კონტროლის პალატა საქართველოს რეგიონებში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კომპანია "გლობალ TV"-ს ტექნკური საშუალებებისა და პერსონალის პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას სწავლობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურიდან აცნობეს, ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მედიით ვრცელდება.
"კერძოდ, კომპანიის მენეჯერები იმავდროულად რეგიონულ და რაიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ ("ქართული ოცნების" თელავის რაიონის ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაზა დევიძის განცხადება). ასევე, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური "გლობალ-TV"-ს საქმიანობასა და "ქართული ოცნების" და მის საარჩევნო მიზნებს შორის კავშირზე საჯაროდ საუბრობს. აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას "ქართული ოცნების" ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ; "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტები კი ამავე კომპანიის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობდნენ მოქალაქეებს. ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვას", - ნათქვამია განცხადებაში.
მონიტორინგის სამსახური აქვე განმარტავს, რომ მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, არ უკავშირდება ზემოაღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია.