12 მაისის წყალდიდობით გამოწვეული ზარალი თბილისის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, რამდენიმე მილიონი ლარია. სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა თბილისში, ორთაჭალაში მდებარე გულიას მოედანი და ე.წ. მუხიანის აგარაკები. "მუხიანი-2"-ის უმისამართო დასახლებაში ხალხი ისედაც უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ამ დასახლების პრობლემებზე "ყველა სიახლე" 2010 წელსაც წერდა - ადამიანები წუხდნენ, რომ არ ჰქონდათ გზა და სასმელი წყალი. მდგომარეობა არც 2011 წელს შეცვლილა. მოსახლეობის მრავალგზის თხოვნის შემდეგ შარშან გზაზე მხოლოდ ხრეში დაყარეს, თუმცა უეცრად მოვარდნილმა წყალმა გზა ისევ წაიღო. დაიტბორა ნათესები და სახლები. სტიქიის შემოტევას დასახლებაში მცხოვრები მწყემსი მამუკა ფიცხელაური ემსხვერპლა. უმისამართო დასახლების მცხოვრებლებს სასმელი წყალი შორიდან მოაქვთ, ბავშვები სკოლაში ფეხსაცმელზე შემოხვეული ცელოფანის პარკებით მიდიან ან მუხიანის გადასასვლელთან ტოვებენ ტალახიან ფეხსაცმელს. უბანში, რომელსაც დუმბაძის ქუჩას კილომეტრ-ნახევარი აშორებს და თბილისს ეკუთვნის, მხოლოდ ერთი სამარშრუტო ტაქსი დადის და ისიც იშვიათად, თანაც, ყოველთვის ხალხით სავსე...
ანიკო ხიმშიაშვილი, 83 წლის:
- 1983 წელს დავსახლდი აქ, გვინდოდა, ამ დასახლებას სოფლის სტატუსი მინიჭებოდა, მაგრამ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ უარი გვითხრა. ყოველთვის გვქონდა გზის, წყლისა და გარე განათების პრობლემა, მართალია, შარშან გზაზე ხრეში დაყარეს და გარე განათებაც გააკეთეს, მაგრამ სანიაღვრე არხების გარეშე გზაზე ხრეშის დაყრას რა აზრი აქვს? ზევით ახალი რკინიგზა გაჰყავთ ჩინელებს, მთას აფეთქებენ, რის გამოც ხევი ამოივსო და მთიდან წამოსულმა წყალმა კალაპოტი იცვალა. ამიტომაც დაგვემართა ეს უბედურება. 11 მაისს ჩვენი მეზობელი ტყიდან მოდიოდა ცხენით, ცხენს ფეხი ტალახში ჩაეფლო და ახალგაზრდა კაცი, ოთხი შვილის მამა, წყალმა წაიღო. მოვარდნილმა ნიაღვარმა წამართვა საქონელი, ნათესები დამიტბორა. წლებია, ვიბრძვით საცხოვრებელი პირობებისთვის, მისამართიც კი არ გვაქვს, არადა, მხოლოდ ამ ქუჩაზე 850 ოჯახი ვცხოვრობთ. კარგია, სააკაშვილი რომ ქალაქებს ალამაზებს, მაგრამ ჯერ ჩვენ მოგვხედოს, ვიხოცებით.
მანანა ქირქია, 43 წლის:
- 2 ავადმყოფი შვილი მყავს, 24 წლის ბიჭს ცერებრული დამბლა აქვს, 8 წლის ბიჭი კი ვერ ლაპარაკობს. საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. კვირიდან კვირამდე არ გვაქვს წყალი, როგორც კი გაწვიმდება, სახლშიც ისე წვიმს, როგორც ქუჩაში. ვიყავით გამგეობაში და გვითხრეს, ეს კერძო დასახლებაა და თვითონვე უნდა მოაგვაროთ პრობლემები, სტატუსი არ გაქვთო. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში უწყლოდ, უშუქოდ და უმისამართოდ ცხოვრება? შარშან, როცა გზაზე ხრეში დაყარეს, ვიბრძოლეთ, რომ პატარა არხი გაეყვანათ, მაგრამ არ გააკეთეს. როდესაც გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ივანე ნინიკელაშვილს მივმართეთ, გვითხრა: რა წყალს ითხოვთ, სტატუსი არ გაქვთ, ამოვალ და ბულდოზერით გადაგივლითო.
ნინო ბოკუჩავა, 44 წლის:
- უმძიმეს პირობებში ვცხოვრობ 5 მცირეწლოვანი შვილის დედა. წყალი რამდენიმე კილომეტრიდან მოგვაქვს. შუქი რომ შემომეყვანა, 250 ლარი გადავიხადე. 12 მაისის წყალდიდობის შემდეგ ხალხი ძალიან ცუდად გახდა, მაგრამ ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა ამოვიდა და ვერც სამაშველო სამსახურის.
ვცადეთ, საკითხი თბილისის მერიაში გაგვერკვია, მაგრამ პრესცენტრში განგვიცხადეს, თათბირია და მოგვიანებით გიპასუხებთო. ამის შემდეგ რამდენჯერმე დავრეკეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ თათბირს ვერ სწყდებიან. ამიტომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დავუკავშირდით.
ლია დარახველიძე, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის პრესცენტრის წარმომადგენელი:
- ვიცით ამ დასახლებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ველოდებით გამოდარებას, რის შემდეგაც ეტაპობრივად გაკეთდება გზა და აღმოიფხვრება ყველა პრობლემა. იქ მოსახლეობას შარშანაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა, რის შემდეგაც გზა გავაკეთეთ.
- ხრეში კი დაყარეთ, მაგრამ ამ დასახლებაში არ არსებობს სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები....
- ეს ტერიტორია ახლა შემოუერთდა ქალაქს, აქამდე საცხოვრებლად არ იყო გათვლილი, საბაღე ადგილი იყო. ეს ადამიანები თვითონ ჩასახლდნენ იქ. მათ თანდათან ექნებათ საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემებიც და გზაც. ასევე, შეგვყავს გაზი და წყალი.
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)