ზუსტად ერთი წლის წინ, 26 მაისის აქციის დარბევის მეორე დღეს, მეტროპოლიტენის სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი იყო "მაღალი ძაბვის ელექტროსადენებთან შეხება". სამინისტროს გარდაცვლილთა გვარები არ უხსენებია, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი 49 წლის თბილისელი ნიკა კვინტრაძე და ვანის მკვიდრი, "სახალხო კრების" წევრი, 62 წლის სულიკო ასათიანი იყვნენ. სამართალდამცველები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ცხედრები მაღაზიის სახურავზე იპოვეს, თუმცა კვინტრაძის ახლობელთა თქმით, გვამი, რომელსაც ბორკილი ედო, "შემთხვევის ადგილას" პროზექტურიდან მიიტანეს.
მოგვიანებით ტელეგადაცემა "კვირის რეპორტაჟმა" გაავრცელა 26 მაისის აქციის დარბევის კადრი, რომელზეც კვინტრაძე რამდენიმე დასისხლიანებულ მამაკაცთან ერთად ასფალტზე პირქვედამხობილი წევს და ხელებზე ბორკილი აქვს დადებული. ნიკა კვინტრაძის მამა შვილის ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახი დღემდე დუმილს ამჯობინებს და ჟურნალისტებთან კონტაქტს გაურბის. ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა, სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა და პროკურატურას საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართა, თუმცა საქმე არ აღძრულა - ძალოვანები დღემდე ამტკიცებენ, რომ ორი მამაკაცი მაღალი ძაბვის სადენებთან შეხების გამო დაიღუპა. თამთა მიქელაძე, საია-ს იურისტი:
- ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გასული წლის 17 აგვისტოს ბრიტანულ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს (DABS Fingerprintss/Forensics LTD) მივმართეთ და ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ექსპერტიზა შევუკვეთეთ. ფოტო და ვიდეომასალაზე აღბეჭდილი პირის იდენტიფიკაციის მიზნით, საია-მ ექსპერტ კენეტ ლინჯს გაუგზავნა "რუსთავი 2-ის" სატელევიზიო ეთერში გასული ვიდეომასალა და ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო. აგრეთვე, გაიგზავნა ნიკა კვინტრაძის საპასპორტო და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საპასპორტო, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ ფოტოებსა და "რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ ვიდეომასალაში გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეომასალაში მონტაჟის ნიშნები და დაადგინა, რომ ვიდეომასალასა და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა რაკურსით არის გადაღებული. ფოტოექსპერტიზის დასკვნა ეჭვს აჩენს შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის მიმართ, თითქოსდა, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი მარკეტის სახურავზე დენის დარტყმით გარდაიცვალნენ.
იმ ვითარებაში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის მომენტში პოლიციას ჰყავდა დაკავებული (ვიდეო და ფოტომასალაში ჩანს, რომ მას ბორკილი ადევს) და ამ ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებდა 26 მაისის ღამის და აღლუმის მიმდინარეობის განმავლობაში, სადავოა, როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ მამაკაცები მეტროპოლიტენის სადგურთან მდებარე მარკეტის სახურავზე. საია-მ ასევე მოიპოვა მოწმის ახსნა-განმარტება, რომელიც 26 მაისს აქციის დაშლისას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმალებოდა და 26 მაისს, დილით, ეს ტერიტორია სწორედ ამ მარკეტის სახურავიდან დატოვა. მოწმე თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ იქ გვამი არ უნახავს.
ფოტოექსპერტიზის დასკვნა აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციამ დააკავა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ აქციის დაშლისას პოლიციამ აშკარად გადაამეტა ძალას, ჩნდება ეჭვი, რომ ნიკა კვინტრაძის სიკვდილი პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ნიკა კვინტრაძის დაკავების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უნდა დაკისრებოდა.
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)