ლუკა კურტანიძე: "მე შარშან, 26 მაისს ქართველებმა მომკლეს"

ლუკა კურტანიძე: "მე შარშან, 26 მაისს ქართველებმა მომკლეს"

"დაზარალებული კი არა, დასახიჩრებული ვარ. მე შარშან, 26 მაისს გარდავიცვალე", - მეუბნება მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, რომელიც შეხვედრაზე იმ პირობით დამთანხმდა, რომ ხალხისაგან მოშორებით ჩაგვეწერა ინტერვიუ, ხალხმრავალ ადგილას მიმძიმს ყოფნაო:

- რაც დრო გადის, სიმარტოვეში მეტ სიმშვიდეს ვპოულობ. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რაც გადავიტანე და რაც ხდება საზოგადოდ. ჩემი ცხოვრება 2011 წლის 26 მაისის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. რაც უფრო ახლოვდება ამ თარიღის წლისთავი, უფრო მიმძაფრდება განცდა. მე მაშინ სულიერად დამასახიჩრეს, ლუკა კურტანიძე იმ დღეს გარდაიცვალა. ახლა სხვა ადამიანი ვარ. ახლა ნაკლებად ფერადად მეჩვენება ეს ქვეყანა. ლუკა კურტანიძე იმ დღეს ქართველებმა მოკლეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამ ხელისუფლების ტაქტიკაა, - რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით სამაგალითოდ უნდა დასაჯოს, რომ ამ გზით რაც შეიძლება ხალხის დიდი მასა გააკონტროლონ.

იმ დღეს ბევრი დასახიჩრდა სულიერად, როდესაც ჩვენივე თანამემამულეები მოღალატეებს გვეძახდნენ. ხელისუფლების მონებმა იმ დღეს ადამიანობის ზღვარს გადააბიჯეს.

წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ ქართველები ასე გაგვიმეტებდნენ. როდესაც მარტო ვრჩები, ვაანალიზებ ჩემს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და უფრო მიმძაფრდება ამ უსამართლობასთან შეურიგებლობის განცდა. ამ მარტოობაში ვცდილობ გავძლიერდე და შევძლო ბრძოლა სამართლიანობისთვის. ვცდილობ ჩავიხშო მრისხანება, რომელიც ძალას წამართმევს და ვიპოვო ისეთი ძალა, რაც შემაძლებინებს უსამართლობასთან ბრძოლას. ეს ვითარება თუ არ შეიცვალა, ერში ვეღარ ვხედავ ჩემს ადგილს. ალბათ, ღვთის მსახურებაში ვიპოვი ნუგეშს, ბერად აღკვეცაზე ვფიქრობ. ყოველთვის ასე იყო, - როცა მიზანს დავისახავდი, დიდხანს მივდიოდი ამ მიზნისკენ და შრომის, დიდი ძალისხმევის ფასად ვაღწევდი. ღვთისკენ ჯერ ბევრი ნაბიჯი არ გადამიდგამს, მაგრამ რაც გადავდგი, ყველა მყარია. უმეტეს დროს მონასტრებში ვატარებ შიომღვიმეში, ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა მონასტერში დავდივარ. შვილები (6 შვილი მყავს) და მეუღლე ხშირად მაკითხავენ და მამხნევებენ.

ახლობლები მეკითხებიან, მონასტრულ ცხოვრებას აპირებო? მაგრამ მე ჯერ კიდევ საბრძოლი მაქვს ერში. თავს არ შევადარებ, მაგრამ როდესაც სამშობლოს გაუჭირდა, თორნიკე ერისთავმა გაიხადა ბერის სამოსი, ხმალს მოჰკიდა ხელი და მტრის მოქნეულ ხმალს ხმლით დახვდა. ამასვე გავიმეორებ. ვისაც სისხლი სწყურია, სისხლს მიიღებს, ვისაც სიყვარული - სიყვარულს. ვინც ჩემთვის მოყენებულ ტკივილს მოინანიებს, ვაპატიებ, მაგრამ სინანული, ჯერჯერობით, არავისთვის შემიტყვია..

- 26 მაისს რა ღონისძიებას გეგმავს "სახალხო კრება"?

- გარდაცვლილებისთვის სამებაში პანაშვიდს გადავიხდით, ცოცხალთათვის კი - პარაკლისს. 4 კაცი 26 მაისის ღამეს დაიღუპა, შეურაცხყოფის, სულიერი და ფიზიკური დასახიჩრებისაგან კი მოგვიანებით - სამი. ჩვენ იმ გარდაცვლილი პოლიციელის სულისთვისაც ვილოცებთ, რომლის სიკვდილიც მომიტინგეებს დაჰბრალდათ.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა