პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ახალ თაობას ხელისუფლების გადაბარებას 7-10 წელიწადში პირდება. როგორც დავით ბაქრაძემ ახალგაზრდულ პარლამენტთან შეხვედრისას განაცხადა, არის ქვეყანაში პოლიტიკური კლასი, რომელიც რეალურად ამ ქვეყნის გუშინდელი დღეა და არ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად, 20 და 25 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, ჰქონდეთ პრეტენზია, რომ იყვნენ და წარმოადგენდნენ ამ ქვეყნის მომავალს.
მისივე თქმით, 25 წლის მანძილზე ადამიანი პოლიტიკაში, უბრალოდ ცვდება მორალურადაც, ღირებულებებითაც და ცოდნითაც. ამიტომ, ბაქრაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში მუდმივად ახალი თაობა უნდა მოდიოდეს.
"როდესაც ვიგრძნობ, რომ ვადა გაგვივიდა, ნამდვილად წავალთ და თაობა, რომელსაც ეს ქვეყანა უნდა გადავაბაროთ, თქვენ ხართ, ვინც თავისუფალი, პატრიოტული მენტალიტეტით მოდის", - მიმართა ბაქრაზემ ახალგაზრულ პარლამენტს.
მისივე განცხადებით, როცა ამბობს, რომ ამ ახალგაზრდების თაობა ჩაიბარებს და გადაიბარებს ხელისუფლებას, ამას 30 და 40 წლის პერსპექტივით არ ლაპარაკობს.
პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების გადაბარება ახალი თაობისთვის, შეიძლება მოხდეს სულ რაღაც 7, 8, 10 წელიწადში.
"ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის. ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ უნდა იყოთ თაობა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს და, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ძალიან ბევრ იმ რეფორმას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ", - დასძინა ბაქრაძემ.