთმო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას. ომბუდსმენის ანგარიში, ისევე როგორც გასულ წლებში, საკმაოდ კრიტიკულია - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალადობრივი სიკვდილის ფაქტებს აღწერს და კონკრეტული პირებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. რაც შეეხება გარდაცვლილ პატიმართა რიცხვს, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, 140-ს აღწევს. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის აზრით, დაღუპულ პატიმართა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა პატიმართა გარდაცვალების დამალული ფაქტები.

- ბატონო გელა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პარლამენტში გამოსვლისას ბრძანა, რომ 2012 წელს პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა, თქვენ რა სტატისტიკური მონაცემები გაქვთ?

- სამწუხაროდ, ამ მონაცემებზე ხელი არ მიგვიწვდება. რასაც აცხადებენ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელები, მხოლოდ ის უნდა დავიჯეროთ. სახალხო დამცველი აქვეყნებს ხოლმე ამ მონაცემებს, თუმცა 2010 წელს, როდესაც მან გამოაქვეყნა სტატისტიკა და თქვა, რომ 142 პატიმარი იყო გარდაცვლილი, იქვე დაამატა, რომ დეპარტამენტმა დამალა გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობის თითქმის ერთი მესამედი - მათ აჩვენეს 98 პატიმარი და რეალურად, გარდაცვლილი იყო 142. გიორგი ტუღუშმა თვითონ მოიძია ეს ციფრები. სახალხო დამცველის 2011 წლის მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ 140 პატიმარი გარდაიცვალა, ანუ ორით ნაკლები, თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებმა გარდაცვლილთა რიცხვი დამალეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა "სიკვდილის ექსპორტი" უწოდა იმ მეთოდს, რომლითაც გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას ხელოვნურად ამცირებენ - სიკვდილის პირას მყოფი პატიმრები გადაჰყავთ სამოქალაქო დაწესებულებებში, გარდაცვლილი პატიმარი მათ რომ არ მიეწეროს. ახლახან, 19 აპრილს, 65 წლის ჯენერი მატკავა, რომელიც ე.წ. ტერაქტის, "კოჭოიას საქმის" მონაწილეა, მომაკვდავი გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა - გაუკეთეს ოპერაცია ციხის საავადმყოფოში და თითქმის ერთი თვის განმავლობაში შეერთებული იყო აპარატზე. ფაქტია, რომ ეს შემთხვევა არ შევა სტატისტიკაში და არ დაეწერება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ მსგავს ფაქტებს, გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი 140-ზე გაცილებით მეტი იქნება. ხშირად პატიმრის ოჯახის წევრებს აშინებენ, აინტერესებენ თანხით და აჩუმებენ. გახსოვთ, როგორ მოიქცნენ, ახლახან ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი ქიმერიძის ოჯახის წევრები? მნიშვნელობა არ აქვს, შეაშინეს თუ თანხა მისცეს, ფაქტია, რომ მათ პირში წყალი ჩაიგუბეს. ასეთი ფაქტი ძალიან ბევრია.

- როგორც ამბობენ, დღეს დაწესებულებებში ერთად იხდიან სასჯელს სხვადასხვა გადამდები დაავადების მქონე პატიმრები. მათი იზოლირება რატომ არ ხდება?

- საერთაშორისო ნორმაა, რომ ავადმყოფმა პატიმრებმა თავი არ უნდა იგრძნონ კეთროვანებად, გარიყულებად და თუ დაავადება გადადის სისხლით და არა ჰაერწვეთოვანი გზით, ისინი ჩვეულებრივად უნდა ცხოვრობდნენ სხვებთან ერთად. მაგრამ როდესაც არ არის დაცული ჰიგიენური პირობები, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასურველია, ისინი ცალკე იყვნენ. თუმცა ამას ჩვენთან ვინ ითვალისწინებს? არა მარტო შიდსით, არამედ ტუბერკულოზით დაავადებულები ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად იხდიან სასჯელს, ერთ საკანში სხედან. სამწუხაროდ, დღეს ც ჰეპატიტი და ტუბერკულოზი მასობრივადაა მოდებული პენიტენციურ სისტემაში.

- თუ დაიწყო რომელიმე ფაქტზე გამოძიება და თუ დაისაჯა ვინმე პატიმართა წამებისთვის?

- ამათი ტაქტიკა ასეთია - ფორმალური თვალსაზრისით, ყველა საქმეზე იწყება გამოძიება, რომელიც გრძელდება თვეები, წლები, ვიდრე მათ არ მიივიწყებს საზოგადოება და ოჯახიც არ დაიღლება. როცა დარწმუნდებიან, რომ საკითხი აღარ არის აქტუალური და საზოგადოებას აღარ ახსოვს, საქმეს ან თაროზე შემოდებენ, ან იტყვიან, გამოძიება დავხურეთ, ვინაიდან დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდა, ვიღაცის მიმართ ეჭვები არ დადასტურდაო. ამიტომაც ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის პატიმრის სიკვდილში, ხელშეუხებელი რჩება.

- შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ბოლო 4 წელია საქართველოში პოლიციის ხელით არავინ დაღუპულაო.

- მერაბიშვილი ცდილობს, რომ "ჩამოწეროს" შარშან, 26 მაისს, დაღუპული ადამიანები და სისხლი ჩამოირეცხოს, მაგრამ ასე არ გამოვა, ვინაიდან, რეალურად, პოლიციის ხელით ოთხი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენებს სასტიკად სცემეს. ის, რომ არავინ დასჯილა, ნიშნავს, რომ ეს იყო ხელისუფლების პოლიტიკური ბრძანება და ნება და არა ვიღაცის მიერ ძალების გადაჭარბება - რაც უბრძანეს, ის გააკეთეს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ